(Exclusive) რა ხდება საოკუპაციო ხაზთან - უახლესი ინფორმაცია თვითმხილველისგან

14:58 08-24-2017
744

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთი კოორდინატორი ირაკლი საჯაია აცხადებს, რომ ამჟამად ოკუპირებულ ხაზთან, სიმშვიდეა. როგორც საჯაიამ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, წვრთნები მორჩა, ტექნიკა გაიყვანეს ადგილიდან და მხოლოდ ერთი საზენიტო დანადგარიღაა დარჩენილი.

მისი თქმით, ადგილზე ჯერჯერობით არ მისულან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

"დანარჩენი ნაღმტყორცნები გადაიტანეს სხვადასხვა მიამრთულებით. ორჭოსანის ბაზაში ეს ტექნიკა არ შესულა, ეს ერთეული გადავიდა ახალგორის შემოვლითი გზიდან ახალგორისკენ და დანარჩენი ორი, სავარაუდოდ, ახალგორისკენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმა. დაახლოებით ორი ოცეული იქნებოდა, ასეულიც არ იქნებოდა. გამოყვანილი ჰყავდათ საზენიტო და საარტილერიო ნაღმტყროცნები, ისროდნენ ტყის მიმართულებით. აფეთქებების ხმა კარგად ისმოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში, სავარაუდოდ წვრთნებს გადიოდნენ. ხანძარი იყო, თუმცა მალევე ჩაქვრა", - განაცხადა საჯაიამ.

"ძალა ერთობაშია"-ს კოორდინატორი გამორიცხავს, რომ ოკუპანტების მიერ ჩატარებული წვრთნები ხანძრის გაჩენას ემსახურებოდა. 

სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორჭოსანის ბაზაზე რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ, გამოიყვანეს გარკვეული ტექნიკა, იყო სროლა, რის გამოც ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. 
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე