10 ადამიანი დაკავებულია, ორი კი საავადმყოფოში, - ასე მიულოცა კონსტიტუციის დღე სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ“ მოშიმშილეებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში ითხოვდნენ კონსტიტუციით გარანტირებული მთავარი ნორმების - შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების დაცვას, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ავრცელებს.
ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და რკინიგზელების პრობლემის თაობაზე „დუმილის დარღვევას სთხოვს“.
ირაკლი პეტრიაშვილი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას ტოვებს იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან „გულწრფელი დიალოგის სურვილი არ იქნება“.
„არც ამ ხნის განმავლობაში და არც ადრე, როდესაც თქვენ ინფორმირებული იყავით იმ უმსგავსობის შესახებ, რაც ხდება რკინიგზაში, ქვეყნის მთავრობას და პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთხელაც არ გამოგიხატავთ სურვილი შეხვედროდით სოციალური პარტნიორობის მხარეს, პროფკავშირს და მათგან მოგესმინათ კონფლიქტის რეალური მიზეზი რკინიგზაში.
ნაციონალურ დონეზე დიალოგის და სოციალური პარტნიორობის არ არსებობა - კაზრეთის ოქროსმომპოვებელ კომპანია RMG Gold-თან და RMG cooper-თან, სს „საქართველოს ფოსტასთან“, კორპორაცია „ევექსთან“ და იქ დასაქმებულებთან, ასევე „საქართველოს ბანკის“ ქმედებები აფიქრებინებს დამსაქმებელს, რომ ბიზნესის დიქტატი დასაქმებულებზე ნორმაა. სხვადასხვა მსხვილი კომპანიები და მათ შორის რაღა თქმა უნდა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია, აღნიშულ მოცემულობას სათავისოდ იყენებს, ნორმად იღებს და ხალხს 10 დღის განმავლობაში საქართველოში აშიმშილებს დიალოგის მოთხოვნით.
ნაცვლად რეალური ქმედებებისა, ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვიღებდით სახელმწიფო კომპანიისაგან ცეცხლზე ნავთის დასხმას და აბსოლუტურად არაადეკვატურ, შეურაცხმყოფელ და დისკრედიტაციულ განცხადებებს - თითქოს მოშიმშილეები არიან მართული მატერიალური ინტერესების სანაცვლოდ საქართველოს პროფკავშირებისგან (სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარისგან). აღნიშნულმა ბრალდებებმა უფრო გაამძაფრა რკინიგზელების პროტესტი და შეურაცხყო მათი გულწრფელი და ადეკვატური დამოკიდებულება იმ ამაზრზენი მართვის გამო, რომელსაც წლების მანძილზე ახორციელებს რკინიგზის მენეჯმენტი.
სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ დასაქმებულებს, მოქალაქეებს დამოუკიდებლად, პიროვნულად აქვთ აზრის გამოთქმის, გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ყველა მათსავით „ჭური არ არის რასაც ჩასძახებ ის ამოგძახოს“ - ფინანსური ინტერესებს სანაცვლოდ.
სამმხრივი კომისიის უმოქმედობა, ასევე თქვენი როგორც სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დუმილი, (მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის სახით მთელი საქართველო და პროფკავშირები ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე) სახელმწიფო კომპანიის მხრიდან განხორციელებულ უმსგავსო ქმედებებზე, ჩვენის მხრიდან აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიციის გამოხატულება.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია და დიალოგი ჩვენთვის არის ქვეყნის ჰარმონიულად განვითარების საშუალება და არა ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის თვალის ახვევა, თითქოს ქვეყანაში მთავარი ევროპული ღირებულება - სოციალური დიალოგი და პარტნიორობა დაცულია.
ჩვენდა სამწუხაროდ, ვტოვებთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, იმ დრომდე ვიდრე არ დავინახავთ გულწრფელი დიალოგის სურვილს ხელისუფლების მხრიდან.
თქვენი ეკონომიკის მინისტრობის დროს გაკეთებული განცხადება კი, რომ რკინიგზაში კონფლიქტი არის კომუნიკაციის და დიალოგის არ არსებობის ბრალი, სამწუხაროდ, დღესაც დღის წესრიგშია, როგორც რკინიგზაში ასევე ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნულია ირაკლი პეტრიაშვილის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში.