საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ხეობაში განთავსებული სომეხი მეხანძრე-მაშველების ბანაკში მივიდა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისინი საქართველოში ქვეყნისთვის მძიმე დღეებში ჩამოვიდნენ და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
"თქვენ, ჩვენს ბიჭებთან ერთად, ებრძოდით ამ ხანძარს და იბრძოლეთ თავდაუზოგავად და წარმატებულად. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძმური დახმარებისთვის. ვაფასებთ ყველაფერს რაც გააკეთეთ"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ ხალხს, სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
სომხეთის საგანგებო სიტუაციის სამინისტრომ, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დასახმარებლად, 4 ერთეული მაღალი გამავლობის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 9 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, 65 მეხანძრე-მაშველი გამოაგზავნა.