ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება.
ის 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას იხსენებს და ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ დაგვიანებული რეაგირებისთვის შესაბამისი პირები დასაჯონ.
"იმედია ახლა არის ამის დრო და 13 ივნისს არ გავიმეორებთ. როცა ყურადღება სახალხო სოლიდარობაზე გადავიტანეთ. როცა, ლამის სახალხო ზეიმად ვაქციეთ ტრაგედია და დღემდე არავინ დასჯილა დაგვიანებულ რეაგირებაზე.
დიახ! ხალხი დაიხოცა 13 ივნისს იმიტომ რომ ნარმანიამ რეაგირება დააგვიანა! რუსთავი 2-მა გაავრცელა მასალა, როცა დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალაქეებს, ქალაქის მერი "პანიკისთვის" საყვედურობს! მაშინ ვამბობდით "რა დროს ამ მასალის ეთერში გაშვების დრო იყო" რა დროს რეაგირებაზე საუბარია" რა დროს ხელისუფლების კრიტიკაა" "უნდა გავერთიანდეთ".
დავიკავეთ ყველამ ნიჩბები და გავედით ქუჩაში იმიტომ, რომ ხელისუფლება უუნარო იყო და ზუსტად ვიცოდით, პარალიზებულ ქალაქს ვერ გაწმენდდა. ან, ამას გააკეთებდა ძალიან გვიან. ჩვენ კიდევ გზის გახსნა გვეჩქარებოდა.
გაქცეული ცხოველებიც კი ვერ დათვალეს. ზღაპარივით ამბავი მოხდა, სამსახურში მისული მუშა, 21- ე საუკუნეში ვეფხვმა შეჭამა. მაშინ, როცა მთელი შსს ეძებდა ცხოველს.
დღესაც ვამბობთ რომ ამის დრო არაა და უწყინარმა "ცეცხლმა", რომლის შესახებაც ბავშვებმა შეატყობინეს 112-ს, გადაწვა რეგიონი.
ზარალი მილიონებია!
და ეს მოხდა იმიტომ რომ ხელისუფლებამ ისევ რეაგირება დააგვიანა. რეგიონში ჩასვლა დააგვიანა, ჯარის გამოყვანა დააგვიანა, მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა დააგვიანა.
ვიდეოს დავდებ კომენტარებში და თავად ნახეთ, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება და მოვრჩეთ ამ გაურკვეველ "მორალისტობას". მართლა არაა ახლა ამის დრო.
დროა უკვე გვიპასუხონ, რატომ დააგვიანეს რეაგირება 13 ივნისს და რატომ განმეორდა იგივე 20 აგვისტოს! ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემის დროა!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.