შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარია პილოტები არიან ჯანმრთელები.
მისი ინფორმაციით, ეს ის ბორტია, რომელმაც 600-მდე შემოფრენა გააკეთა ამ რამოდენიმე დღის განმავლობაშ და 600ჯერ დაასხა წყალი სხვადასხვა კერას.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები გმირები არიან და მათ დღეს კიდევ დაამტკიცეს თავიანთი გმირობა, რომ არ დაიბნენ და დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან. რაც მთავარია ჩემთვის, სამივე პილოტი არის ჯანმრთელი და მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება იმას , თუ რამდენად არის შესაძლებელი ვერტმფრენის აღდგენა, ამის შესახებ მინისტრს პროგნოზის გაკეთება უჭირს. როგორც ის ამბობს, ამას დარგის ექსპერტები დაადგენენ.