ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ ავზთან, სადაც წყლის აღების დროს, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა, დილიდან მძიმე ტექნიკა მუშაობს.
დაგუბებული წყლის ნაწილი გაუშვეს და ვერტმფრენის ამოსატანად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია ის მანქანებიც, რომლებითაც, სავარაუდოდ, ვერტმფრენს თბილისში გადაიტანენ.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერტმფრენს, რომელმაც ბორჯომის ხეობაში ავარიული დაშვება განახორციელა. წყლიდან ამოტანის შემდეგ სპეცტექნიკით თბილისში გადაიტანენ, სადაც სპეციალური ექსპერტიზები დაინიშნება.