„ქართული ოცნების“ ოპოზიციასთან მოლაპარაკება ჩაიშალა

10:28 08-28-2017
146

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

 

 

ვენეციის კომისიაში შეხვედრა აღარ გაიმართება, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით შეთანხება ვერ შედგა. ასეც იყო მოსალოდნელი. ახლა ორივე მხარე ერთმანეთს უყენებს ბრალდებებს, თუმცა, ჩვენთვის ეს საინტერესო აღარ არის. მთავარია, რომ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში ჯერ არც გამბედაობა და არც ჭკუა არ ჰყოფნით იმისთვის გონივრულ შეთანხმებამდე მივიდნენ. ოპოზიციამ რადიკალური პოზიცია შეინარჩუნა ბოლომდე, ხელისუფლებას ახლა მოუწევს, კონსტიტუცია მაჟორიტარებთან ერთად მიიღოს.

მესამე მოსმენით დოკუმენტს უკვე სექტემბრის მეორე ნახევარში მიიღებენ, შემდეგ კი „მეოთხე“ მოსმენა დაიგეგმება – ეს უკვე მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პრეზიდენტისთვის გადაგზავნილ დოკუმენტს ვეტოს დაადებს – პარლამენტი კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რომ ვეტო დაძლიოს.


უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების თვითმიზანი  კონსენსუსის არარსებობაა:
„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა დიალოგის განახლება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. 18 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის.

შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით ეთხოვათ იმ საკითხების ამომწურავი სიის წარდგენა, რომელთა კონსტიტუციაში არასახვის შემთხვევაში, შესაბამისი პარტია მხარს არ დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნებოდა ამ პარტიის მხარდაჭერა. 


ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ოპოზიციური პარტიები კონსტრუქციულად მიუდგებოდნენ დიალოგის პროცესს და რაციონალურად განსაზღვრავდნენ იმ საკითხს ან საკითხებს, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, ოპოზიციური პარტიებისგან ვერ მივიღეთ ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა, მეტიც, ამის ნაცვლად, მათ წერილობით წარმოადგინეს 4 ულტიმატუმი, რომელთა გათვალისწინების პირობებშიც კი, ისინი არ გამოხატავენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნას. აღნიშნული 4 ულტიმატუმი მათ წარმოადგინეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად. 


ცხადია, ოპოზიციის ამგვარი მიდგომა კონტრპროდუქტიულია და გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების თვითმიზანია კონსტრუქციული დიალოგისა და კონსენსუსის არარსებობა.
იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიები ულტიმატუმს აყენებენ მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის დაწყების წინაპირობად და არ წარმოუდგენიათ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შეუძლებელია დისკუსიის წარმოება საპარლამენტო უმრავლესობაში და შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება ოპოზიციასთან“, – აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.


ოპოზიცია არ მალავდა, რომ მათ არ ჰქონდათ ერთიანი პოზიცია მთელ რიგ საკითხებში – ზოგი საარჩევნო ბარიერის განულებით იყო დაინტერესებული, ზოგი ბლოკების არსებობით, ზოგი ბონუსების სისტემის შეცვლით და ზოგიც საპრეზიდენტო არჩევნებით. თუმცა, ოპოზიციამ მოახერხა მის შიგნით უთანხმოების შენიღბვა და თითის „ქართული ოცნებისკენ“ გაშვერა, – არ მოდიან მოლაპარაკებაზეო.


რეალურად „პრაიმტაიმთან“ საუბარში გიორგი ახვლედიანმა დაადასტურა, რომ შეთანხმება მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზეა მიღწეული. სხვა საკითხებზე, მისივე თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებებს გამართავს.


რომან გოცირიძის განმარტებით: 
„ოპოზიციამ იმოქმედა აბსოლუტურად გონივრულად. აჩვენა მთელ ქვეყანას, რომ ამ საკითხებზე ოპოზიცია არის ერთსულოვანი და ხელისუფლებამ ვერ შეძლო განხეთქილების შეტანა. მათი აზრით, ზოგიერთი პარტიისთვის მომხიბვლელი წინადადებები გაახმაურეს და ეგონათ, რომ ამ ანკესზე წამოეგებოდა ოპოზიცია.

შეხვედრაზე, რომელზეც ხელისუფლება ფიქრობდა, რომ შეძლებდა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას, პირიქით, დაინახეს, რომ ოპოზიცია დღეს, როგორც არასდროს, ერთსულოვანია და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ხელისუფლებას უნდოდა, ვენეციის კომისიაში შეხვედრის წინ შეექმნა ილუზია მოლაპარაკებების და კომპრომისების, თუმცა მოხდა პირიქით.ეს რეალურად არის მათი მხრიდან მარცხის აღიარება, რომელიც არ მოიტანს კარგ შედეგებს“.

 

ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას, უბრალოდ, გამოცდილება არ აქვს და მან ოპოზიციასთან მოლაპარაკება ვერ შეძლო. 


მმართველი პარტიის მოკავშირე საკონსტიტუციო საკითხებში ან ოპოზიცია უნდა ყოფილიყო ან მაჟორიტარები, სხვაგვარად ისინი რეფორმას ვერ გაატარებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან სწორება სწორედ პარტიებზე გააკეთა – ის თანახმა იყო, მაჟორიტარული სისტემა გაეუქმებინა, თუმცა, ოპოზიციამ კონსტიტუციის მხარდაჭერაზე მაინც უარი თქვა. უფრო ადრე კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2020 წლიდან. სწორედ ამის წყალობით მომავალი არჩევნები ისევ ძველ ფორმატში ჩატარდება და სწორედ ამის გამო სახელისუფლებო პარტიას მოუწია მაჟორიტარებთან კონსენსუსის მიღწევა – ოპოზიცია თავისი რადიკალიზმის გამო, თანაც საარჩევნო მარათონზე, არანაირ კომპრომისზე არ წავიდოდა. 
არ არის გამორიცხული, მომავალ 2020 წლამდე კონსტიტუციაში ისევ შევიდეს ცვლილებები და ოპოზიციის გარკვეული ნაწილთან ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს.