ხანძრების ეპიდემია უკრაინასა და საქართველოში - ,,რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელწერას ძალიან ჰგავს"

10:46 08-28-2017
190

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

დივერსია, დაუდევრობა თუ ბუნებრივი აალება – ასეთია ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ირგვლივ არსებული ვერსიები, რომელზეც საბოლოო პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ დივერსიის ვერსიას ემხრობა, რასაც ამყარებს პარალელურ რეჟიმში ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მოულოდნელად გაჩენილი ხანძრის კერები. 

დივერსიის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ არც სახელისუფლებო გუნდში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ მიმართულებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მღებრიშვილის უწყებამ გამოძიების ფარგლებში ბორჯომის ხეობაში მყოფი ადგილობრივი დამსვენებლებისა და უცხოელი ტურისტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. 

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის პირი, ვინც ჩვენი ინტერესის ობიექტივში მოექცევა, გამოიკითხება“, – განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც არცერთი ვერსიის, მათ შორის დივერსიის შესაძლებლობა არ გამორიცხა. 

საოკუპაციო რეჟიმზე აკეთებენ მინიშნებას მმართველ გუნდშიც. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, გია ვოლსკის აეჭვებს ის გარემოება, რომ ხანძრების სერია დაიწყო საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ე.წ. ანტისახანძრო ხნულების გავლების შემდეგ. 

„ნაჩქარევი დასკვნები არაა მიზანშეწონილი, თუმცა დივერსიის რეალობაზე ფიქრის და შესაბამისი მოქმედებების საფუძველი რეალურად არსებობს! ასეთ დროს საზოგადოების ყურადღებაც მნიშვნელოვანია. ძალები საკმარისია, ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს გია ვოლსკი. 

გასული კვირის სახანძრო ეპიდემიამ ყველაზე საგანგაშო მასშტაბს ბორჯომის ხეობაში მიაღწია სწორედ იმ ადგილას, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაწვეს. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ მხარეს სტიქიასთან ბრძოლაში დახმარების შეთავაზებაზე უარი უთხრა. როგორც ცნობილია, რუსეთმა თავად გამოთქვა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის სურვილი სწორედ იმ ადგილას, რომელიც თავადვე გადაწვა 2008 წელს. 

უკავშირდება თუ არა ამჯერადაც რუსულ სპეცსამსახურებს ბორჯომის ხეობასა და ქვეყნის მასშტაბით არაერთ ადგილას საეჭვოდ გაჩენილი ხანძარი? ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა, ამ გზით რუსეთის სპეცსამსახურებმა ძალები მოსინჯეს. 

„ერთდროულად ამდენი ხანძარი უკვე ცდება ყველანაირი ალბათობის ლოგიკას. ამდენი დამთხვევა არ შეიძლება. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს რუსული სამხედრო დაზვერვის ხელწერას, რომელიც მუდმივად დაკავებულია დივერსიითა და საბოტაჟით. ამ დივერსიის მიზანი შეიძლება იყოს დატესტვა, ანუ ძალების მოსინჯვა, რამდენად მზად არის საქართველოს სახელმწიფო, მოიგერიოს აგრესია“, – აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. 

ის, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს ე.წ. გადამწვარი მიწის ტაქტიკას, კარგად გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინასა და სირიაშიც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ცენტრალური „ამერიკის შეერთებული შტატები არცერთ სამხედრო კონფლიქტში არასოდეს ისე არ მოქცეულა, რასაც რუსეთი აკეთებს“, – განაცხადა ბრენანმა.

მისი თქმით, ასეთ ქმედებებს შესაძლოა, „გადამწვარი მიწის ტაქტიკა“ ეწოდოს, რამაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. „გადამწვარი მიწის ტაქტიკა“ – ომის მეთოდია, რომელიც სამრეწველო, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად. 

ცნობილია, რომ ამ ტაქტიკას რუსეთი მიმართავს ძირითადად სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, როდესაც ოფიციალურად ფორმდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. სირიაშიც მოულოდნელი ხანძრები სწორედ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გასული წლის დასასრულს, სირიის მთავრობამ და შეიარაღებულმა ოპოზიციამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 
საქართველოში მიმდინარე სტიქიის პარალელურად მასშტაბურ ხანძარს ებრძოდნენ უკრაინელი მეხანძრეებიც. ჟიტომირის ოლქში ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლი 120 ჰექტარ ფართობს საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გაუჩნდა, ისევე როგორც პოლესკის ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიას, სადაც ხანძარმა ტყის მასივში იფეთქა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 229 ადამიანი და 43 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის მი-8 ტიპის ვერტმფრენი და ორი სახანძრო თვითმფრინავი. პარალელურად, ხანძარი მძვინვარებდა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც, კერძოდ, პავლოგრადსკის ტყეში.
უკვე რამდენიმე დღეა, სახლები და მინდვრები იწვის რუსების მიერ ოკუპირებულ დონბასშიც. უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის პრესოფიცერი ტარას გრენი ამბობს, რომ რუსი ბოევიკები აღმოსავლეთ უკრაინაში მიზანმიმართულად წვავენ მინდვრებსა და საცხოვრებელ სახლებს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ უარყოფითად განაწყონ.  
„რუსი ოკუპანტები გადამწვარი მიწის ტაქტიკას იყენებენ იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინის წინააღმდეგ განაწყონ“, – აცხადებს ტარას გრენი. 

მისი თქმით, განზრახ გაჩენილი ხანძარი ტერორისტების ახალი იარაღია.

„გასულ კვირას, საგრძნობლად შეიმჩნეოდა, პრორუსული მებრძოლების, საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკის შეცვლა. როგორც კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათი მუდმივი პროვოკაციული გამოსვლებით, აკრძალული იარაღით, სასურველ შედეგს ვერ მიიღებდნენ, მტერმა ცინიკურ მეთოდს მიმართა – გადაეწვა, აკრძალული საბრძოლო იარაღით მნიშვნელოვანი ადგილები და მინდვრები“, – ამბობს ტარას გრენი.
იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ ასეთ ტაქტიკას გერმანელები, მეორე მსოფლიო ომის დროს მიმართავდნენ.

„დიდი ხანია, მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება, დემარკაციის ხაზი, სადაც უამრავი გამხმარი ბალახი და ხეა. ისარგებლეს, დასავლეთის ქარით, რომელიც მუდამ ქრის და აფერხებს ჩვენს პოზიციებს. მტერი, ტყვიამფრქვევებით და ასაფეთქებელი მინებით, ცდილობს, გადაწვას  ჩვენი პუნქტები და მდელოები“, – აცხადებს ტარას გრენი.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსი ოკუპანტების ტაქტიკა, კიდევ უფრო ბარბაროსული გახდა, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

„რამდენიმე დღის განმავლობაში, ოკუპანტები, ზედიზედ ისვრიან დასახლებებში, რომლებიც განლაგებულია უკრაინულ მხარესთან ახლოს ან პირდაპირ სადემარკაციო ხაზთან. ასე რომ, დილით, 22 აგვისტოს, მხოლოდ სოფელ ჟოვანკაში, 19 საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელშიც თავის დროზე მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა“, – აღნიშნავს გრენი.
მისივე ინფორმაციით, „ხანძარი გრძელდება, პესკის დასახლებულ პუნქტშიც, სადაც დაახლოებით 50-მდე სახლი დაიწვა“.

რა მიზანს ემსახურება საქართველოში გაჩენილი ხანძრები, თუკი ჩავთვლით, რომ საქმე ნამდვილად რუსულ დივერსიასთან გვაქვს? უკრაინის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, ამ შემთხვევაშიც მიზანი საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობის შექმნა და რუსეთის დადებით კონტექსტში წარმოჩენა ყოფილიყო. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ბორჯომის სტიქიას მყისიერად გამოეხმაურა ჩვენი ჩრდილოელო მეზობელი და „დახმარების“ ხელიც გამოგვიწოდა, თუმცა შეთავაზებაზე უარი თქვა საქართველოს ხელისუფლებამ, რის გამოც ის, „პატრიოტთა ალიანსის“ კრიტიკის ობიექტი გახდა. მკითხველს აქვე უნდა შევახსენოთ, რომ ამ პარტიის ლიდერები აქტიურად ლობირებენ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენის იდეას. ამ მიზნით, პარტიის სამკაციანი დელეგაცია ცოტა ხნის წინ მოსკოვშიც იმყოფებოდა, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანალიტიკოსთა ნაწილი სახანძრო ეპიდემიას რუსულ დივერსიას უკავშირებს, თუმცა მეორე ნაწილი არც შიდა ძალების მიზანმიმართულ ქმედებას გამორიცხავს. მიზანი ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობის შექმნაა. დაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მრჩეველი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი „შიდა მავნებლობას“ უკავშირდებოდეს. 

ამირან სალუქვაძე, ბრიგადის გენერალი:
„არაფერია გამორიცხული. კონკრეტული დასკვნები გამოძიებამ უნდა გააკეთოს. ჩვენ ამ ეტაპზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, კითხვები იბადება, როცა რამდენიმე ადგილას ერთდროულად ხანძარი ჩნდება, განსაკუთრებით, როცა ქალაქის ფარგლებში რაღაც პატარა ბაღი იწვის, რომელსაც ბუნებრივად სიცხის გამო ცეცხლი, წესით, არ უნდა მოჰკიდებოდა. თუ ცეცხლის კერები, ან მათი ნაწილი ადამიანის ჩარევით გაჩნდა, გასარკვევია, რა მიზნით მოხდა ეს დანაშაული, ეს იყო უბრალო მავნებლობა, იყო დაუდევრობა, მაგალითად, ნამწვის დაგდება, თუ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. პოლიტიკურ მიზნებში მთავრობის დისკრედიტაციას ვგულისხმობ, როცა სამთავრობო რესურსები არასაკმარისი ხდება კრიზისთან გასამკლავებლად. თუ ასეთ რაიმეს ჰქონდა ადგილი, ასევე, გასარკვევია, შიდა ძალების ინტერესებს ემსახურებოდა ეს ვანდალიზმი თუ გარე ძალებიც იყო ჩარეული. თუმცა, ისე არ მოხდეს, რომ დამნაშავე გარეთ ვეძებოთ და შემდეგ ვერ დავამტკიცოთ ან შიდა ძალების განხორციელებული აღმოჩნდეს, ან სულაც ბუნებრივად იყოს გაჩენილი. რა თქმა უნდა, 2008 წელს ტყის დაბომბვა კასეტური ბომბებით ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა იყო და ადამიანურ საზღვრებს სცდებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, ტყეში სამხედროები აფარებდნენ თავს თუ მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალები, მოხუცები, ბავშვები. რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, არ ვიცი, ერთი მხრივ, ცეცხლი მოუკიდო, მეორე მხრივ, დახმარება შესთავაზო, გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ ცრუ აჟიოტაჟი ავტეხოთ და შემდეგ ჩვენი აჟიოტაჟის მძევლებად ვიქცეთ. ამ დროს რეალური დამნაშავე გადაიფაროს. გამოძიებას დაველოდოთ“.