ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადადის. პირველ სექტემბერს ჩანიშნულ პროცესზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საბოლოო, შემაჯამებელ სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბირო ოთახში გავა და საუკუნის სკანდალად შერაცხულ საქმეზე ვერდიქტს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს, მანამდე კი „პრაიმტაიმი“ შეეცადა, გაერკვია მხარეთა მოლოდინები.
გიორგი მამალაძის ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ ბრალდებული დეკანოზი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდება. საპატრიარქოსთან დაახლოებული უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე კი გამამტყუნებელ ვერდიქტს ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ეჭვი შეაქვს გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში, რომლის თანახმადაც გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ამზადებდა.
ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ციანიდით უშუალოდ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. უფრო მეტიც, მისი ინფორმაციით, მომწამლავი ნივთიერება მის უწმინდესობას შორენა თეთრუაშვილის ხელით უნდა მიეღო, რაც პატრიარქის გარდაცვალებასა და თეთრუაშვილის ფსიქიკურ აშლილობას გამოიწვევდა.
ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:
– დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მამალაძის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები და ის მტკიცებულებები, რომელიც საჯარო გახდა საზოგადოებისთვის, ადასტურებს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ეძებდა ციანიდს კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ამას რამდენიმე გარემოება ადასტურებს: ერთი ის, რომ ციანიდს ის პირდაპირ კი არ სთხოვს ირაკლი მამალაძეს, არამედ ფურცელზე უწერს და ისე აძლევს. თუ ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა, რაში სჭირდებოდა ჩუმად გადაცემა ხომ?! გარდა ამისა, ამ ჩანაწერში ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ეს ნივთიერება შეიძლება შაქარზე განეიტრალდესო, რაზეც დეკანოზი პასუხობს – არა, ეს მე მჭირდება ადამიანისთვის, რომელიც შაქარს არ იღებსო. ანუ ციანიდი ადამიანისთვის სჭირდებოდა და არა რაიმე სხვა მიზნით. ზუსტად იცოდა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვისზეც ჰქონდათ გათვლა. მე, უბრალოდ, არ ვემხრობი პროკურატურის ვერსიას, რომ სამიზნე იყო შორენა თეთრუაშვილი, რადგან ადამიანი, ვინც ტკბილს არ ჭამს, ეს არის პატრიარქი და არა შორენა.
– თუმცა ოფიციალურად, დეკანოზს ბრალი აქვს წარდგენილი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის... შესაბამისად, სასამართლოც ამ მოცემულობიდან მსჯელობს ხომ? თუკი თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ თეთრუაშვილის მკვლელობის ვერსიას, მაშინ რატომღა ხართ დარწმუნებული, რომ მოსამართლე გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს...
– ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი დანაშაული, განურჩევლად სახელისა და გვარისა, თუმცა ამ შემთხვევაში, ცხადია, ამასაც აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ მომწამლავი ნივთიერება დეკანოზს სჭირდებოდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დასჯადი ქმედება, მაგრამ ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ეს იყო გამიზნული პატრიარქის ლიკვიდაციისთვის, რაც ნიშნავს მთლიანად ეკლესიასა და ქვეყანაზე შეტევას. აი, ეს გახლდათ საბოლოო მიზანი ამ საქმის.
– რა ინტერესი უნდა ჰქონოდა გიორგი მამალაძეს, რომ ისედაც ასაკში მყოფი პატრიარქისთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა?
– პირადად მას, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლები ინტერესი ჰქონდა. ის გახლდათ ყველაზე დაბალი რგოლი ამ დიდ საქმეში. მას პიროვნული ინტერესი არ შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც ეს სიბინძურე დაუკვეთეს, ჰპირდებოდნენ გარკვეულ სარგებელს და როგორც თავადვე ამბობს იმ ჩანაწერებში, იერარქიულ წინსვლას. ამ ჩანაწერებში კონკრეტულ თანამდებობებსაც ასახელებს, რასაც საპატრიარქოში ჰპირდებოდნენ. ის ყოველთვის საუბრობს მრავლობით რიცხვში, თუმცა გამოძიებას, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ დაუსახელებია მისი თანამზრახველები.
– გამოძიებით კონკრეტული წრე ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ, თქვენი ვარაუდით, ვისზეა საუბარი?
– გამოკვეთილად ვინც თავის პოზიციებს არ მალავდა, ეს იყო მეუფე პეტრე. ის ვერც კი მალავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას საპატრიარქოს მიმართ. მართალია, მაქსიმალურად ცდილობს, უშუალოდ პატრიარქის კრიტიკისგან თავი შეიკავოს, მაგრამ ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ირიბად სწორედ პატრიარქს ურტყამს. დღემდე ამტკიცებს, რომ თურმე ეკლესიას მართავს არა მისი უწმინდესობა, არამედ შორენა თეთრუაშვილი. აქედან გამომდინარე, ღრმა ეჭვი მაქვს, რომ, თუ გიორგი მამალაძის გარდა, რომელიმე სასულიერო პირი კიდევ ურევია ციანიდის საქმეში, ერთ-ერთი პირველი აუცილებლად იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტი.
– თუმცა იმ დროს მეუფე პეტრე პატრიარქს არ ახლდა ბერლინში... პროკურატურის მტკიცებულებები კი მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდთან ერთად თითქოს ბერლინში ელოდებოდნენ...
– რა თქმა უნდა, ბერლინშიც იყო ხალხი, ვინც მას ელოდებოდა და ვინც მაღალი ალბათობით, ასევე ჩართული იყო ამ საქმეში. აქაც იყვნენ და იქაც. ეს საკმაოდ დიდი ჯგუფია. ჩემი აზრით, სინოდმაც უნდა იმსჯელოს და ეკლესიიდან განკვეთოს ყველა ის პირი, ვინც ამ ისტორიულ შეთქმულებას აწყობდა.
– სოსო ოხანაშვილის როლზე რას იტყვით?
– თავისთავად ის ფაქტი, რომ ოხანაშვილი გაიქცა და გამოძიებას დაემალა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. რაში დასჭირდა ქვეყნიდან წასვლა, თუ მართალია. რა როლშიც იყო, მისმა ქმედებებმა გამოაჩინა. უფრო მეტსაც გეტყვით ახლა.
– გისმენთ...
– რეალურად შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა არ იგეგმებოდა, მაგრამ, თუ ყურადღება მიაქციეთ, გამოქვეყნებულ ჩანაწერში დეკანოზი ამბობს ასეთ რამეს: შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდება და საპატრიარქოს გარშემო ირბენსო. მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებაა ასეთიო. რატომღაც მამა გაბრიელმა ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ გიორგი მამალაძესა და მეუფე პეტრეს უამბო, სხვას არავის. რეალურად, შორენა მართლაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან მისი გავლით უნდა მოეკლათ პატრიარქი.
– რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ შორენას გავლით უნდა მოხვედრილიყო ეს ციანიდი პატრიარქთან. და წარმოიდგინეთ, თუ ეს შედეგი დადგებოდა და შორენა გაიგებდა, რომ მისი ხელიდან მოხდა პატრიარქის მოკვდინება, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ის. შეიძლება მართლაც გაგიჟებულიყო ადამიანი ხომ?! ანუ შორენას ჩამოშორება სურდათ კიდევ უფრო მეტი სასჯელით, ვიდრე სიკვდილია, ისინი გეგმავდნენ მის სულიერ შერყევას.
– იქნებ დაგვიზუსტოთ, თქვენი ვერსიით, ციანიდი პატრიარქისთვის შორენას უნდა მიეცა?
– ბერლინში, საავადმყოფოში მხოლოდ შორენა იყო ის, ვინც პატრიარქს აჭმევდა საკვებს. სწორედ მაგიტომ უნდოდათ ციანიდის იქ ჩატანა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო შორენას ხელით. ანუ საკვებში ჩაეყარათ ციანიდი და შემდეგ ის შორენას ხელით მიეღო პატრიარქს. სწორედ ამაზე იყო გათვლა, თორემ შორენას მოკვლა რომ ნდომებოდათ, აქ, თბილისში ვერ მოკლავდნენ? რა შეუშლიდათ ხელს? აქ, თბილისში შორენა არ აჭმევს პატრიარქს, ამისთვის სხვა ადამიანია გამოყოფილი. ამიტომაც შეარჩიეს ბერლინი. მისი ხელით უნდა მიეწოდებინათ პატრიარქისთვის მომწამლავი ნივთიერება, რომ შემდეგ შორენა მართლა გაგიჟებულიყო.
„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ბრალდებულის ადვოკატს გიორგი ფანცულაიასაც, რომელიც კოლეგებთან ერთად დასკვნით სიტყვაზე მუშაობს. გიორგი მამალაძის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც პატრიარქის მკვლელობის მომზადებაზე მიუთითებს და ამას ბრალდებულს არც პროკურატურა ედავება. მისი თქმით, დეკანოზს ედავებიან მხოლოდ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, დახურულ სასამართლო პროცესებზე ეს ვერსიაც მთლიანად გაცამტვერდა. გამომდინარე აქედან, დაცვის მხარე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ელის.
გიორგი ფანცულაია, ადვოკატი:
– დღემდე სიტუაცია, წმინდა სამართლებრივად, ჩვენს სასარგებლოდ იცვლებოდა. ზოგადად, შეიძლება ადამიანი უდანაშაულო იყოს, მაგრამ საქმე ისე „შეუკერონ“, რომ მის ბრალეულობაში ეჭვები მართლაც გაჩნდეს. ამ შემთხვევაში, საქმე იმდენად უნიჭოდ არის „შეკერილი“, რომ მცირედი ეჭვიც კი არ რჩება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სასამართლოში ყოველი მოწმის დაკითხვისას და მტკიცებულებების გამოკვლევისას ჩვენი პოზიციები უფრო და უფრო მყარდებოდა. დასკვნითი სიტყვის დეტალებს წინასწარ ვერ მოგახსენებთ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ პროკურატურის ყველა აბსურდულ ბრალდებას არგუმენტირებული პასუხი გაეცემა.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ არსებობს არცერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას აპირებდა. სასამართლო პროცესზე ამის დადასტურება ვერ შეძლო თვით პროკურატურის ოქროს მოწმედ წოდებულმა ირაკლი მამალაძემაც კი. მან ზოგადად თქვა, რომ ვიღაცის მკვლელობას გეგმავდაო, თორემ კონკრეტულად შორენა თეთრუაშვილი მასაც არ დაუსახელებია.
ცხადია, დეკანოზი რეალურად არავის მკვლელობას არ გეგმავდა და მთელი ეს სიცრუე მთლიანად გამოაშკარავდა პროცესებზე. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც თითქოს გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ციანიდი მჭირდება ადამიანისთვის, რომელიც ტკბილს არ ჭამსო, თავად შორენა თეთრუაშვილმა დააყენა ეჭვქვეშ და განაცხადა, რომ ის ტკბილეულს ჩვეულებრივ იღებს.
სასამართლო პროცესზე თეთრუაშვილმა პირდაპირ განაცხადა: ამ საქმეზე დაზარალებული რომ ვარ, პროკურატურისგან გავიგეო. გამორიცხულია, გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე პროკურატურის გავლენის ქვეშ მოექცევა.
სხვა მხრივ, დეკანოზის ბრალეულობა არაფრით დასტურდება. თუ რაიმე ასეთი მტკიცებულება იარსებებდა საქმეში, მაშინ ჩვენ თვითონ არ მოვითხოვდით სასამართლო პროცესების საჯაროობას ხომ? მთელი ძალისხმევა დავხარჯეთ იმაზე, რომ საზოგადოებას, თქვენ, ჟურნალისტებს, პირადად მოგესმინათ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეში არსებობს, თუმცა პროკურატურის დაჟინებული მოთხოვნით სასამართლო სხდომები დაიხურა. რატომ? იმიტომ, რომ არ სურდათ, საზოგადოებას საკუთარი ყურით მოესმინა სიმართლე. ვისაც არაფერი აქვს დასამალი, ის არც საჯაროობაზე ამბობს უარს.
– პატრიარქის მკვლელობის ვერსიას გამორიცხავთ?
– სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ საერთოდ ვინმეს მკვლელობა იგეგმებოდა. ამას თავი რომც დავანებოთ, გიორგი მამალაძეს ბრალი აქვს წარდგენილი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე და განაჩენი უნდა დადგეს კონკრეტულად თეთრუაშვილის საქმესთან მიმართებაში.
თუ პროკურატურას ჰქონდა მტკიცებულებები, რომ პატრიარქის მკვლელობა მზადდებოდა, მაშინ ეს მტკიცებულებები გვანახოს, წარმოადგინოს სასამართლოზე და კონკრეტულად უთხრას საზოგადოებას ამის შესახებ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ასეთი მტკიცებულება ბუნებაში არ მოიპოვება, შესაბამისად, რაიმე მკვლელობაზე საუბარი სრულიად აბსურდულია.
– პროკურატურას რა ინტერესი უნდა ჰქონდა, რომ უდანაშაულო მღვდელმსახურისთვის ასეთი სკანდალური საქმე დაებრალებინა?
– საინტერესო კითხვაა და შევეცდები, გიპასუხოთ იმ ფარგლებში, რისი თქმის უფლებასაც მაძლევს დახურული პროცესის ფორმატი. ჩვენი ვარაუდით, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურას საერთოდ არ დაუკავებია.
ის სულ სხვა ძალოვანმა უწყებამ უკანონოდ აიყვანა, რადგან ამის გაკეთების უფლება ჰქონდა მხოლოდ პროკურატურას, ან პოლიციას. უბრალოდ, ამ ყველაფრის გაფორმება მოხდა პროკურატურაზე. სინამდვილეში პროკურატურის გამომძიებლები, რომლებიც დაკავების ოქმში ფიგურირებენ, აყვანის ოპერაციაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ და შემთხვევის ადგილზეც კი არ ყოფილან.
ძალოვანი უწყებების გარკვეულ ჯგუფს კი ნამდვილად ჰქონდა ინტერესი. მათ აქვთ პირდაპირი კავშირი საპატრიარქოში არსებულ ერთ ჯგუფთან, რომელიც ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს. როგორც ჩანს, მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.
– გულისხმობთ შორენა თეთრუაშვილის გარემოცვას?
– რა თქმა უნდა, ეს ქალბატონი ამ ჯგუფში მოიაზრება, თუმცა ის არ არის ერთადერთი. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება მეუფე იაკობი და სხვებიც.
– თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, საინტერესოა, ამ ჯგუფის სამიზნე იყო მხოლოდ გიორგი მამალაძე, თუ უფრო მაღალი რანგის სასულიერო პირები, მაგალითად ისინი, ვის გარემოცვასაც წარმოადგენდა დეკანოზი?
– ძალიან ბევრ და სერიოზულ მიზანზე იყო გათვლა. კონკრეტული სასულიერო პირების დისკრედიტაციის გარდა, კიდევ უფრო შორსმიმავალი გეგმები არსებობდა. დეტალებზე ვერ ვსაუბრობ, მაგრამ გეტყვით, რომ თქვენ მიერ ნახსენები ვერსია არ არის ის მაქსიმუმი, რომელსაც ეს ჯგუფი ისახავდა მიზნად. ეს უკავშირდება პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას თუ ფინანსურ საკითხებს, ამაზე ღიად საუბარი არ შემიძლია.