,,ნაციონალური მოძრაობა" ხანძრის თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს

12:41 08-29-2017
101

”ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში იბარებს. საკითხი ეხება ბორჯომის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის თხოვნით მიმართვას. 

”დღეს უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ ეს ნამდვილად მოხდა. არაფორმალური მმართველობის პირობებში, ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღება ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე და შესაბამისად, რუსეთთან კომუნიკაციაც იყო სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. ბიძინა ივანიშვილს არ უჭირავს ოფიციალური თანამდებობა და ამდენად პარლამენტში ვერ დავიბარებთ და ვერ მოთხოვთ პასუხს. ამიტომ, დღეს ვალდებულები ვართ, რომ დავსვათ მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. საქართველომ, რომელიც არის ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, სრულიად გაუგებარია, რატომ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას იქამდე, სანამ არ იყო ამოწურული სხვა შესაძლებლობლები. ამიტომ, შეკითხვები გვაქვს ძალიან ბევრი და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გამოცხადნენ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში”, - განაცხადა სამადაშვილმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბორჯომში გაჩენილი ხანძრის დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.