საქართველოს პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ,,პრაიმტაიმი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"მეგობრებო ორი კვირაა მიმდინარეობს გავეშებულ-გააფთრებული შეტევა ჩემზე და მთლიანად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე. თავიდან ყველას გიკვირდათ და მეკითხებოდით რკინიგზაში შიმშილობას რატომ გაკერებენ შენ და ამხელა პოლიტიკური ხმაურის ატეხვა რაში სჭირდება რკინიგზის ადმინისტრაციასო? გულწრფელად გეტყვით, მეც ძალიან მიკვირდა, რადგან კარგად ვიცოდი რკინიგზის ადმინისტრაციის და მათი ე.წ. გუნდის გავლენები და შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, ის, რომ ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით გამოხატვის მიმართ ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, მაგრამ ადმინისტრაციის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ(დიალოგის იგნორირებამ), წერილებზე პასუხის გაუცემლობამ, დამამცირებელმა დამოკიდებულებამ ჩვენი ძმები იძულებული გახადა მიემართათ პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის - შიმშილობისთვის, რასაც მოჰყვა ერთ ხმაში მოლაპარაკე ცაგურიას, გუნცაძის, ხაინდრავას, ხოფერიას, გოგიჩაიშვილის, კობერიძის თავდასხმები და გეგმაზომიერი შავი PR სულელური, აბსურდული და მოგონილ-შეთხზული ბრალდებებით, როგორც იტყვიან ”შუბი ხალათში არ დაიმალებაო” და რამდენიმე დღის წინ ამ აბსურდის თეატრის რეალური მიზეზიც გაამჟღავნეს: სექტემბერში ჩასატარებელი არჩევნები პროფკავშირებში და სურვილი, რომ ამ არჩევნებზე დასვან თავმჯდომარედ მათთვის სასურველი, მორჩილი, მართვადი პიროვნება.
თავიდანვე ვამბობდი, რომ რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა და იქ მთავრობისგან დასმული მენეჯმენტის უმსგავსობებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მთავრობას, დღეს უმრავლესობის წევრების (გოგიჩაიშვილი, კობერიძის) უგვანო კომენტარებმა გამოააშკარავა მთავრობის როლი და სახე ამ პროცესში. ასევე, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის”, ”იმედის”, ჟურნალ ”თბილისელების” ცალმხრივად გაშუქებულმა სიუჟეტებმა დამარწმუნა, რომ სახელმწიფო მანქანა ჩართულია. შემდეგი ნაბიჯი იქნება (ალბათ ხვალვე) შიგნით ვინმეს პოვნა(თუმცა ისე აჟღურტულდნენ შიგნით აქვს პრობლემები და დაპირისპირებაო უკვე ნაპოვნი ჰყავთ ზუსტად ვიცი) და ბრძოლის უკვე პროფკავშირებში გადმოტანა. თვითონ კი გარედან მედიის და პოლიტიკოსების მეშვეობით მათი კონტროლირებადი კანდიდატის მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვაპირებდი კენჭისყრას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რა უთანასწორო ბრძოლა იქნება, ვიღებ ამ გამოწვევას და ვიბრძოლებ ბოლომდე რათა მათ პულტზე მყოფმა ე.წ.ლიდერმა მუსრი არ გაავლოს და ნაცარტუტად არ აქციოს ყველაზე ღირებული რაც პროფკავშირს გააჩნია: დამოუკიდებლობა ყველა გარე სუბიექტისგან და დამოკიდებულება თავის წევრებზე. ყველა ბრალდებას გაეცემა პასუხი და ყველა ქმედებაზე იქნება ადეკვატური რეაქცია ცივილიზებული მსოფლიოსგან", - აღნიშნულია განცხადებაში.