არ გვაქვს თავი სამართლებელი - კვირიკაშვილი ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში რუსეთის შესაძლო ჩართვაზე

11:05 08-31-2017
110

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მეზობელ ქვეყნებს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, უამრავი სპეკულაცია იყო რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სამარცხვინოა. 

"მადლობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მიღეს მონაწილეობა წაღვერის სტიქიის დაძლევაში, ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი. მაგრამ ერთი რამ გამოჩნდა, რომ რაოდენ კარგად უნდა იყოს ერთი კონკრეტული ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონული ჩართულობა არის აუციელებლი და აქაც მინდა ვთქვა, რომ უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ რუსეთის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები გამოვიყენო, მაგრამ სამარცხვინოა ეს. ჩვენთვის არის უპირველესი ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და მე, როგორც ქვეყნის პრემიერს არ მაქვს უფლება, რომ რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. სტიქიას უფრო მეტი მასშტაბი მისცემოდა იყო აბსოლუტურად რეალური. განსაკუთრებით, ეს იყო ოთხშაბათის შუადღე, როდესაც ქარმა პრაქტიკულად იმავე მასშტაბით გააღვივა ცეცხლი, რაც გვქონდა სტიქიის დასაწყისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ მათ სათანადოდ შეაფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები. მთავრობას გააჩნია გაცილებით უფრო მაღალი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ და ჩვენ ღირსეულად მოვიქცევით ყველა ასეთ შემთხვევაში და ჩვენს მანდატს ღირსეულად აღვასრულებთ. ამაზე მეტი საუბარი არ ღირს. შესაბამისი კომენტარები გაკეთდა, ჩვენ არაფერში არ გვაქვს თავი სამართლებელი. რა თქმა უნდა, ემოციები ასეთ დროს ყველას აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის სიტუაციები, როდესაც უნდა დავძლიოთ ასეთი ემოციები და გაერთიანებით შევუტიოთ ასეთ გამოწვევას. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი ნაწილი იყო გაერთიანებული, როგორც ემოციურად ასევე ფიზიკურად.

ავტორი: ლილუ მიროტაძე