მსახიობი გურანდა გაბუნია თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქეთი დოლიძის განთავისუფლებას ვერ ხსნის. როგორც მსახიობმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, დოლიძე, როგორც რეჟისორი, ძალიან წარმატებული იყო, ამიტომ მისი გათავისუფლება უსამართლობაა.
რაც შეეხება იმას, რომ თავად დოლიძე კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს უკავშირებს, გაბუნია ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
"ნინელის ამბები არაფერი ვიცი. მე ის ვიცი, რომ ქეთი საშინელ დღეშია. ეს არის ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება რეჟისორ ქალს სჭირდეს. მასთან ნამუშევარი ვარ და მისი სპექტაკლით ნამყოფი ვარ მოსკოვშიც, გლაზგოშიც, ყველას რომ მოსწონდა... რეჟისორს, რომელიც დადგამს სპექტაკლს და მერე იმ სპექტაკლს წიღებს საზღვარგარეთ, არ ვიცი როგორ შეიძლება ასეთი რამ გაუკეთო. ერთი თვე თამაშობდა ნინელი მთავარ როლს მის სპექტაკლში. ერთი თვე ვინ გათამაშებს, თუ ცუდი ხარ?! უცებ მერე რა მოხდა, არ ვიცი, ასე რომ ხსნიან ქეთის. შეიძლება მე რაღაც არ ვიცი, მაგრამ ძალიან ძნელია ქეთიზე საუბარი. ჩემ თეატრს იმდენი რამე გაუკეთა ქეთიმ... ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ხალხისთვის... ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, გული მტკივა და მენანება ყველა არტისტი და რეჟისორი, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა. არ ვარ ქალაქში და გვერდით ვერ ვუდგავარ, მაგრამ ძალიან მეცოდება", - აცხადებს მსახიობი.