თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ სატელევიზიო კომენტარს ტელეკომპანია ,,იბერიას" ეთერში აკეთებს.
რეჟისორი კიდევ ერთხელ ეხმაურება მისი და ნინელი ჭანკვეტაძის დაპირისპირებას. მისი თქმით, მადლობელია ღმერთის, რომ ეს განსაცდელი გამოუგზავნა.
,,ნინელი ჭანკვეტაძე უკვე აღარ არის ჩემი მეგობარი. ერთი სიკვდილი მაშინ გავათავე მაგის კომენტარი რომ მოვისმინე იმპერატიული ტონით. უბედნიერესი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ეს განსაცდელი ღმერთმა გამომიგზავნა, რომ დამენახა ვინ ვინ არის და თურმე ნახევარ საქართველოზე მეტს მართლა ვუყვარვარ. ნინელიმ ადგა და უბრალოდ წყნარად და მშვიდად დაისამარა თავი. ის, რაც იწერება ნინელიზე... მე გული მწყდება რა უქნა ამ ადამიანმა თავის თავს. ", - ამბობს ქეთი დოლიძე ,,იბერიას" პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქეთი დოლიძის გათავისუფლების ბრძანებას ხელი ოფიციალურად მოაწერა. ქეთი დოლიძის ადგილს თუმანიშვილის თეატრში ქუთაისის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე დაიკავებს. ქეთი დოლიძე მის გათავისუფლებას მინისტრთან დაპირისპირებით ხსნის და აცხადებს, რომ ეს მინისტრის მხრიდან მისი მისამართით ანგარიშსწორებაა.