ოთო ნემსაძე და სოფო მეძმარიაშვილის სიყვარულის ისტორია უკვე ორ წელს ითვლის. ამ დღის აღსანიშნავად მომღერალმა შეყვარებულს პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე გაუგზავნა ულამაზესი ვარდების თაიგული. თავის მხრივ სოფოც ორიგინალური იყო. კისრის ქვეშ დროებითი ტატუ გაიკეთა, წარწერით „მიყვარხარ“ და სოციალურ ქსელში შეყვარებულს ურთიერთობის ორი წლის იუბილე მიულოცა.
სოფო თეატრის „რუსთაველის 19“ მსახიობია. დასი დროებით „ნაბადის“ შენობაშია განთავსებული და როგორც ჩემმა რესპონდენტმა მითხრა, არაერთ სიახლეს პირდება თეატრის მოყვარულებს.
დღეს სოფო მეძმარიაშვილი „პრაიმტაიმის“ სტუმარია.
- სოფო, როგორც ვიცი, წელს შეყვარებულთან ერთად მოახერხე დასვენება. გვიამბე სად იყავით, როგორ გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები...
- მთით დავიწყეთ მე და ოთომ. ვიყავით სვანეთში, მოვინახულეთ მესტია, ვიყავით თეთნულდის მთაზე, უშგულში. საუკეთესო ვოიაჟი მოვიწყეთ ნამდვილად. პირველად ვიყავი სვანეთში. ფშავშიც გახლდით სამი დღე. კიდევ ბათუმში ვიყავით, კონცერტი ჰქონდა ოთოს. ბათუმში წელს 6 - ჯერ მომიწია ჩასვლა. აქედან ხუთჯერ ოთოსთან ერთად ვიყავი.
- შემოქმედები წვა ჰქონია ოთოს...
- კი, ირაკლი ჩარკვიანის კონცერტზე გამოდიოდა ბლექსი არენაზე, რამოდენიმე ივენთი ჰქონდა... ბოლოს დედასთან და პატარა დეიდაშვილთან ერთად დავისვენე ბათუმში. რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი.
- ორი წელი გავიდა რაც შენ და ოთო ერთმანეთს იცნობთ... ამის მიუხედავად პრესას არასდროს ანებივრებთ ერთობლივი ინტერვიუებით. გვიამბე, როგორ გაიხცანით ერთმანეთი...
- ბათუმში მეგობრებთან ერთად ვისვენებდი. ოთოს კონცერტი ჰქონდა კორტებზე. ანრი ბიბინეიშვილთან ერთად ვიყავი კონცერტზე, კარგად გავერთეთ. მერე კლუბში წავედით მე და ანრი. იქ ოთო მარიტა როხვაძესთან ერთად მოვიდა. იქ გავიცანით ერთმანეთი. ოთო უკვე თბილისში გეგმავდა წამოსვლას და რამდენიმე დღე რადჩა ჩემ გამო. იმ დღის, 25 აგვისტოს მერე ასე ერთად და ტკბილად ვართ, როგორც დღეს.
- გამოდის, ბათუმი თქვენი სიყვარულის ქალაქი ყოფილა...
- (იცინის) ჰო, ასეა ნამდვილად. ბათუმი ჩვენი სიყვარულის ქალაქია.
- ორიგინალური სიურპრიზი გაგიკეთა ოთომ ამ დღის აღსანიშნავად როგორც ვიცი...
- ჰო, სანაპიროზე რუჯს ვიღებდი. ოთოს ამ დროს ქუთაისში ჰქონდა კონცერტი. დამირეკეს და კურიერმა ეს ლამაზი თაიგული მომართვა ამ დღის აღსანიშნავად.
- არც შენ ჩამორჩები ამ მხრივ... შენი ახალი სვირინგი ვნახე...
- არა, ეს სვირინგი დროებითია.
- „მიყვარხარ“ წერია ხო?
- ჰო, ოღონდ ჩვენს ენაზე. მე და ოთოს ჩვენი ენა გვაქვს. სხვა ვერავინ იგებს, ზოგჯერ ალბათ იმასაც ფიქრობენ, რომ გავგიჟდით, ისეთი სიტყვებით ვმეტყველებთ. აქ წერია „მიფარფარ“. თაიგულსაც ასე აწერია. ამაზე სულ ვღადაობ ხოლმე, თაიგულებს სულ ასეთი უცნაური წარწერებით მიგზავნის და ალბათ ვინც ამას წერს ოთო ყველას გიჟი ჰგონია (იცინის).
- ძალიან სასაცილო იყო ოთოს ფოტო შენი სვირინგიანი ფოტოს ქვეშ...
- ჰო, მეც ბევრი ვიცინე, მუსკულებზე პასტით დაიწერა ჩემი სახელი. კარგი იუმორი აქვს ძალიან.
- თეატრში დაიწყო უკვე მზადება ახალი სეზონისთვის?
- ჩვენ თეატრში რემონტია. ეჭვი მაქვს, კიდევ ერთი კვირა მოვახერხებთ დასვენებას. ელტონ ჯონის კონცერტზე მაინც გვინდა სამი დღით ბათუმში ჩამოსვლა.
- ცოტა სანერვიულოც შეგხვდა ოთოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით...~
- ჰო, ძალიან ვინერვიულე. ოთო არასდროს ავადმყოფობს, იშვიათად რომ გული აუჩქარდეს. ბათუმში მოვდიოდით და უცებ ცუდად გახდა. სამტრედიის სასწრაფოს ველოდეთ 40 წუთი. სანამ მოვიდოდნენ ძალიან ვინერვიულე. მანამდე ერთი კვირა ცუდად იყო, რა აღარ ვიფიქრეთ. თურმე მანქანის გამონაბოლქვით ყოფილა მოწამლული. მანქანაში შემოდიოდა თურმე ნამწვი. გადატანილი საჭე აქვს და გაუმართაობამ გამოიწვია ეს შედეგი.
- ახლა როგორ არის, მკურნალობის კურსს გადის თუ?
- ახლა უკეთ. სუფთა ჰაერი სჭირდება და ბახმაროშია.
- სეზონი როდის იხსნება შენს თეატრში?
- 1 ოქტომბერს იხსნება სეზონი. ჩვენთან სიახლეებია. პირველ სართულზე გაიხსნება კაფე, რომელიც თავიდან ბოლომდე თეატრალურ სივრცესთან იქნება დაკავშირებული. მენიუზე ჩვენი სპექტაკლების ფოტოები იქნება, კოქტეილებს, ყავას, სპექტაკლის სახელები ერქმევა. ირგვლივ სპექტაკლების ფოტოები და კოსტიუმები იქნება გამოფენილი. მოკლედ ყველაფერი თუ ისე წავიდა, როგორც ჩაფიქრებულია, საქართველოში პირველი ორიგინალური თეატრალური კაფე გვექნება...
- ახალი სპექტაკლი იგეგმება?
- სანდრო მრევლიშვილი წერს ახალ პიესას. სავარაუდოდ დაიდგმება. ოქტომბრის ბოლოს მივფრინავ პეტერბურგში გასტროლით, მაგრამ ჩემი თეატრიდან არა. არის ასეთი რეჟისორი, ლაშა გოგნიაშვილი, რომელმაც ხუთი წლის წინ დამაკავა სპექტაკლში „ნიკალა“ და ამ სპექტაკლით მაქვს მოვლილი მთელი მსოფლიო. მე მარგარიტას როლს ვთამაშობ, ქალის რომელსაც ნიკალა ეტრფოდა.
- სოფო, სერიალებიდან ან ფილმებიდან ხომ არ გაქვს შემოთავაზებები?
- არ მაქვს და მართლა არ ვიცი რატომ. დიდი იმედი მაქვს რომ მალე გამოჩნდება...
- სამომავლო გეგმებზეც გკითხავ დასასრულისთვის, რას გეგმავ კარიერაში ან პირადში?
- იმდენი გეგმა გვაქვს მე და ოთოს და იმდენ რამეზე ვფიქრობთ... ასე კონკრეტულად ვერაფრზე შევჯერდით. წასვლა გვინდა ქვეყნიდან თუ დარჩენა, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით.
- ანუ თეთრი კაბა და პატარძალი ჯერ არ იქნება?
- პატარძალი აუცილებლად ვიქნები თეთრი კაბაც იქნება, მაგრამ როდის, როგორ და სად ნამდვილად არ ვიცი (იღიმება).