ავტორი: სალომე ჩადუნელი
წინასწარი ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 200 ჰექტარი ტყის ფართობი განადგურდა. ტყესთან ერთად ზარალი ნახა ხანძრის კერასთან მცხოვრებმა მოსახლეობამ. ტერიტორია, რომელიც 2008 წელს ცეცხლის ალში იყო გახვეული, ისევ ცეცხლმა დაფარა და 2008 წლის შემდეგ, ტყის აღდგენითი სამუშაოებისას დარგული ნერგებიც გაანადგურა.
ახლა სახელმწიფოს დამწვარ ტერიტორიაზე ყველაფერი ნულიდან აქვს დასაწყები. ექსპერტები უკვე სწავლობენ ტერიტორიასა და ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს. შედეგები მხოლოდ ციფრებით არ გაიზომება, ხანძრის შედეგად ნიადაგსა და ცხოველთა სამყაროსაც დიდი ზიანი მიადგა.
რა საფრთხე შეექმნა ბორჯომის ხეობის მიკროკლიმატს? არსებობს თუ არა ეროზიული პროცესების გააქტიურების საფრთხე? რა სამუშაო უნდა ჩაატაროს სახელმწიფომ მანამ, სანამ ტყის აღდგენას დაიწყებს და რამდენი წელი დასჭირდება პროცესის დასრულებას? ამ კითხვებზე პასუხების მიღებას „პრაიმტაიმი“ ექსპერტ ნინო ჩხობაძისგან შეეცადა.
– ქალბატონო ნინო, მართალია, ჯერ ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ცეცხლმა ტყის მასივის 200 ჰექტარი გაანადგურა – შეგვიძლია ვისაუბროთ ხანძრის შედეგების ეკოლოგიურ გავლენაზე?
– ზოგადი შეფასებით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. 200 ჰექტარი ბორჯომის ხეობაში, ამ მომენტისთვის, შეიძლება კატასტროფული არ იყოს, იმიტომ რომ ბორჯომის ხეობა საკმაოდ დიდია. თუმცა ლოკალურად ეს ძალიან დააზიანებდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. კვამლში ცხოვრება ერთი კვირის განმავლობაში პრობლემატურია. ზოგადად, ხანძრებმა რა ზიანი მიაყენა აგვისტოში საქართველოს, სერიოზული დასათვლელია. შესაბამისად, ეს შეფასებები უნდა გაკეთდეს. ამას დრო უნდა და ასე ზედაპირულად ამაზე ვერავინ გიპასუხებთ, რა დოზისაა ზემოქმედებაა, რომელიც გარემოს მიადგა.
– თქვენ აღნიშნეთ მოსახლეობა, რა კონკრეტული ზიანი მიადგა მოსახლეობას იმ სოფლებში, რომლის თავზეც ხანძრის კერა მძვინვარებდა?
– ამ სოფლებს ზარალი უკვე მიადგა. ჩვენ ვიცით, რომ ბორჯომის ხეობა საკურორტო-სარეკრეაციო ზონაა. რეგიონი ბევრმა ტურისტმა დროზე ადრე დატოვა და შემდეგი ნაკადიც აღარ ჩავიდა. ეკონომიკური თვალსაზრისით ამ ადგილს ზიანი უკვე მიაგდა. რაც შეეხება სხვა სახის ზიანს, სოფლის მეურნეობასთან მიმართებით პრობლემა ნაკლები იქნება, თუმცა გვალვების გამო სერიოზული პრობლემებია, ნალექების რაოდენობა მწირია. ამას ემატება ისიც, რომ თვითონ ტყის პროდუქტით, რითაც მოსახლეობა სარგებლობდა, სოკო იქნება თუ კენკრა, ვეღარ ისარგებლებს და პლუს ამას, სოფლებისთვის საძოვრები განადგურებულია.
– თქვენ ბევრი პრობლემა გამოყავით, სანამ ტყე არ აღდგება, ეს პრობლემები მოუგვარებელი იქნება?
– არა, ამდენი ხნის განმავლობაში ეს პრობლემები არ იქნება. დაახლოებით ერთ წელში ეკოსისტემის თვითაღდგენა დაიწყება. ხანძარი ბევრ ადგილას ცოტა უფრო ზედაპირული იყო, ვიდრე ღრმა. ისეთი ადგილები, სადაც ხანძარი წერტილოვანი იყო, აღდგენა სწრაფად დაიწყება. ამ ყველაფერს დრო სჭირდება.
– დაახლოებით რამდენი წელი დასჭირდება თვითაღდგენას?
– თვითაღდგენას, დაახლოებით სამი წელი დასჭირდება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხეები გაიზრდება. ხის გაზრდას 10-12-20 წელი უნდა.
– თუმცა სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, თვითაღდგენას ხელი შეუწყოს, რა პროცესები უნდა წარმართოს სახელმწიფომ?
– ზოგიერთ ადგილას შეღობვის გაკეთება სრულიად საკმარისი იქნება, იმისთვის, რომ თვითაღდგენის პროცესს საქონელმა ხელი არ შეუშალოს. ზოგ ადგილას შეთესვა დასჭირდებათ, ზოგ ადგილას – შერგვა. ეს ყველაფერი ექსპერტების დასკვნაზეა დამოკიდებული. ახლა რგვების გაკეთება შეუძლებელია და ნურავინ ნუ დაიკვეხნის, თითქოს იცის, რომ ახლავე უნდა შერგოს. პირველ რიგში, ექსპერტთა ჯგუფები ბორჯომის ხეობაში უკვე უნდა მუშაობდნენ. ექსპერტებმა უნდა ნახონ, როგორი ტიპის ზიანია მიყენებული, პარალელურად უნდა დაიწყოს იმის დაგეგმვა, სად რა უნდა დაირგოს. იმ სახეობების მოძიებაც უნდა დაიწყოს, რომელიც შეიძლება ბორჯომის ხეობაში გაშენდეს. ყველა სახეობის, მაგალითად, შავი ფიჭვის გაშენება ბორჯომის ხეობაში ყოვლად დაუშვებელია. აქამდე ამის პრაქტიკა იყო. ეს კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ეკოსისტემას. კარგი იქნება, სოჭის, ელდარის ფიჭვის შეთესვა, ქართული ფიჭვის... ეს სახეობები უნდა შეითესოს და არა შავი ფიჭვი, რომელიც ჩვენი ტყის სახეობა არ არის. ძირითადად ფართოფოთლოვანი სახეობები უნდა დაირგოს. სამწუხაროდ, ასეთი ნერგები ცოტაა და სპეციალურად უნდა გამოვიყვანოთ. შესაძლებელია, ეს პროცესი წლების განმავლობაში გაიწელოს. უნდა დაიწეროს, დაიგეგმოს, სატყეომ ამ პროცესის შეფასება უნდა განახორციელოს და შემდეგ უნდა დაიწყოს განხორციელება. მოხალისეობრივად შერგვების დაწყება ყოვლად დაუშვებელია. უმჯობესია, დარგვა სექტემბერში არ გაკეთდეს და ოქტომბერსა და ნოემბერში განხორციელდეს. ძირითადი რგვები წლებზე უნდა გაიწეროს და წლების მიხედვით უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, გეგმა სწორად გაიწეროს. ეს დაახლოებით მინიმუმ 10-წლიანი პერსპექტივაა.
– ბორჯომში მხოლოდ ტყე არ დამწვარა, განადგურდა ბუჩქების საფარიც...
– ბუჩქების საფარს ჩვენ ვერასდროს აღვადგენთ და ტყეს თავად აქვს პოტენციალი, აღადგინოს.
– ტერიტორია, რომელიც დაიწვა, არ არის მხოლოდ ტყე. ამ ტერიტორიაზე ფლორასთან ერთად ფაუნაც იყო. რა ბედი ეწიათ იმ ცხოველებს, რომლებიც ნახანძრალ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ?
– გაიქცნენ... ეს ფაუნა ამ ტერიტორიას ძალიან მალე დაუბრუნდება, როგორც კი საკვები გაუჩნდება. როგორც კი ბალახოვანი საფარი გაჩნდება, დაბრუნდებიან. ხანძრის უფრო დიდი მასშტაბი რომ ყოფილიყო, ცხოველების სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნებოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ბიომრავალფეროვნებით ბორჯომის ხეობა აღარ გამოირჩევა. იმდენად ბევრი მოსახლე ცხოვრობს, რომ ეს ცხოველები ისედაც დამფრთხალები და რაოდენობრივად შემცირებულები არიან.
– ტერიტორია, სადაც ცეცხლი გაჩნდა, საკურორტო ზონაა, რომელიც ჰავის საუკეთესო პირობებითაა ცნობილი, ბავშვებს სპეციალურად უნიშნავენ ხოლმე იმ ადგილებს სამკურნალოდ, რომლის ფერდობებსაც ცეცხლი ეკიდა, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას განადგურებულმა ტყის მასივმა ჰავას და საკურორტო სოფლებს? რა ელის მიკროკლიმატს?
– წელს მათ ზიანი ნახეს. შემდეგ წელსაც, დამსვენებლები, დიდი ალბათობით, თავს შეიკავებენ ბორჯომის იმ სოფლებში ჩასვლისგან, სადაც ხანძარი იყო. რაც შეეხება ჰავას – პრობლემა არ შეექმნებათ. საბედნიეროდ, ბორჯომის ხეობა საკმაოდ დიდია და ხანძარი კლიმატურ პირობებს ვერაფერს დააკლებდა.
– შესაძლებელია თუ არა დადგეს ეროზიული მეწყრული პროცესების საფრთხე, რადგან მთის ფერდობს, რომლის დახრილობაც საკმაოდ დიდი პროცენტია, ხე აღარ იკავებს?
– შემოდგომით ეროზიული პროცესების გაღრმავების ძალიან დიდი საფრთხე იქნება. მეწყრებისა და ღვარცოფების წარმოქმნის ძალიან დიდი საფრთხეა. ტერიტორია საკმაოდ დახრილია და ასეთი პროცესების საფრთხე ძალიან დიდია.
– როგორ შეიძლება, ამ პროცესის პრევენცია მოხდეს?
– ყველა ადგილის პოტენციალი შეფასებული უნდა იყოს და კონკრეტული ღონისძიებები უნდა გატარდეს, თორემ არის საფრთხე, რომ დიდი მეწყერი ჩამოწვება.
– რა იქნება თქვენი რეკომენდაციები? რომელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
– პირველ რიგში, მდგომარეობა უნდა შეფასდეს. შემდეგ დეტალურად უნდა გაიწეროს გეგმა, როგორ უნდა აღდგეს ტყე. უწყებამ სხვადასხვა უწყებების კოორდინირება უნდა გააკეთოს და რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორიც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.