ელტონ ჯონის კონცერტის თარიღი ჯერ უცვლელია

14:59 09-05-2017
109
თეგები: ელტონ ჯონი

ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტების თარიღი საქართველოში - 16-17 სექტემბერი ჯერ კვლავ ძალაშია. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს. თუმცა, მათივე თქმით, ელოდებიან ექიმის დასკვნას ელტონ ჯონის მუსიკალური დირექტორისა და გიტარისტის შესახებ, რომელსაც ოპერაცია გაუკეთდა. სწორედ, ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, გადაიდება თუ არა „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი ორი კონცერტი.

„მუსიკოსს და ელტონ ჯონის ძალიან დიდი ხნის მეგობარს დევიდ ჯონსტონს, რომელიც ასევე, არის მისი მუსიკალური დირექტორი და გიტარისტი, ბენდის შეუცვლელი წევრია 1972 წლის შემდეგ, პრობლემა შეექმნა ხელზე და გაუკეთდა ოპერაცია, ადევს ნაკერები და სწორედ ახლა, ამ დღეების განმავლობაში გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოში ჩამობრძანებას და კონცერტში მონაწილეობის მიღებას. დღესდღეობით, დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ კონცერტი გადადებულია და ეს თარიღებიც - 16-17 სექტემბერი, ჯერჯერობით, ძალაშია“ - განაცხადა „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ. 

კონცერტების შესაძლო გადადების შესახებ დღეს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი. პირველ არხს რამდენიმე წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი ვარსკვლავის კონცერტები, შესაძლოა ოქტომბრისთვის გადაიდოს.