დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებს ბრძოლას იგივე შემართებით - გიორგი ფანცუალაია

17:05 09-05-2017
135

დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებს ბრძოლას იგივე შემართებით და არამც და არამც უკან დახევას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ადვოკატები, ასევე დეკანოზი გიორგი მამალაძე ბოლომდე იტოვებდა იმედს, რომ სასამართლო არ მოექცეოდა გავლენის ქვეშ და არ მიიღებდა ასეთ "უღირსს და უკანონო" გადაწყვეტილებას. 

"მიუხედავად ყველაფრისა, მისი დაკავებიდან რაც ხდებოდა დღემდე, ელოდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. შესაძლოა ვიღაცისთვის შეღავათი იყო მუხლის გადაკვალიფიცირება, თუმცა კიდევ უფრო აბსურდია ეს, რადგან თუ დეკანოზს ანგარება არ ჰქონდა, მაშინ მანიაკი ყოფილა და მოსაკლავად მისდევდა თუ რა მოტივი ჰქონდა?! ის თავიდან ბოლომდე რჩება ძველ პოზიციაზე, აპირებს ბრძოლას და იბრძოლებს, რომ მოსამართლეების მიმართ, ვინც ასეთ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს, სამართლებრივი რეაგირება დადგეს. ის აპირებს ბრძოლას და არამც და არამც უკან დახევას",- განაცხადა ფანცულაიამ.

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბიესიკ ბუგიანიშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად ედება საპატრიარქოს მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

მოსამართლემ ანგარების მოტივით  განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლი გადააკვალიფიცირა. კერძდ, კი მოხსნა დამამძიმებელი გარემოება  - ანგარების მოტივი