ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ კითხვის საპასუხოდ, მისი სიძის, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის გამო, ხომ არ გაწირა ე.წ. ციანის საქმის ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, აღნიშნა, რომ მას თუნდაც იმიტომ ვერ გაწირავდა, რომ საქმის თანამონაწილე არ ყოფილა.
ამის შესახებ მეუფე დიმიტრიმ ბათუმში, პრესკონფერენციისას განაცხადა.
"ვერაფრით გავწირავდი. რომ უნდა გაწირო, უნდა იყო თანამონაწილე. მინდა გითხრათ, რომ არანაირი თანამონაწილე არ ვყოფილვარ. რაც შეეხება სოსო ოხანაშვილს, თუ გაიხსენებთ თავიდან ჩემ განცხადებებს, ჯერ კიდევ გერმანიიდან გავაკეთე განცხადება, ვთქვი, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა, მათ სოციალურ სტატუსში ჩემ სიძესაც ვგულისხმობდი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რადგან საქმე გვაქვს საშიშ მძიმე ბრალდებასთან, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, აქედან გამომდინარე, გიორგი მამალაძეს ვერაფრით დაუმძიმდებოდა ამით საქმე", - აღნიშნა მეუფემ
მისი თქმით, დეკანოზთან ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ის მათი მღვდელმსახური იყო.
"მამა გიორგისთან მქონდა ურთიერთობა რა თქმა უნდა, ამას ვერაფრით ვერ ვუარყოფ, რადგან ის ჩვენი მღვდელმსახური იყო. ორი წერილი მომწერა ციხიდან, სადაც განიცდის ერთ მდგომარეობას, რომ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ საქმის კურსში არ გაყენებდით იმ საკითხებში, რომელსაც ვთვლიდი, რომ მე უნდა გადამეწყვიტა და ვფიქრობდი, რომ ამით გაწუხებდით, სასამართლოზეც ვუთხარი მას, როდესაც მკითხა, რომ თქვენთან შეუთანხმებლად არაფერს ვაკეთებდიო, ამ წერილშიც მწერდა, რომ თქვენ ხართ ჩემთვის ეტალონიო და მე მას ვუთხარი, რომ ბოდიში, მაგრამ ეტალონებს ასე არ ექცევიანთქო. ვიგულისხმე ის, რომ როდესაც ის აცხადებს, რომ უკვეთავდა შორენა თეთრუაშვილი გველის შხამს, თუ ციანიდს, ვუთხარი, რომ თუ ჩემთან ათანხმებდით ყველაფერს, ეს რატომ არ მითხარითთქო, რომ ამას გიკვეთავდათთქო", - აღნიშნა მეუფემ.