გაერო-ს კომიტეტში პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა

11:42 09-06-2017
88
თეგები: ფემიციდი

საიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, 2017 წლის 5 სექტემბერს გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში (CEDAW) ფემიციდის საქმე გაგზავნა.  საქმე ეხება სახელმწიფოს უმოქმედობას თავიდან აეცილებინა ფემიციდი (გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა) და დანაშაულის არასრულყოფილ გამოძიებას, რაც საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.

ბ. ძ. 2004 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ო.შ.-სთან და ცხოვრობდა ქ. რუსთავში. ვინაიდან ო.შ. სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, 2013 წლის სექტემბერიდან ბ.ძ. შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ო.შ.-მ განაგრძო მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის კულმინაცია გახდა 2014 წლის 6 მარტს ბ.ძ.-ს მკვლელობა.

მკვლელობამდე ბ.ძ.-ს 4-ჯერ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის (ბოლო შემთხვევაში მკვლელობამდე 4 დღით ადრე) და ითხოვდა მოძალადისგან დაცვას. ამის მიუხედავად, პოლიციამ და პროკურატურამ არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული რეაგირება ბ.ძ.-ს სიცოცხლის დასაცავად. ო.შ.-ს მსჯავრი დაედო განზრახ  მკვლელობაში (სსკ 108-ე მუხლი) და მიესაჯა მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი (7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა).

საია CEDAW-ში ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დისკრიმინაცია ბ.ძ.-ს მიმართ, რადგან: ა)  ვერ დაიცვა ბ.ძ.-ს სიცოცხლე; ბ) ვერ დაიცვა ბ.ძ.  არაადამიანური მოპყრობისგან; გ) არ გამოიძია ბ.ძ.-ს სიცოცხლის მოსპობა, როგორც გენდერული დანაშული; დ) ვერ შეძლო ღრმად დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების და დაქვემდებარების აღმოფხვრა, რაც ბ.ძ.-ს მკვლელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

საიას ეს საქმე ფემიციდის თაობაზე პირველი კომუნიკაციაა, რომელსაც CEDAW საქართველოსთან მიმართებით განიხილავს.

ავტორი: ლილუ მიროტაძე