ფაქტობრივად, ვენეციის კომისიას თავზე გადაახიეთ ყველა შეთანხმება - რატიანი "ქართულ ოცნებას"

15:18 09-06-2017
112

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის სერგო რატიანის განცხადებით, საშემოდგომო სესიების მთავარი გამოწვევა არის საკონსტიტუციო ცვლილებები, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით კი იმედგაცრუებულია როგორც როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოება. 

”ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი შეგვიძლია შევაჯამოთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით - ”მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ”. ეს არის მთავარი დიაგნოზი მთელი ამ პროცესისა. იმედგაცრუებულია ყველა, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოება. თქვენ პრაქტიკულად მოატყუეთ ყველა, როგორც საქართველოში, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ფაქტობრივად, ვენეციის კომისიას თავზე გადაახიეთ ყველა შეთანხმება”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე გაკეთებული თავისივე განცხადებები შეახსენა, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი ტყუილი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ამბობს, მაგრამ ეს არის ალბათ ბოლო ტყუილი, რომელსაც ამბობს.

"სამწუხაროა, მაგრამ ალბათ თქვენც კარგად გესმით, რომ ეს არის არაპოპულარული ნაბიჯი, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ აღარ გაინტერესებთ აღარც პრესტიჟი არც პოპულარობა, გაინტერესებთ, რომ გაყალბებით მოიგოთ შემდეგი არჩევნები”, - განაცხადა რატიანმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე