საქართველო არის სწორედ იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იყო 2000 წლის დასაწყისში ვიშეგრადის ქვეყნები - ვიქტორ დოლიძე

14:25 09-07-2017
115

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში უმნიშვნელოვანესია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით სწორ ნაბიჯებს დგამს.

ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას ემსახურება. ბატონი ჩაკრაბარტის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მთავრობის მუშაობა ამ მიმართულებით ზედმიწევნით სწორია და ის ნაბიჯები, რომელიც აქამდე გადაიდგა და მომავალშია დაგეგმილი, არის აბსოლიტურად ადეკვატური და ემსახურება იმ გამოძახილს, გამოწვევებს, რომელიც არამხოლოდ რეგიონში, არამედ თუნდაც მსოფლიო მასშტაბით არის. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ სად უნდა ჩაიდოს "EBRD"-ის და ევროპული ბანკის მომავალი ინვესტიციები. საქართველო არის სწორედ იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იყო 2000 წლის დასაწყისში ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ასევე, ბალტიის ქვეყნები, როდესაც მათი ეკონომიკური წინსვლა, ინფრასტრუქტურული მოწყობა იმ პერიოდში დაიწყო, რომლის შემდგომ მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხერხდა ევროკავშირის ზონაში. ანალოგიურ ვითარებაში იმყოფება დღეს საქართველო და ამ მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოძახილი უკვე გატარებული რეფორმებისა და იმისა, თუ რამდენად სწორად თანამშრომლობს ჩვენი ხელისუფლება როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. რაც ყველაზე მთავარია, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით აბსოლიტურად სწორ და გრძელვადიან მომავალზე გათვლილ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სიგნალი, რომელიც გუშინ გამოსცა ჩვენმა კოლეგამ და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნაბიჯებს, რომელიც დაგეგმილია როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ზედმიწევნით სწორად განვახორციელებთ",- განაცხადა დოლიძემ. 

EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი საქართველოში 6 სექტემბერს იმყოფებოდა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე