ე.წ. კორტების საქმეში მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მთავარი პროკურატურა დატოვა. როგორც უფლებადამცველმა დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას გაუხმაურებლობის ხელწერილი დაადებინეს, რის გამოც დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. თუმცა ველიჯანაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროკურატურის კობა გოგატიშვილსა და ფირცხალავას მეუღლეს შორის შეხვედრა თავად გოგატიშვილის ინიციატივით შედგა.
“რასაც ველოდი ის მოხდა, ხელწერილი დამადებინეს გაუხმაურებლობაზე, სწორედ ეს იყო მოტივი ჩემი დაკითხვის, რომ რეალურად არ ვისაუბროთ სიმართლე ამ საქმეზე. შესაბამისად დაკითხვის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. გეტყვით ძალიან მარტივად, როგორც განცხადება გავრცელდა თითქოს მოწმეზე ზეწოლა მოახდინა ოჯახის წევრებმა და იბარებენ ფირცხალავას ოჯახის წევრებს, მაშინ როდესაც ის მოწმე, რომელზეც საუბარი არის ფირცხალავა საერთოდ არ ამხელდა თავის ცრუ ჩვენებაში, აქედან გამომდინარე ის აბსურდულობა რასაც ახლა ადგილი ჰქონდა, რაც ჩემი დაკითხვით შემოიფარგლა. უშუალოდ ინიციატივა ამ მოწმის მხრიდან იყო ჩემზე იმიტომ, რომ ჩემთან დარეკა ამ მოწმემ და ითხოვა შეხვედრა ოჯახის წევრებთან, შესაბამისად მე ეს დავადასტურე, რომ ამ მოწმემ ნამდვილად მე დამირეკა და ითხოვა ხვიტიას ნომერი, რის შემდეგაც, მე ხვიტიას გადავეცი ამის ნომერი და ასე მოხდა მათი დაკავშირება. შესაბამისად ეს არის ჩემი ჩვენებიდან მნიშვნელოვანი და ეს დავადასტურე," - განაცხადა ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება დღეს ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქმის მოწმეზე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ზეწოლას ახდენდნენ, ჩვენების შეცვლას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.