საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დასახვედრად უკრაინაში ემზადებიან. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრმა, დავით საყვარელიძემ, მებრძოლებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ისინი მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში მშვიდ პირობებში დაბრუნების საშუალება უნდა მისცენ.
"უკრაინას აქვს შეთანხმება პოლონეთთან, რომ მოქალაქეობის არ მქონე პირის დაბრუნება და დეპორტაცია პოლონეთში დაუშვებელია. ამიტომაც ეს იურიდიულად გამორიცხულია. ადგილზე იურისტები და პოლიტიკოსები ამას გაარკვევენ და მიიღებენ ყველა იმ ზომას, რომ ასეთი სისულელე არ მოხდეს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, შეკრებილი რომ ყველა პროვოკაცია აღვკეთოთ. ძალიან ხარისხიანი აუდიტორია და ძალიან კარგი ხალხია შეკრებილი"- განაცხადა დავით საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვართან უკვე შეიკრიბნენ სააკაშვილის მხარდამჭერები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზიდან სააკაშვილის მხარდასაჭერად ლვოვში ჩავიდნენ.