(EXCLUSIVE) პატრიარქის ძმისშვილი დააშანტაჟეს?! - რატომ დაუწვეს ავტომობილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს?

10:53 09-11-2017
1468

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

 

 

ციანიდის საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო. საუკუნის სკანდალად შერაცხულ საქმეზე სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა საზოგადოების ნაწილი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას დღემდე ეჭვქვეშ აყენებს და შესაბამისად, უნდობლობას უცხადებს სასამართლოს ვერდიქტს. სკეპტიკოსებს შორის არის საქართველოს სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული განაჩენით მართლმსაჯულება ვერ აღსრულდა. 


გაცილებით მძიმე სასჯელს ელოდა პროკურატურის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მან ციანიდის გახმაურებული საქმე შეაჯამა და რამდენიმე საინტერესო დეტალიც ექსკლუზიურად გაგვიმხილა. 


– ირაკლი, საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს დეკანოზის ბრალეულობას, მათ შორის სახალხო დამცველიც, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს ამ განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა... ეჭვი მაქვს, შენ არ იზიარებ ამ მოსაზრებას?
– უჩა ნანუაშვილის განცხადებებს დიდი ხანია სერიოზულად არ აღვიქვამ. მინდა შეგახსენოთ, რომ ის თავის დროზე ასეთივე თავგამოდებით იცავდა ტერორისტებს და აქტიურად ითხოვდა მათ გათავისუფლებას. ასე რომ, რას იტყვის უჩა ნანუაშვილი, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა და ამ ადამიანის სუბიექტური დამოკიდებულება რეალობას ვერ შეცვლის.


– რომელ ტერორისტებს იცავდა ნანუაშვილი? გაბრაზებულის პოზიციიდან საუბრობ აშკარად...
– არანაირად. მინდა შეგახსენოთ, რომ ნანუაშვილი 2012 წელს კატეგორიულად მოითხოვდა ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას და მიაღწია კიდეც. ფაქტობრივად, მან დააშანტაჟა მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და ჩვენ ვიცით, რომ ჩატაევმა გათავისუფლების შემდეგ არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის მისი სახელი ფიგურირებს სტამბოლში მომხდარ ტერაქტში. ის აშშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში ირიცხება და ითვლება, რომ არის განსაკუთრებით საშიში ტერორისტი, რომელიც გათავისუფლების შემდეგ ქართველ სამართალდამცავებს ულტიმატუმსაც კი უყენებდა და საქართველოში მყოფ ტურისტებს ტერაქტებით ემუქრებოდა.

ახმედ ჩატაევს ახლო კავშირი ჰქონდა საქართველოში გასამართლებულ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებთან. როგორ დაუძვრა ხელიდან ჩატაევი ქართულ მართლმსაჯულებას მას შემდეგ, რაც ის 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს? ეს მოხდა უშუალოდ უჩა ნანუაშვილის შანტაჟითა და კატეგორიული მოთხოვნით. მან სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში გახვია მთელი ქვეყანა, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან განსაკუთრებით საშიში ტერორისტი გაათავისუფლა.

მაინტერესებს, თუ იღებს პასუხისმგებლობას უჩა ნანუაშვილი ამ ყველაფერზე? ყოველივე აქედან გამომდინარე, მე მას არ მივიჩნევ პროცესების ნეიტრალურ და ობიექტურ შემფასებლად. ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი, რომელიც ზერელედ, დილეტანტის დონეზე აკეთებს საკუთარ დასკვნებს და ამით ცდილობს საზოგადოებაში ქულების ჩაწერას, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ მკვლელებისა და ტერორისტების მხარდაჭერით ის ვერანაირ დივიდენდებს ვერ მიიღებს.

ისეთივე უდანაშაულოა გიორგი მამალაძე, როგორი უდანაშაულოც აღმოჩნდა ახმედ ჩატაევი. თუ მართლმსაჯულების აღსრულებაზეა საუბარი, ის სწორედ ჩატაევთან მიმართებაში არ აღსრულდა და ამაში ლომის წილი სწორედ უჩა ნანუაშვილს მიუძღვის. 


– გასულ კვირას, მეუფე დიმიტრიმ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა... რას იტყვი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის განცხადებებზე?
– პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ მეუფე დიმიტრი იყო გიორგი მამალაძის სულიერი მოძღვარი და მისი ყველაზე ნდობით აღჭურვილი სასულიერო პირი. ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი ეს ორაზროვანი განცხადებები, რადგან, ერთი მხრივ, ამბობდა, რომ დეკანოზმა უნდა მოინანიოს, მეორე მხრივ კი გამორიცხავდა როგორც შორენა თეთრუაშვილის, ისე კათოლიკოს-პატრიარქის ლიკვიდაციას.

მეტიც, მან საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა ციანიდის არსებობა, თუმცა მოდით, დააკვირდით, რა უძღოდა წინ ამ პრესკონფერენციას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პრესკონფერენციამდე ორი დღით ადრე გაუთქმელობის პირობის მიუხედავად, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა „რუსთავი 2“-ს გადასცეს ფარული ჩანაწერები.

ის, რაც პროკურატურას თავის დროზე არ გაუსაჯაროებია. ეს რომ ადვოკატებმა გადასცეს „კურიერს“, ამაში ორი აზრი არ არსებობს, რადგან ამ ჩანაწერებზე ხელი მიუწვდება მხოლოდ მათ და პროკურატურას. გამოძიების ინტერესებში რომ არ შედიოდა ჩანაწერების გასაჯაროება, ამაზე, მგონი, ვთანხმდებით. შესაბამისად, უტყუარია, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ეს ჩანაწერები მოხვდა ადვოკატებისგან, უშუალოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფთან, ანუ გიორგი მამალაძესთან შეთანხმებით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დაშანტაჟების მცდელობა. 


– რას გულისხმობ?
– თუ დააკვირდებით, დიდი ზარ-ზეიმით დაანონსებულ ამ რეპორტაჟში საინტერესო არაფერი თქმულა, გარდა იმისა, რომ მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო სწორედ მეუფე დიმიტრიზე. მათ ამ რეპორტაჟით გაუგზავნეს ე.წ. მესიჯი დიმიტრი შიოლაშვილს. „ვისი დავალებით მიემგზავრებოდა და ვინ ელოდებოდა მამა გიორგის ბერლინში“, – ასეთი იყო ამ რეპორტაჟის სულისკვეთება. შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო მეუფე დიმიტრი, რომელიც ბერლინიდან ინტერესდებოდა, როდის ჩავიდოდა იქ დეკანოზი.

ანუ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს პირდაპირ მიანიშნეს და დააშანტაჟეს, რომ, თუ ის გარკვეულწილად მხარს არ დაუჭერდა გიორგი მამალაძეს, მასზე დაიდებოდა სხვა მასალებიც. როგორც ჩანს, მეუფე დიმიტრი ამ შანტაჟს წამოეგო. პრესკონფერენციაზე ის საკმაოდ დაბნეული იყო და აკეთებდა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. ცდილობდა, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, თუმცა მიზანი მიღწეულია – მან ეჭვქვეშ დააყენა, რომ საერთოდ ვინმეს მკვლელობა იგეგმებოდა და სასამართლოს განაჩენსაც, შესაბამისად უნდობლობა გამოუცხადა. სწორედ ამაზე იყო გათვლილი ადვოკატების მიერ „რუსთავი 2“-თვის მიწოდებული ჩანაწერები.

კიდევ ვიმეორებ, რომ საპატრიარქოში გზა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე დიმიტრიმ გაუკვალა, მას ახლო კავშირი ჰქონდა სოსო ოხანაშვილთან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ერთგვარი მუქარა და შანტაჟი უშუალოდ გიორგი მამალაძის ინიციატივით, რადგან მისი ნებართვის გარეშე ადვოკატები ამ ჩანაწერებს ვერ გაასაჯაროებდნენ. თუ მეუფე არ გააკეთებდა მხარდამჭერ განცხადებას, მას გაცილებით მძიმე ფაქტებს დაუდებდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ დეკანოზის ძმა ახლაც კატეგორიულად მოითხოვს მიტროპოლიტთან შეხვედრას, თუმცა ჟურნალისტის კითხვას, რა აქვს სათქმელი მეუფე დიმიტრისთვის, თორნიკე მამალაძემ თავი აარიდა და თქვა, რომ საჯაროდ ამაზე არ ილაპარაკებს.

საინტერესოა, რატომ სურს კონსპირაციული საუბარი დეკანოზის ძმას მეუფე დიმიტრისთან? ზუსტად ვიცი, რომ ბერლინიდან მეუფე დიმიტრის ნამდვილად ჰქონდა კომუნიკაცია გიორგი მამალაძესთან. მეტიც, ყველა ის თემა, რასაც მე მაძლევდა, როგორც ჟურნალისტს, უშუალოდ მეუფესთან იყო შეთანხმებული. ჩემი თანდასწრებით არაერთხელ დაურეკავს მასთან და გადაუგზავნია კიდეც სტატიები. ერთ-ერთი ასეთი საგაზეთო სტატია სასწრაფოდ ჩაუტანა მეუფე დიმიტრის ყაზბეგში, სადაც იმ პერიოდში ისვენებდა მეუფე.  


– შენ ამბობ, რომ მეუფე დიმიტრის დაშანტაჟება სცადეს... და რატომ წამოეგებოდა მეუფე ამ შანტაჟს, თუკი ის არაფერ შუაშია?
– მეუფის მიერ გაკეთებული განცხადებები არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არაფერ შუაშია. მე ვფიქრობ, გარკვეული გარემოებების გამო, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი იძულებული გახდა, ღია მხარდაჭერა გამოეცხადებინა გიორგი მამალაძისთვის. რა როლი მიუძღვის მას ციანიდის საქმეში, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. 


– და მართლაც, რამდენად დამაჯერებელია პროკურატურის ვერსია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შესახებ, როდესაც მათ მიერვე გამოქვეყნებულ ჩანაწერებში საუბარია ადამიანზე, რომელიც ტკბილს არ ჭამს... როგორც ცნობილია, თეთრუაშვილი შაქარს ჩვეულებრივ იღებს. შესაბამისად, პროკურატურის ვერსია კითხვებს ნამდვილად აჩენს... არ მეთანხმები?
– აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ სამიზნე შორენა თეთრუაშვილი კი არა, უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქი იყო, ვინაიდან ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტკბილს არ ჭამს, ეს არის ილია მეორე, მაგრამ პროკურატურა, ცხადია, მხოლოდ ამ მტკიცებულებით ვერ იხელმძღვანელებდა.

საქმეში დევს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ვერსიას უფრო ამყარებდა. შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობამ რისი დასკვნის გაკეთების საშუალებაც მისცათ, ის ბრალი წაუყენეს. ჩემსა და გიორგი მამალაძეს შორის შემდგარი საუბრებიდან გამომდინარე, მეც მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს დანაშაული იგეგმებოდა კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ.

გასაგებია, რომ პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები თეთრუაშვილთან მიმართებით შეკრიბა, მაგრამ მოდით, წინ ნუ გავუსწრებთ ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეც. მერწმუნეთ, იქ საკმაოდ საინტერესო გვარები ამოტივტივდება. 


– შენ როდესაც გადაწყვიტე, პროკურატურისთვის მიგემართა, ფიქრობდი, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა მზადდებოდა?
– ჩემი ეჭვები იყო პატრიარქის მკვლელობის ირგვლივ, რადგან ამ ყველაფერს წინ უძღოდა საპატრიარქოში ილია მეორისთვის საგანგებო პალატის მოწყობა, სადაც პატრიარქი უნდა ჰყოლოდათ იზოლირებული. იანვარში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც სხვა ადამიანიც ესწრებოდა, მამა გიორგიმ პირდაპირ მითხრა, რომ პატრიარქი მაქსიმუმ თებერვლის ბოლომდე იცოცხლებდა. მან ძალიან რთულად დაახასიათა მისი უწმინდესობა და აღნიშნა, რომ სიბერის გამო უამრავი პათოლოგია განუვითარდა.

ამ ყველაფრის შემდეგ პატრიარქი ოპერაციისთვის მიჰყავთ გერმანიაში, გიორგი მამალაძე კი სასწრაფოდ მთხოვს ციანიდის მოძიებას და ამ ნივთიერებით გერმანიაში გამგზავრებას. მიუხედავად ამისა, ჩვენებაში დავწერე, რომ დანაშაული იგეგმებოდა პატრიარქის ან მისი დელეგაციის რომელიმე წევრის წინააღმდეგ.

თუ არანაირი საშიშროება არ იყო, სად გაქრა პატრიარქის პირადი დაცვა? რატომ გამოიცვალა თითქმის სრული შემადგენლობა? ესე იგი, პატრიარქის უსაფრთხოება არ იყო სათანადოდ დაცული. მერწმუნეთ, საზოგადოება ამ საქმის ირგვლივ კიდევ ბევრ რამეს გაიგებს და საბოლოოდ დარწმუნდება, რასთან გვქონდა საქმე. 


– მეუფე დიმიტრიმ პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა ჭყონდიდის მიტროპოლიტი... როგორ ფიქრობ, რატომ დაუპირისპირდა ის მეუფე პეტრეს?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ „რუსთავი 2“-თვის ჩანაწერების გადაცემა, რომელიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, მეუფე დიმიტრის დაშანტაჟებას ისახავდა მიზნად, სწორედ პეტრე ცაავასთან ყოფილიყო შეთანხმებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გიორგი მამალაძეს მეუფე პეტრემ აუყვანა ადვოკატი, მიხეილ რამიშვილის სახით, და ცხადია, ადვოკატი გაუთქმელობის პირობას მეუფის ხელდასხმის გარეშე არ დაარღვევდა. 


– მეუფე დიმიტრიმ ჭყონდიდის მიტროპოლიტის მისამართით კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა: მან აღნიშნა, რომ 5-6 წლის წინათ, როდესაც გიორგი მამალაძე უკრაინაში მსახურობდა, მეუფე პეტრე თავად აფრთხილებდა დონეცკის მოსახლეობას, რომ მამალაძისგან თავი შორს დაეჭირათ... როგორ ფიქრობ, რა საფრთხეს ხედავდა მაშინ მეუფე პეტრე მამა გიორგის სახით?  
– არ ვიცი, კონკრეტულად რას აფრთხილებდა დონეცკის მოსახლეობას მეუფე პეტრე, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, რომ დეკანოზს უკრაინაში ავტომობილი დაუწვეს. ამას წინ უძღოდა საკმაოდ დიდი სკანდალი. პირადული თემაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა მისგანვე ვიცი, რომ მას საკმაოდ მძიმე ბრალდებას უყენებდა მრევლი.

როგორც საეკლესიო, ისე საერო კანონებით ძალიან მძიმე სასჯელი ელოდა, ამიტომ დაუყოვნებლივ დააბრუნეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში. არ გამოვრიცხავ, რომ მეუფე პეტრე სწორედ ამ ეპიზოდს გულისხმობდა, თუკი ასეთი საუბარი ნამდვილად ჰქონდა დონეცკის მოსახლეობასთან. 

მიხეილ რამიშვილი, ადვოკატი:
– ირაკლი მამალაძე თავს ხომ მიიჩნევს საქართველოს მხსნელად, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, რომ ჩვენ, ადვოკატებმა, გაუთქმელობის პირობა დავარღვიეთ, მიმართოს პროკურატურას. არა მგონია, ეს გაუჭირდეს. დაწეროს განცხადება და იმიტომ არის გამოძიება, რომ გაარკვიოს, ვინ ვის რა გადასცა და ვინ ვის აშანტაჟებს.


– თქვენი ვერსიით, საიდან გაჟონა დახურულ საქმეში არსებულმა მტკიცებულებამ?
– ვერ გეტყვით. პროკურატურაში მოიძიონ, იქნებ ვინმე ჰყავთ ისეთი. თუ რამე პრეტენზია აქვს ირაკლი მამალაძეს, აგერ არის საგამოძიებო ორგანოები და დაწეროს განცხადება. 


– და აქვე გკითხავთ მეუფე დიმიტრის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ... მან, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ დააყენა გამოძიების ვერსია და განაცხადა, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა... რას იტყვით ამაზე?
– მის განცხადებებს ვერანაირ შეფასებას ვერ მივცემ. ის გახლავთ სასულიერო პირი და თავად უკეთესად იცის, რა უნდა თქვას. მეუფე დიმიტრი იყო ბრალდების მხარის მოწმე და სასამართლოშიც მისცა ჩვენება.