ირაკლი ფირცხალავას მეუღლე სასამართლოს წესით დაკითხვას ითხოვს და პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

11:00 09-11-2017
122

ე.წ კორტების საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მოწმეზე ზეწოლის საქმეზე სასამართლო წესით დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნინო ხვიტიამ სახალხო დამცველის ოფისის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

,,დღეს 12 საათზე უნდა მივსულიყავი პროკურატურაში დაკითხვაზე, მაგრამ შევცვალე ჩემი შეთანხმება და უკვე ვაუწყე გამომძიებელს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. იმ მაღალი ვარაუდით, რომ მე დავრწმუნდი ეს მოწმე თავისი სურვილით იყო ჩემთან მოსული, ნამდვილად გადმომცა ინფორმაცია, რომელიც დიდი ალბათობით რეალურია. ინფორმაციამ გაჟონა და ის აღმოჩნდა პროკურატურის ადვოკატების ხელში. მათ ხელში მოხდა ჩვენების შეთითხვნა, იმის გამო, რომ მოეხდინათ პრევენცია ჩადენილი ქმედების საპასუხოდ. მე არ მივდივარ სასამართლოში. მოვითხოვთ მოსამართლეს თანდასწრებით ჩემს დაკითხვას. პროკურატურას უნდობლობას ვუცხადებ", - განაცხადა ნინო ხვიტიამ.

შეგახსენებთ, რომ კორტების საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია პროკურატურაში იყო დაბარებული მოწმეზე ზემოქმედების საქმესთან დაკავშირებით. საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ვაზაგაშვილების ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ პროკურატურის მთავარ მოწმეზე ფირცხალავას ოჯახის წევრები ჩვენების შეცვლის მოთხოვნით ზეწოლას ახორციელებდნენ. გაგი მოსიაშვილის ბრიფინგის შემდეგ ნინო ხვიტიამ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც მთავარი მოწმე საუბრობს პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე, ცრუ ჩვენების შეცვლის მიზნით. ნინო ხვიტიას პოზიციით პროკურატურამ მას დაასწრო და საქმის პრევენციას ცდილობს.