ივა კუზანოვის შესახებ ფილმს იღებენ

12:05 09-11-2017
335

ცნობილ ქართველ პლასტიკურ ქირურგს ივა კუზანოვს 2018 წლის 21 აპრილს 70 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით  მის შესახებ დოკუმენტური ფილმი მზადდება, რომელზეც დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი მუშაობს. ფილმის გადაღებების პროცესი უკვე დაწყებულია და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. ფილმის გადაღების იდეა „კუზანოვის კლინიკის“ დირექტორს ავთო ტუღუშს ეკუთვნის, რომელიც „პრაიმტაიმთან“ ამ იდეის შესახებ საუბრობს.


– გვითხარით, როგორ გაჩნდა დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა?
– ბატონი ივა მომავალი წლის 21 აპრილს 70 წლის ხდება და ვფიქრობდით, რა საჩუქარი გაგვეკეთებინა. მე მომივიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ფილმი ბატონ ივაზე, რადგან მის პერსონაზე არასდროს გადაღებულა დოკუმენტური ფილმი. ჩვენ ძირითადად ვიცით, რომ „კუზანოვის კლინიკა“ პლასტიკურ ქირურგიაზე მუშაობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ აქ მიკროქირურგიული და რეკონსტრუქციული ოპერაციები კეთდება.

მინდოდა, რომ ადამიანებს, მაყურებელს ეკრანზე ენახა, როგორი ოპერაციები კეთდება „კუზანოვის კლინიკაში“.  და რომ ეს არამარტო ესთეტიკური ოპერაციებია. ეს არის ბიოგრაფიული ფილმი. როგორ დაიწყო ივა კუზანოვმა მოღვაწეობა, რა დაამთავრა, როგორ დაამთავრა და როგორ მივიდა იქამდე, სანამ „ივა კუზანოვი“ გახდებოდა. ასევე, ასახული იქნება კლინიკის გარეთ მისი ცხოვრება – როგორ ისვენებს, როგორ ერთობა, როგორ ემზადება ოპერაციისთვის.

როდესაც თომას იდეა გავაცანი და პირველ ოპერაციას დაესწრო, – ეს იყო ტრანსგენდერის სქესის შეცვლის ოპერაცია, – მან თქვა, რომ უნიკალური ფილმი გამოვიდოდა. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება.


– როგორ იყო ივა კუზანოვის რეაქცია, როცა გაიგო რომ, მის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებდით?
– მკითხა, იყო თუ არა საჭირო ამ ფილმის გადაღება, რაზეც ვუთხარი, რომ საჭიროა. ბატონ ივას პიარის გაკეთება არ უნდოდა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ადამიანზე და იმ უნიკალურ ოპერაციებზე, რასაც ის აკეთებს, იყოს დოკუმენტური ფილმი, რომ ის სანახაობრივად ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. პლასტიკურ ოპერაციებზე ბევრი იწერება, არის ბევრი ფოტო, ვიდეო, მაგრამ ფილმში დანახული პაციენტი – როგორ ნერვიულობს ოპერაციამდე, როგორია მისი შედეგი, ოპერაციის შემდგომი ემოციები – სულ სხვანაირია.


– პრეზენტაცია სად გაიმართება?
– პრეზენტაცია კინოთეატრ „ამირანში“ ან „რუსთაველში“ გაიმართება. ჯერ გადაწყვეტილი არ არის. დრო საკმარისად გვაქვს ამაზე ფიქრისთვის. შემდეგ აუცილებლად რომელიმე ტელეარხზე გავუშვებთ ამ ფილმს. მანამდე კი სოციალურ ქსელში ფილმიდან პატარა მონაკვეთები, ე.წ. თიზერები დაიდება და მაყურებელს ფილმზე ზოგადი წარმოდგენა შეექმნება. 
ფილმის სხვადასხვა ეპიზოდებს საქართველოს რეგიონებში გადავიღებთ, სადაც „კუზანოვის კლინიკის“ ფილიალებია გახსნილი: ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. თელავში კლინიკის გახსნა 30 სექტემბერს იგეგმება. 

„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ფილმის ავტორსაც, დოკუმენტალისტ თომა ჩაგელიშვილს, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ამ ფილმის გადაღება  დიდი გამოწვევაა. 


– რა მოტივაცია გქონდათ, როდესაც ამ დოკუმენტური ფილმის გადაღებას დასთანხმდით?
– ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ ვესაუბრებით ადამიანს, რომელიც ჩვენთან ფუძემდებელია პლასტიკური ქირურგიის, რეკონსტრუქციული ქირურგიის. ადამიანია ჩემთვის ძალიან საინტერესო, ჩემი მთავარი მოტივატორი, როგორ რეჟისორისთვის. ერთია პლასტიკური ქირურგია და მეორე ის, რომ ადამიანის ხელახლა დაბადებაში შეიძლება მიიღო მონაწილეობა და იმ ადამიანს გაიცნობ, ვისაც ეს შეუძია გააკეთოს.
– გადაღებების პროცესში რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
– გადაღებების პროცესი ჯერ კიდევ მიდის და ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, მთავარია, ამ ადამიანში ვიპოვო წერტილი, რა ამოძრავებს, ავანტიურისტული რა აქვს. ჩემი ამოცანაა, მისი პორტრეტი გავხსნა და მაყურებლამდე მივიტანო.


– რა მოლოდინები გაქვთ, როგორ მიიღებს ფილმს მაყურებელი?
– ვფიქრობ, მაყურებელი კარგად მიიღებს ამ ფილმს, რადგან ჩვენი ფილმის გმირი ძალიან საინტერესო ადამიანია. ერთადერთია, რომელიც ძალიან რთულ ოპერაციებს აკეთებს, მაგრამ მარტო ოპერაციები არ არის მთავარი, ის პაციენტებს საკუთარი თავის რწმენას აძლევს. რაც მე დავინახე, არის ის, რომ ის ადამიანებს აძლევს საკუთარი თავის რწმენას, ეს არ არის მხოლოდ პლასტიკა, ან რეკონსტრუქცია. აქედან სხვანაირი ადამიანები გადიან. ეს იქნება ამბავი და არა მონათხრობი. თვითონ მაყურებელი უნდა მივიდეს ივას პერსონაჟთან.


– ივა კუზანოვის გარდა, სხვა პერსონაჟებიც არიან ფილმში? 
– მთავარი გმირი არის ივა. ეს ფილმი არის ივას პორტრეტი და ამ პორტრეტში წამყვანი ადგილი უკავია მის კარიერას, თუმცა კლინიკის გარეთ არსებული ცხოვრებაც იქნება ასახული.


– რამდენად საინტერესოა თქვენთვის, როგორც რეჟისორისთვის, ამ ფილმზე მუშაობა?
– მე მაინტერესებს ადამიანები, საინტერესო ხალხი და ეს არის ჩემთვის ახალი გამოწვევა.  ივა კუზანოვი უნიკალური პიროვნებაა და მინდა, მაყურებელს დავანახო, რა უნიკალურ ოპერაციებს აკეთებს.

დოკუმენტური ფილმის გადაღება მაისში დაიწყო და მისი თიზერების ნახვა დაინტერესებულ მაყურებელს „კუზანოვის კლინიკის“ ფეისბუკგვერდზე  უკვე შეუძლია. ფილმში ასახული იქნება ისეთი რთული ოპერაციები, როგორიც არის სქესის შეცვლა, პოსტტრავმული რეკონსტრუქცია. ამასთანავე, მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, ნახოს ესთეტიკური ოპერაციები და ის, როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება და ემოციური მდგომარეობა გარეგნობის შეცვლასთან ერთად.

 

 

ავტორი: ლიზი არსოშვილი