ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ გეზი პოლიტიკური სივრცის განახლებისა და გადახალისებისკენ აიღო. პოლიტიკის კეთებაში ახალი სახეებიც ჩაერთვნენ, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა საზოგადოებრივი კაპიტალით მოდის. ეს საპარლამენტო არჩევნებზეც გამოჩნდა და ახლაც, როცა თვითმმართველობის წინასაარჩევნო მარათონი მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ახალი სახეა ვატო შაქარიშვილი, რომელიც საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად სულ ახლახან წარადგინეს. გამარჯვების შემთხვევაში, 26 წლის დამწყებ პოლიტიკოსს საბურთალოს მცხოვრებლების კომფორტზე მოუწევს ზრუნვა.
ვატო საჯარო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ამბობს, რომ პოლიტიკურ ველზე წლების განმავლობაში მყოფ პოლიტიკოსებს გამოცდილებით ვერ შეედრება, თუმცა მისი და სხვა ახალგაზრდა კანდიდატების უპირატესობა ახალი შესაძლებლობები და პოლიტიკის ახლებური გააზრებაა.
ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკოსი სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა და სწავლობდა, პარალელურად კი, აბიტურიენტობიდანვე იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობებში.
„პატარა ასაკიდანვე პოლიტიკური პროცესის მონაწილე ვიყავი და ყველა იმ მოვლენის ეპიცენტრში ვიდექი, რაც 2007 წლიდან დღემდე მომხდარა საქართველოში. ამ პროცესებმა დიდი წვლილი ითამაშა ჩემი სამომავლო ხედვების ჩამოყალიბებაში. სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლისადმი ჩემი მისწრაფებები საზოგადოებაში მიმდინარე ძალიან საინტერესო, აქტიურ პროცესებს დაემთხვა. აქედან გამომდინარე, 17 წლის ასაკში ზუსტად ვიცოდი, რას ვაპირებდი.
ჩავაბარე ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელსაც პროფესორი ალექსანდრე რონდელი ხელმძღვანელობდა. დღეს, ამ პიროვნებისა და სხვა ძალიან მაღალკვალიფიციური ლექტორების წინაშე მადლობა მაქვს სათქმელი, მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს საგანმანათლებლო ფუნდამენტის მშენებლობაში.
მათ მომცეს თვითგამორკვევისა და სამომავლო მიმართულების შერჩევის საშუალება. აქ მქონდა პირველი შეხება პოლიტოლოგიის ანაბანასთან, პოლიტიკურ იდეოლოგიებთან. ასე ვთქვათ, თეორიასთან. პარალელურად გროვდებოდა ჩემში პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკული გამოცდილება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა სამოქალაქო და პოლიტიკური ციებ-ცხელების პერიოდი იყო 2008-2012 წლები. ლექციებიდან პროტესტის ეპიცენტრში მივდიოდი. ხალხთან ერთად ვიბრძოდი, პირველ რიგში, სამართლიანობის დამყარებისთვის“.
აქტივისტის საქმიანობა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებით გაგრძელდა. პოლიტიკაში ჩართვას კი, როგორც თვითონ ამბობს, მალე უსაფუძვლო ბრალდება და ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვა.
„2012 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე სამოქალაქო მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ და ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთას ჩავუდექი სათავეში. ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევდა ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა, რადგან, მიუხედავად მათი სურვილისა, არსებობდა შიში და ძალადობის რისკები. სწორედ ამ მეთოდებით ხდებოდა ახალგაზრდული ენერგიის ჩახშობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ წარმოვადგენდით პოლიტიკურ ორგანიზაციას, თუმცა ჩვენი მიზანი სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო, ხშირად ვხდებოდით დევნის ობიექტი.
ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები გავერთიანდით ერთი ჭეშმარიტების გარშემო – არჩევანი ჩემია! ჩვენ გვინდოდა, დაგვეცვა ყველა ადამიანის კონსტიტუციური და ფუნდამენტური უფლება – ჰქონდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება.
ამაყი ვარ, რომ ამ მიზნისთვის ბრძოლას ჩემი თავისუფლებაც შევწირე და უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებით აღმოვჩნდი იმ ათიათასობით ადამიანის რიგებში, ვინც რეჟიმის მსხვერპლი გახდა. საბედნიეროდ, არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყანაში სხვა რეალობა დადგა“, – იხსენებს ახალგაზრდა პოლიტიკოსი.
შეკითხვაზე, რატომ მიიღო საარჩევნო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება, ამბობს, რომ პოლიტიკურ რეალობას ახალგაზრდული ენერგია, განახლებული, თანამედროვე ხედვები და მიდგომები სჭირდება. მისი თქმით, ეთანხმება ხელისუფლების მიდგომას, საზოგადოებას უფრო ფართო არჩევანი უნდა შეეთავაზოს და პროცესში პოლიტიკის ახალი შემქმნელები ჩაერთონ.
„მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, იმ თაობას წარმოვადგენ, რომელმაც ფეხი დანგრეულ და ნაომარ თბილისში აიდგა. სამწუხაროდ, პატარა ასაკიდან მოგვიხდა გაჭირვების გამოვლა. ჩვენ ვუყურებდით მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებსაც ძალიან უჭირდათ. ამ ყველაფერმა, ვფიქრობ, დიდწილად განაპირობა ჩემში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება, სხვაზე ზრუნვისა და საერთო საქმის კეთების სურვილი. დღეს უკვე ამის შესაძლებლობა გამიჩნდა და გააზრებულად ვერთვები საარჩევნო პროცესში. ვიღებ პასუხისმგებლობას, ვემსახურო ჩემს ქალაქსა და თანაქალაქელებს.
„ქართული ოცნების“ გუნდისა და მერობის კანდიდატის კახა კალაძის მომავლის ხედვა, ჩემი სამოქალაქო აქტიურობის არაერთწლიანი გამოცდილება, ჩემი ქალაქის სიყვარული და მასზე ზრუნვის სურვილი მაძლევს უფლებას, გამოვთქვა მზაობა, ვიყო ხელისუფლების იმ რგოლის წარმომადგენელი, რომელიც ყველაზე ახლო უნდა იყოს ხალხთან“, – ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი და იმ გეგმებზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც საკუთარ რაიონში აპირებს:
„საბურთალოს მოსახლეობას იმავე ტიპის პრობლემები აქვს, როგორიც მთელ თბილისსა და საქართველოს. აქ არსებობს როგორც ლოკალური, ასევე საერთო ეროვნული პრობლემები. ჩემი პრიორიტეტი ქალაქში და კერძოდ, საბურთალოზე მეტი საზოგადოებრივი სივრცეა – პარკები, სკვერები და, ზოგადად, ადამიანისთვის მეტი სივრცე. ვფიქრობ, საჭიროა, არა მხოლოდ სატრანსპორტო მოძრაობის, არამედ მობილობის, ანუ გადაადგილების პრობლემის მოგვარება. თუ ჩვენ მხოლოდ გზებს გავაფართოებთ, მეტად გაიზრდება ავტომანქანების ნაკადი.
თუ ამ სიბრტყეში თანაბრად განვიხილავთ ქვეითს, ველოსიპედისტსა და მძღოლებს, მაშინ საჭიროა სივრცის ისე დაგეგმარება, რომ ყოველ მათგანს ჰქონდეს კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება. ცხადია, ამას ემატება განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილებაც, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელი და დიდი მნიშვნელობისაა. ზოგადად, პრობლემებთან დაკავშირებით ყველა თანხმდება, მაგრამ ამასთანავე, საჭიროა, არსებობდეს ფართო შეთანხმება გამოწვევების დაძლევის გზებთან დაკავშირებით“.
ფიქრობს, რომ პოლიტიკის შემქმნელების მიერ ჩამოსაყალიბებელია არა მარტო ახლებური ხედვა, არამედ ტერმინოლოგიაც, რომელშიც მთავარი ადამიანი იქნება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი სწორედ ადამიანისა და მისი ღირსების პრიორიტეტად ქცევაა.
„მთავარია ადამიანზე ვიზრუნოთ, მისთვის უსაფრთხო, მისი ღირსებისთვის შესაფერისი გარემო შევქმნათ. სხვა გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია. შესაძლოა, პოლიტიკაში ვერავინ მიაღწიოს 100%-იან შედეგს, დაუშვას შეცდომები, თუმცა ამ შეცდომებმა არ უნდა გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესები და არ უნდა დააზიანოს ადამიანი“, – განმარტავს ახალგაზრდა პოლიტიკოსი და წინა ხელისუფლებების შეფასებისას ამბობს, რომ ჰუმანურობისგან დაცლილი პოლიტიკა არაფრისმომცემია.
ახალგაზრდა პოლიტიკოსს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი თქმით, მეუღლის თანადგომის გარეშე კარიერული მიზნების მიღწევა გაუძნელდებოდა. ამბობს, რომ ოჯახს მის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს:
„მადლობელი ვარ ჩემი მეუღლისა და ჩემი მშობლების. 15 წლის ვიყავი, როდესაც მამა დამეღუპა, თუმცა მისმა რჩევებმა და შეგონებებმა აქამდე მომიყვანა. ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო ბევრის გადატანა მოუხდა დედასაც, თუმცა ჩემთან ერთად იბრძოდა და იმ პერიოდშიც, როცა პატარა ვიყავი, არასოდეს შეუშლია ხელი ჩემი არჩევანისთვის, ვყოფილიყავი იქ, სადაც ყველა იდგა ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს ძალიან დასაფასებელია“.