,,ქართველთა მარში" ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის პიკეტირებას აანონსებს - ხელისუფლებას სიურპრიზს ვუმზადებთ

12:53 09-11-2017
221

სახალხო მოძრაობა ,,ქართული მარში" რადიკალურ და გრძელვადიან აქციებს აანონსებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს არ მიყიდოს ქართული მიწა უცხოელებს. ამის შესახებ ,,ქართული მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა. 

მისი თქმით, ხვალ ქართველთა მარშის ახალგაზრდული ფრთა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის პიკეტირებას მოახდენს. 

,,სამშაბათს 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან დაიწყება მსვლელობა, რომელიც მიემართება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისისკენ, სადაც ჩატარდება საპროტესტო აქცია, ხოლო შემდგომ აქცია გადაინაცვლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ მოვახდენთ ქართული ოცნების ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას. ქართული მარში იძულებული გახდა მიემართა უკიდურესი ზომისთვის, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა გაუგონარი სახის ავაზაკობა, როდესაც დაარღვია მოცემული პირობა იმის თაობაზე, რომ ქართული მიწა არ გაიყიდებოდა და ყოველივე ეს კანონმდებლობაში გაიწერებოდა. ხელისუფლება ცდილობს მოატყუოს საქართველოს ხელისუფლება, ამომრჩეველი. ერთი მხრივ კონსტიტუციაში წერს, რომ უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა არის აკრძალული და მეორე მხრივ კომერციულ ბანკებს და საქართველოს მთავრობას აძლევს უფლებას პირდაპირი განკარგვის წესით გასცეს ქართული მიწა უცხოელებზე. ქართული მიწა გაიყიდება იმაზე უარესად, ვიდრე იყიდებოდა და ესა არის პირდაპირ შეიძლება ითქვას სამშობლოს ღალატი", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე. 

,,ქართველთა მარშის" ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ, რამდენი ხანი გაგრძელდება ქართული ოცნების" შტაბის პიკეტირება, თუმც აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სიურპრიზს  უმზადებენ. 

,,რა სიურპრიზზეა საუბარი ხვალ გახდება ცნობილი", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ავტორი: სალომე ჩადუნელი