კრისტი ყიფშიძე და დალი ჩიტალაძე გრიგოლეთში ისვენებენ. მოდის კრიტიკოსის ბინა აჭარის ზღვის სანაპიროზე დგას და როგორც კრისტი ამბობს, ნამდვილი სამოთხეა. დალის ხშირად სტუმრობენ ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები. ანრი ჯოხაძემ ზურა მანაგაძის „ტირიფებზე“ კლიპი სწორედ ამ ლამაზ გარემოში გადაიღო. წელს დალის ცოტა ხნით „პრაიმ შოუს“ წამყვანებიც ესტუმრნენ. მოდის კრიტიკოსმა კი თავისი ახალი საქმე იპოვა. სოციალურ ქსელში გახსნა გვერდი, სადაც კონსულტაციებს აძლევს მათ, ვისაც მოდის სფეროში რჩევა სჭირდებათ.
დალი:
– დიდი ქალაქები არ მიყვარს. ეს ის ადგილია, სადაც მართლა დაისვენებ. ზღვა პირდაპირ ეზოში მაქვს, სად უნდა წავიდე (იცინის)? თან სანაპირო ქვიშიანია, ქვებზე შალახოს ცეკვა არ გვიწევს გადაადგილებისას. ვიკვებებით ნატურალურად. ძირითადად თევზს გეახლებით. ეს არის ნაოჭების საწინააღმდეგო დიეტა. თბილისში არ არის ახალი თევზის ფუფუნება. ვიტამინი ომეგა სამი ზღვის თევზს უფრო დიდი რაოდენობით აქვს. სოფლის წიწილები მოაქვთ ჩვენთან სუფსიდან, სოფლის ნატურალური ყველი. ასე რომ, ჯანსაღად ვიკვებებით.
კრისტი:
– დალის ძალიან ლამაზი სახლი აქვს, კუნძულივითაა, მოწყვეტილი რეალობას. აქ ნამდვილი დასვენებაა. ჩაცმაც არ გჭირდება, პირდაპირ მიბმული ხარ სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმი და სანაპირო, სრული განცხრომაა. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და ხვალ უკვე თბილისში მოვდივართ.
– შენს კარიერაში რა ხდება?
– წელს ტრადიციულად „აჭარის მოდის კვირეულზე“ გამოვედი. ამ ჩვენების შემდეგ ვთქვი, რომ ჩვენებებში აღარ მივიღებ მონაწილეობას. ახლა ასეთ განწყობაზე ვარ.
– რატომ?
– აღარ მინდა, თითქოს ამოვწურე ჩემი თავი.
– სამოდელო კარიერას ასრულებ?
– გადაღებებზე უარს არასდროს ვიტყვი, გადაჭრით ჯერ ვერც პოდიუმზე ვერ ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასვენება მჭირდება ამ ყველაფრისგან.
– დიდი გოგო ხარ უკვე თუ?
– არ ვიცი, აღარ მინდა. სამოდელო კარიერის 24 წელი მისრულდება ნოემბერში. დალი მეუბნება, 25 წლამდე მაინც გაგექაჩაო, მაგრამ... არ მინდა... სხვა გეგმები მაქვს, რომელზეც ჯერ ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ გპირდები, რომ პირველი შენ გაიგებ.
– ასე უბრალოდ მიდიხარ, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე?
– ფეხბურთელი ხომ არ ვარ, სტადიონიდან გამოვაცხადო ეს ამბავი (იცინის).
– დალი, ახალ ამპლუაში გნახეთ ბოლო დროს...
– ეს არის ჩემი ახალი გვერდი სოციალურ ქსელში „შოპინგი დალისთან ერთად“ (shopping With dali). ეს ჩემთვის გართობაც არის და საქმეც. ია ფარულავას იდეა იყო, მსგავსი გვერდი შემექმნა. შეიძლება ითქვას, რომ ფარულავამ ჩუსტით მცემა, სანამ თავისი არ გაიტანა (იცინის). მეხმარება ამ სფეროში მცოდნე, სტუდენტი გიგა უჩუვატოვი, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრ ტექნიკურ საკითხში გავერკვიე. ამ გვერდის მომხმარებელი ჩემგან იღებს რჩევას, როგორ ჩავიცვათ, რა მოგვიხდება, ვაკეთებ მიმოხილვებს მოდის კვირეულებიდან...
– კრიტიკაც არის?
– ნაკლებად. ქართველი დიზაინერები ხომ ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ამიტომ ვცდილობ, არ ვიყო კრიტიკული, ჩასაფრებული. ახალგაზრდა კრიტიკოსებს და ბლოგერებსაც ამასვე ვურჩევ, ვიყოთ ლოიალურები, რომ მეტი სტიმული მივცეთ ქართველ დიზაინერებს. რომ გამოვიდნენ სხვისი გავლენიდან და დაიბადონ ისეთები, როგორიც არის დევიდ კომა და დემნა გვასალია. მათ არ გამოუვლიათ კრიტიკა, უცბად გახდნენ ვარსკვლავები.
– დალი, ჩვენს მკითხველსაც მივცეთ რჩევები ჩაცმის კუთხით. რა ტენდენციებია გასათვალისწინებელი ამ სეზონზე?
– მოდურია სიჭრელე, სხვადასხვა პრინტების ერთმანეთში არევა. მოდაშია მამაკაცის დიდი პიჯაკები, ჯინსის ნაჭრები, მაღალწელიანი შარვლები, აპლიკაცია, სიბრჭყვიალე. მოკლედ, წელს ფერადი ზამთარი გვაქვს. თეთრი და წითელია მოდური.
– სტილი?
– ლიბერალური. რაც გიხდება, ის ჩაიცვი. ტენდენცია არის მუხლის ქვევით სიგრძე ან მაღალ ბოდფორდებზე ძალიან მოკლე. 80-90-იანების სტილი ბრუნდება. მადონა გაიხსენეთ...
– ფეხსაცმელი?
– ტენდენციურია სქელი ქუსლი და ოდნავ მომრგვალებული ცხვირი. აქტუალურია ისევ წვრილი ქუსლი და მოკლეწვეტიანი კლასიკური ფეხსაცმელი.
– აქსესუარები?
– მოდურია ფოსტალიონის ჯაჭვებიანი ჩანთები, ძალიან დიდი ჩანთები, რომელშიც აუცილებლად უნდა გეგდოს პატარა ჩანთა, რადგან დღის ბოლოს შეიძლება დაგჭირდეს. დიდი აქსესუარები არ არის ტენდენციური. ბეჭედი თუ დიდია, ერთი უნდა გეკეთოს. დიდი ყელსაბამიც არაა რეკომენდებული, არ უნდა ყვიროდეს... ამისთვის გავაკეთე ეს გვერდი, რომ რჩევები მივცე მომხმარებელს. ვიცი, სად რა იყიდება, რა ღირს. ვაპირებ მეორადებში შესვლას და იქიდან ლუქების არჩევას. უნდა იცოდეს ხალხმა, რომ მხოლოდ მილიონებში არაა გემოვნება. კერძო სტილისტი არ არის პოპულარული ჩვენს ქვეყანაში. არადა საზღვარგარეთ ამაში ძალიან ბევრს ფულს ხარჯავენ. მინდა საქართველოშიც გამომიჩნდნენ მიმდევრები, რომ გემოვნება დავუხვეწოთ თუნდაც საშუალო ფენის ადამიანებს. ზოგიერთმა, უბრალოდ, არ იცის, რა სტილი აქვს და ამაშიც უნდა დაეხმარო. ასე რომ, ყველანაირი ბიუჯეტის მქონე ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი რჩევები მიიღოს.
– დალი, კრისტი არ იტყვის და შენ მითხარი, ხომ არ თხოვდება.
– (იცინის) უკვე ისეთ ხასიათზეა, მართლა პრინცი თუ არ შეხვდა, არ გათხოვდება.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“