დიზაინერ ზალიკო ბერგერის პოპულარობამ პიკს მიაღწია. ამის მიზეზი ის ვიდეოლაივი გახდა, რომელიც მთვრალმა ბერგერმა თავად გადაიღო. დიზაინერი ბათუმის ქუჩებში დადის და შენობა-ნაგებობებს ათვალიერებინებს მაყურებელს. თან კომენტარებს აკეთებს, რომ ეს ყველაფერი მიშამ ააშენა და რომ ან მიშა უნდა დავაბრუნოთ, ან კახა ცისკარიძე ავირჩიოთ ქალაქის მერად, რადგან სხვა შემთხვევაში არაფერი გვეშველება. მეორე დღეს ვიდეო სხვადასხვა საიტმა დადო და სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა ზალიკომანიამ. ამას მეორე ვიდეო მოჰყვა, რომელშიც დიზაინერი წინა ლაივის გამავრცელებელს უშვერი სიტყვებით ლანძღავს.
დიზაინერი ამბობს, რომ ასეთი პოპულარული არასდროს ყოფილა. მისი პაროდიებიც გაკეთა სოციალურ ქსელში, გაჩნდა ფოტოები ზალიკოს კარიკატურით. ერთი სიტყვით, ზალიკო თბილისში კონსპირაციულად დაბრუნდა.
ჩვენ მას ინტერვიუ ვთხოვეთ.
– ზალიკო, როგორ ხარ, გამოფხიზლდი?
– რისგან?
– მეკითხები კიდეც? მთელი სოციალური ქსელი ელოდება შენს ლაივებს...
– აღარ ვაპირებ დალევას. დაწერეთ, ამპულა ჩაიდგა-თქო, ნუღარ დამელოდებიან...
– მართლა ხომ არ ჩაიდგი?
– არა, ქალო, ეგეთი ლოთიც არ ვარ, არ შემარგეს ორი დალევა ბათუმში, არ გაიხარონ ამათ (იცინის).
– მეორე ვიდეოში ძალიან აგრესიული იყავი, ვის ლანძღავდი?
– რა ვიცი, ვიღაცა ჟურნალისტკას, მაგრამ ტყუილად ვერჩოდი თურმე. შემაქეზეს. ვიღაც გოგომ დამირეკა, ეს ჟურნალისტი როგორ არის შენზე გადამტერებული, როგორ ჩაგისაფრდა და მოიპარა ლაივიო... საქმე იმაშია, რომ ღამე ეს ვიდეო წავშალე. მთვრალი კი ვიყავი, მაგრამ, ეტყობა, რაღაც არ მომეწონა მაინც. დილით რომ გავიღვიძე, ყველას ედო უკვე. ფხიზელზე აღარ მომეწონა. ჩავრთე თუ არა, დავინახე თუ არა საკუთარი თავი, დედას გეფიცები, ეგრევე გამოვრთე. არ მინახავს დღემდე. ფხიზელი ვერ ვნახავ მაგ ვიდეოს. ხუთშაბათს ვაპირებ დალევას და შემდეგ ლაივზე განვიხილავ აუცილებლად.
– შეგრცხვა?
– დედა, რა გადათხლეშილი ვარ, სირცხვილით აღარ ვარ. სიამოვნებით წავშლიდი, მაგრამ რომელი ერთი წავშალო ან რაღა დროსია, ყველამ ნახა უკვე... ამდენი მნახველი და ვიდეოს გამრჩევი თუ არსებობდა, ვერც წარმოვიდგენდი. რომ შეკრიბო ერთად ნახვების რაოდენობა ყველა საიტზე და პირად ფეისბუკგვერდებზე, მილიონებს ურტყამს.
– ხუთშაბათს დავლევო, მითხარი, რა ხდება ხუთშაბათს?
– ხუთშაბათობით „მერლინში“ ხომ ვაკეთებ ხოლმე ტუსოვკას...
– აჰა, თბილისში დაბრუნებულხარ, როგორ შეგხვდა დედაქალაქი?
– არ იციან, ინკოგნიტოდ ვარ ჩამოსული. ერთ მომენტში ფანჯარა ჩამოვწიე და მთელი ქუჩა აყვირდა და გამომეკიდა. ადრეც კი მცნობდნენ, მაგრამ ახლა უკვე ისტერიკაშია ხალხი. ვიღას ახსოვს თავზარიკო ცხენიანი, ყველა ბათუმის ვიდეოს აზიარებს. მე მეგონა, პოპულარულ სერიალში ვთამაშობდი, თურმე სად ბანაობ, დალიე, გაიარე ბათუმში, ჩართე ლაივი და... (იცინის) რა ვყოფილვარ, ხედავთ, ერთი გავიარე მთვრალმა, წავიბლუყუნე და აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატები არჩევდნენ, რას ვლაპარაკობდი ბათუმზე, ვინ რა ააშენა და ა.შ.
– მართლა არ იცოდი, რომ კახა ცისკარიძე აღარ იყრის კენჭს ბათუმის მერობაზე?
– უი, აღარ?
– ვეღარ. როცა მერობა გადაწყვიტა და პრესკონფერენცია მოიწვია, სამი დღის გასული იყო რეგისტრაციის ვადა...
– (იცინის) ფხიზელმა კახაბერმა ვერ გაარკვია, ჰქონდა თუ არა ვადა და მე, მთვრალ ბერგერს რაღა მომეკითხებოდა. მაშ, ამხელა ვიდეო ცისკარიძის მხარდასაჭერად ტყუილად ჩავწერე? მთელი ქოცები შეწუხდნენ, არიქა მიშისტი ყოფილაო... ისე კარგი პიარი კი გავუკეთე და გამოდის, წყალში ჩამეყარა? ახლა თბილისის მერობის კანდიდატებმა იკითხონ, მათ სასარგებლოდ არ ჩავწერო ვიდეო, თორემ მერე ნახონ (იცინის).
– ვის სასარგებლოდ ჩაწერდი?
– ვინც მეტს გადაიხდის (იცინის).
– უარყოფითი გამოხმაურება იყო?
– მე პირადად მარტო ერთი გზავნილი მომივიდა უარყოფითი. არ მესიამოვნა, მივწერე, ხომ ნახე, რანაირი გინება ვიცი, ხეცურიანი რომ იღვიძებს ჩემში-მეთქი (ზალიკოს ნამდვილი გვარი ხეცურიანია. – ავტ.)... ერთ-ერთ „ფეიჯზე“ ჩემს ვიდეოს 290 ათასი ნახვა ჰქონდა ერთ ღამეში. ამდენ მნახველს ერთ ღამეში ახალ კლიპებზე შაკირა და ჯენიფერ ლოპესი ერთად ვერ კრებენ (იცინის). ვერ გავიგე, მაიკლ ჯექსონი ვარ?! იმის მერე აღარ დამილევია. ხუთშაბათს ველოდები, რომ მეორე ლაივი გავაკეთო ქვეყანაში. თბილისისკენ რომ მოვდიოდი, ის ქარის წისქვილები თუ ელექტროღუმელები რომ გააკეთა კალაძემ, იმას ვუყურებდი. კი ვიფიქრე, ხომ არ ჩამოვიდე, ერთი ლაივი აქედან გავაკეთო, მთლად ნაცისტობაში რომ არ დამდონ-მეთქი ბრალი. პოლიტიკურად რომ შეაფასეს ეს ვიდეო, არ მომეწონა. მე ყველა მთავრობის გაკეთებულ სიკეთეს ვხედავ!
– დაისვენე მაინც?
– რა დამასვენებდა. დღე მე არ მინახავს და ზღვა. ბათუმში სულ კონცერტები და ღამის თენებაა. ახლა თბილისში ჩამოვედი, რომ დავისვენო და იქნებ სოლარიუმშიც ვიარო, ზაგარი მივიღო (იცინის).
– როგორც ვხვდები, ბოდიშს არ იხდი...
– საბოდიშო რა მაქვს. ბოდიში აქეთ მომიხადონ და მადლობა, რომ ამისთანა ოქრო ვყავარ ქვეყანას.
P.S. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ კახაბერი კენჭს მაინც იყრის ბათუმის მერობაზე. მომღერალი უკვე დარეგისტრირდა. კახაბერ ცისკარიძე „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიამ“ წარადგინა. 27 აგვისტოს კახაბერ ცისკარიძემ დამოუკიდებელი კანდიდატობის სურვილი დააფიქსირა, თუმცა საარჩევნო პროცედურების მიხედვით, დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირების ვადა უკვე გასული იყო.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“