ლადო სადღობელაშვილი მასობრივ სასიკვდილო შიმშილობის აქციას აანონსებს - სოციალურად დაუცველთა და უსახლკაროთა მოთხოვნები  

14:51 09-14-2017
114

ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალურად დაუცველთა და უსახლკაროთა  აქცია მიმდინარეობდა, რომლის მთავარი მოთხოვნაა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება და   სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა სოფრომაძის გადადგომა. აქციის ორგანიზატორის და "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ლიდერის ლადო სადღობელაშვილის თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები შეუერთდებიან “ქართველთა მარშის” მიერ დაანონსებულ  შიმშილობის აქციას.

"ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა უქნარა, ფაშისტი ზაზა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლება. ამ პიროვნების პირადი დავალებით საქართველოს უამრავ მოქალაქეზე იქნა სოციალური დახმარება მოხსნილი. მინდა დავით სერგეენკოს შევახსენო იმის შესახებ, რომ  საქართველოში ფიქსირდება 30 ათას ოჯახზე მეტი უსახლკარო, რომელსაც მოვლა სჭირდება. ისინი პირდაპირ დაქვემდებარებაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან. კეთილი ინებოს და დაეხმარო, აღუდგინონ უსამართლოდ, ფაშისტური მეთოდებით ჩამორთმეული სოციალური დახმარება და დააკმაყოფილონ ჩვენი თანამოქალაქეები საცხოვრებელი სახლებით. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი სულ მალე დაგეგმილი "ქარველთა მარშის" შიმშილობას თავისი მოთხოვნებით შეურთდება და გაიმართება მასობრივი სასიკვდილო შიმშილობის აქცია კანცელარიის წინ" - ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მრჩეველის, ია მეტრეველის განცხადებით, აქციის მონაწილეებს მოთხოვნებს რაღაც კუთხით ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს ნამდვილად უსამართლოდ შეუწყდა დახმარება. მისი თქმით, მიმდინარეობს პროგრამის გადახედვა და ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად ეკუთვნით სოციალური დახმარება აუცილებლად მიიღებენ. 

"დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით, რასაც ითხოვენ ეს ადამიანები რაღაც კუთხით ამ მოთხოვნებს ვეთანხმები, რადგან ნამდვილად ბევრ ადამიანს შეუწყდა უსამართლოდ ეს დახმარებები. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იყო მრავალშვილიან ოჯახებზე და ბევრი ახალი ოჯახი ჩაერთო, რომელიც ადრე არ იღებდა დახმარებას. თუმცა, გარკვეული რაოდენობის ადამიანებს, რომლებიც დახმარებას იღებდნენ შეუწყდათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური პროგრამა, ამიტომ პროგრამის გადახედვა მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს თვითმმართველობებთან მოლაპარაკებები, რათა ჩაერთონ. პროგრამა გადახედვის პროცესშია, აუცილებლად გამოსწორდება მდგომაროება და აუცილებლად მიიღებენ სოციალურ დახმარება ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის", -  განაცხადა ია მეტრეველმა.