ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით მორიგი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

11:04 09-15-2017
128

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტა ფხენიანიდან გაუშვეს.
BBC -ს ცნობით, იაპონიის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

იაპონიის პრემიერის განცხადებით, მისი ქვეყანა არ მოითმენს ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს და თუ ფხენიანმა ასე გააგრძელა, მას არ ექნება ნათელი მომავალი.

იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ფხენიანიდან გაშვებულმა რაკეტის სიმაღლემ 770 კილომეტრს მიაღწია და მან წყნარ ოკეანეში ჩამოვარდნამდე 3700 კილომეტრი იფრინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შედეგი გააუმჯობესა.

იაპონიის მთავრობის სახელმწიფო მინისტრმა იოშიხიდე  სუგამ განაცხადა, რომ გაშვებულმა რაკეტამ ჰოკეიდოს ახლოს ჩაურა, მაგრამ ამ ტერიტორიაზე რაკეტის ფრაგმენტების აღმოჩენა ვერ შეძლეს.
29 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის ნასროლმა რაკეტამ იაპონიას  გადაუფრინა. მაშინ რაკეტამ 2700 კილომეტრი იფრინა და მისი მაქსიმალური სიმაღლე 550 კილომეტრი იყო.
გაეროს უშიშროების საბჭომ 12 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე დაწესდა.

3 სექტემბერს კი  ჩრდილოეთ კორეამ  განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე შეიძლება. იაპონელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა აფეთქების სიმძლავრე 160 კილოტონა იყო. კიმ ჩენ ინის თქმით, მეექსვსე ბირთვული ცდა ჩრდილოკორეელი ხალხის დიდი გამარჯვებაა.


   ავტორი: დავით აფციაური