"რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, დავით საყვარელიძის მხარდასაჭერად კიევიდან ლვოვში რადას დეპუტატების ჯგუფი ჩავიდა. რადას დეპუტატების შეფასებით, უკრაინის პროკურატურა სასამართლოზე ზეწოლას ახდენს და დანაშაულს ჩადის.
„ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს სპეცოპერაცია და უკანონო ქმედებები კოორდინირებულია კიევიდან, გენერალური პროკურატურიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. იქ იწერება სცენარები, ვინ როგორ და როდის უნდა გაასამართლონ. ეს მიუღებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გენერალური პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და კარნახობს როდის რა გადაწყვეტილება მიიღოს,"- განაცხადა უკრაინის რადას წევრმა, იური დერევიანკომ.
უკრაინის სახალხო დეპუტატის, დიმიტრი დობროდომოვის განცხადებით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„კანონის დარღვევას საერთოდ არ ჰქონია საზღვარზე ადგილი. იქ დეპუტატებიც ვიმყოფებოდით. იყვნენ უცხოელი ჟურნალისტები, მათ შორის თქვენი ტელეკომპანიაც და ხალხს იძულებით აჩერებდნენ ადგილზე, რომელიც მათივე თქმით, დანაღმული იყო. ასეთ დროს, კანონის თანახმად, თუ ტერიტორია დანაღმულია, უნდა მოხდეს ევაკუაცია და ის სასწრაფოდ უნდა დატოვოს ხალხმა, ასეც მოხდა და მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ტყუილად ედავებიან. ხელისუფლებას თავისივე განცხადებებით აებნა თავგზა. ერთადერთი რამ სურდათ, რომ სააკაშვილი არ მიეშვათ მესაზღვრეებამდე, რადგან პოროშენკოსთვის ძალიან რთული იქნებოდა თავის მართლება ევროპელი პარტნიორების წინაშე, რატომ გათელა ფეხქვეშ საერთაშორისო დოკუმენტები,"- განაცხადა დობროდომოვმა.