ავტორი: სალომე ჩადუნელი
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების კამპანია ვაშლების დარიგების საპილოტე პროგრამით დაიწყო. ინიციატივას დაანონსების დღიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმ ფონზე, როცა ვაშლის დარიგების კამპანიის წარდგენისას თავად მინისტრსაც ეღიმება, საზოგადოების არასერიოზული და იუმორისტული შეფასებები აღარ უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა ამ დამოკიდებულებას განათლების სამინისტროსთვის ხელი არ შეუშლია, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს ვაშლებისა და იმ ბავშვების ბედს, რომლებსაც ხილი ყოველკვირა დაურიგდებათ.
„თქვენ ყველანი ვაშლებზე რომ ლაპარაკობთ, სწორედ ეს იყო მიზანი. ძალიან გვიხარია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მივაქციეთ თქვენი, ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღება. ვაშლები ამ შემოდგომის თემაა, მომავალ წელს სხვა თემები იქნება“, – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ვფიქრობ, საკამათოა, ნამდვილად ჯანსაღი ცხოვრების წესმა მიიქცია საზოგადოების ყურადღება თუ, უბრალოდ, ვაშლმა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვაშლის დარიგების კამპანიის დაანონსებით გადაიფარა არანაკლებ პოპულარული „მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების თემა“, ბუფეტებში მავნე საკვების გაყიდვის აკრძალვა და ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადების პროგრამა. სინამდვილეში ყველა ეს სიახლე, ვაშლების ჩათვლით, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ნაწილია და ბევრ ისეთ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც ჯერ არ დაანონსებულა. ამ თემების შესახებ ინფორმაცია ყველას არ აქვს, აი, ვაშლის შესახებ კი ყველამ ყველაფერი იცის. ამას ემატება აჟიოტაჟი, რომელიც ვაშლზე გამოცხადებულ ტენდერს მოჰყვა. სატენდერო დოკუმენტაციაშიც განხილვის საგანი არა ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის მნიშვნელობა, არამედ ვაშლებზე დაწესებული მოთხოვნები იყო.
ტენდერი 260 000 ერთეული ვაშლის შესაძენად გამოცხადდა, რომელიც თბილისის 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაურიგდებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლებს გარეცხილი ვაშლები უნდა მიაწოდოს და კონკრეტული მოთხოვნებიც დააკმაყოფილოს. მათ შორის:
· თითოეული ვაშლი არანაკლებ 150 გრამი
o ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისთვის დამახასიათებელი
o უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა), ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე
o პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური.
o სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება, ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლის მიწოდება
o სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი
o მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში).
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ვაშლის ვიზუალურ მხარესთან ერთად, დაცული უნდა იყოს ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმებიც:
– საკვები პროდუქტის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას;
– მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით, რომლებიც უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და უცხო სუნის გარეშე;
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოწოდებული ვაშლი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაუწევს მონიტორინგს კანონით გაწერილი ნორმების დაცვას.
ვაშლი ყველა სკოლაში არ დარიგდება. პროგრამა საპილოტეა და როგორც განათლების სამინისტროში განგვიმარტავენ, სკოლებიც საცდელად ერთი კონკრეტული ნიშნის მიხედვით შეირჩა – ვაშლები პირველ ეტაპზე თბილისში მხოლოდ იმ სკოლებს დაურიგდებათ, სადაც ათასზე მეტი ბავშვი სწავლობს.
მაია მუშკუდიანი, განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერი:
– სკოლაში ხილის დარიგება ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტია. კამპანია ემსახურება მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულობას, საპილოტედ მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, თბილისის ყველა უბნის 2 ყველაზე დიდი სკოლა შევარჩიეთ. ეს კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება, რადგან მოსწავლეები დღეს არაჯანსაღ პროდუქტს უფრო ეტანებიან, ვიდრე ხილსა და ბოსტნეულს. აღნიშნული საკითხები მშობლებთან შეხვედრებისას გამოიკვეთა და საზოგადოების ამ ნაწილს მიაჩნია, რომ მათი შვილებისთვის ვაშლის დარიგება ჯანმრთელობისა და სიჯანსაღის საწინდარი იქნება.
– პროექტი მოსალოდნელი შედეგების ნაწილის გარეშე არ არსებობს, რა მოსალოდნელი შედეგი აქვს ამ პროექტს? როგორ გაზომავთ, გაამართლა თუ არა ამ კამპანიამ?
– ძალიან ბევრ ქვეყანაში სკოლაში ვაშლები ჩვეულებრივი მოვლენაა და არამარტო სკოლაში სასტუმროებშიც კი. საგამოფენო სივრცეში, სადაც ახლა მე ვიმყოფები, ვაზაში ხილი დევს და მათ შორის ვაშლი. ვაშლი, ფაქტობრივად, ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლოა. პროექტი არის ჯანსაღი ცხოვრების კამპანია, რომელიც მასიურად მოსწავლეების ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
– დიახ, მაგრამ სიმბოლო, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება... ამაზე უჩნდება საზოგადოებას კითხვები სწორედ....
– ჩიფსი აიკრძალა და ჯანსაღი პროდუქტით უნდა ჩანაცვლდეს. ჩვენ ბავშვების ჯანმრთელობაში უფრო მეტ თანხებს ვხარჯავთ, დამეთანხმებით.
– ბუფეტებმა ჩაანაცვლონ მავნე საკვები ვაშლით და სახელმწიფომ ვაშლის დარიგებაში თანხა არ დახარჯოს, მსგავსი სცენარი შესაძლებელი არ არის?
– კი, რა თქმა უნდა, ეს ვცადეთ, მაგრამ ბავშვები ხილსა და ბოსტნეულს არ ეტანებიან. ჩვენ გვინდა ჯანსაღ პროდუქტს მივაჩვიოთ და ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დავეხმაროთ.
– ბუფეტებში რომ იყიდება ის არაეფექტურია, იმიტომ რომ ბავშვი არ იყიდის, მაგრამ თუ უფასოდ დარიგდება, უფრო შეჭამს – გათვლა ესაა?
– ბავშვი, როდესაც არჩევანი აქვს, თავად ხილს არ იყიდის. ჩვენ ვაძლევთ ვაშლს, რომ ამ პროდუქტს შეეჩვიოს და ყოველდღიურ რაციონში გადაიტანოს.
– როცა ვაშლი დარიგდება, ვინმე გაუწევს კონტროლს, ბავშვებმა მართლა შეჭამეს თუ არა? „დაძალებები“ ხომ არ იქნება?
– კი, რასაკვირველია, კონტროლს სკოლის ადმინისტრაცია გაუწევს. დაძალება, რა თქმა უნდა, არ იქნება.
– თუ არის დათვლილი, რამდენია ვაშლების დარიგების კამპანიის მიზნების განხორციელების შანსი?
– გვაქვს შანსი, რომ ბავშვები საზოგადოების, მშობლების დახმარებით ჯანსაღი ცხოვრების წესს აირჩევენ. ამასთანავე, სოციოლოგიურ კვლევას ჩავატარებთ, რათა გავიგოთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიამ რა შედეგზე გაგვიყვანა.
– თქვენ ხვდებით მშობლებს, მათი რეაქცია და პოზიცია როგორი იყო ვაშლების დარიგების კამპანიის შესახებ?
– ერთსულოვნად პოზიტიური, სადაც ვერ შეგვაქვს, იქაც აქვთ სურვილი, რომ შევიტანოთ. ბევრმა გამოთქვა სურვილი, სკოლაში ხილი ბავშვს თავად გაატანოს.
– როდის შეიტანთ ვაშლს უკვე ყველა სკოლაში?
– ეს არის კამპანია. ეს არ ნიშნავს, რომ ვაშლს ყველა სკოლაში შევიტანთ. შესაძლოა, სხვა კომპონენტებით გავაგრძელოთ და სხვა სკოლებში სხვა სიახლეები შევიტანოთ.
სატენდერო განაცხადების მიღება, ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 21 სექტემბერს შეწყდება და როგორც მინისტრი ალექსადრე ჯეჯელავა ამბობს, „ოქტომბრიდან კვირაში ერთხელ სკოლაში ვაშლი დაიწყებს სტუმრობას“.
როგორ დახვდებიან „სტუმარს“ საჯარო სკოლები, ჯერჯერობით გაურკვეველია. დეტალები ტენდერის ვადების პარალელურად მიმდინარეობს და ოქტომბრიდან ცნობილი გახდება.
ნანა ტაბატაძე, 161-ე სკოლის დირექტორის მოადგილე: „ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ ვართ. ვაშლი რაოდენობითაა და, ალბათ, მოგვეცემა ინსტრუქცია, რა რაოდენობის ვაშლს ჩავიბარებთ და როგორ. ისიც არ ვიცით, კლასებს უნდა დავურიგოთ თუ არა. დეტალების გასარკვევად კონსულტაციები სამინისტროსთან მიდის. პროცედურა რთულია და გადაწყვეტილება მისაღები და ჩამოსაყალიბებელი გვაქვს დეტალებთან დაკავშირებით.
– თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ გაუწევს ხარისხის კონტროლს? ამაზე თუ მიდის კონსულტაციები?
– საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ, სავარაუდოდ, შემოწმებას თვითონვე ჩაატარებენ. 20 000-მდე ვაშლი ერთეულის შემოწმება რთული საქმეა. ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. ევროპის სკოლებში ასე ხდება, მაგრამ იქ მოსწავლეების დამოკიდებულება სხვანაირია. ისინი მიჩვეულები არიან, მაგრამ არაუშავს, ჩვენც მივაჩვევთ. ჩვენთვისაც ახალია ეს. ალბათ, პრაქტიკაც გვაჩვენებს, უკეთესი როგორ იქნება – კლასებს უნდა მივაწოდოთ თუ სადმე დავდოთ და ბავშვები თვითონ აიღებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოიტანოს პროგრამამ, მისი ეფექტურობაც რთული გასაზომია. არც ისაა ცნობილი, გაგრძელდება თუ არა ვაშლის დარიგების კამპანია სხვა სკოლებშიც და მოიცავს თუ არა მთელ საქართველოს, თუმცა ცნობილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის სიმბოლოდ წოდებული ვაშლი სახელმწიფოს 78 000 ლარი უჯდება.