ზურაბ ბიგვავა: ელისაშვილი მგონია, რომ რაციონალური არ არის. თუმცა, ემოციურია, გულახდილია და ადამიანებს ეს მოსწონთ

16:32 09-18-2017
126

,,ის არის სწორედ პროტესტის გამომხატველი და საპროტესტო აურის მატარებელი პიროვნება", - ასე აფასებს სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ,,პრაიმტაიმთან" საუბრისას მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს. 

ზურაბ ბიგვავას თქმით, ელისაშვილის საარჩევნო კამპანია უარყოფით ემოციაზეა აგებული და კანდიდატს პრობლემის გადაჭრის რეალური გეგმა ჯერ არ წარმოუჩენია. 

,,ელისაშვილი კრიტიკის ტალღაზე მოვიდა. ყოველთვის აკრიტიკებდა: აქ კორუფცია ხდება, იქ კატასტროფის წინაშე ვდგავართ, ის არ გაკეთდა, ის გააფუჭეს – ეს ყველაფერი არის უარყოფით ემოციაზე აგებული კამპანია. მისი ჟურნალისტური საქმიანობაც ხომ ძირითადად სულ კრიტიკა იყო, ჩხუბობდა ხოლმე სატელევიზიო ეთერში. ის მიმზიდველია ახალგაზრდების იმ ნაწილისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ჩქარა უნდა შედეგის მიღება, გაღიზიანებულია. დაახლოებით რაც არის შალვა ნათელაშვილი, თუმცა, მისი ელექტორატი უფრო  ახალგაზრდულია. 
თუმცა, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე არის ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია და საზოგადოება მათ გადაწყვეტას ელოდება, მხოლოდ პროტესტის გამოხატვითა და დაფიქსირებით უკვე დაიღალა. ელისაშვილს ამ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის გზებზე არც უსაუბრია. არც გეგმა მინახავს რამე, რომ მას ეთქვას, ამ გეგმით ვიმუშავებო. კი, ამბობს, მე არ დავუშვებ, მე ვიქნები რაღაცის წინააღმდეგი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა სიტყვას და ყველა მის დაპირებას წინ უძღვის „არ“... ამიტომაც ის არის სწორედ პროტესტის გამომხატველი და საპროტესტო აურის მატარებელი პიროვნება.   
საზოგადოება კი დაიღალა საპროტესტო ფრაზებით და მხოლოდ პროტესტის გამოხატვით. მას სჭირდება რაციონალური ლიდერი, რომელიც სერიოზულ პრობლემებს ეფექტურად გადაჭრის. ეს პრობლემები მხოლოდ პროტესტის გამოხატვით და მხოლოდ წინააღმდეგობებით არ გადაწყდება. ამას სჭირდება შეთანხმება, ამას სჭირდება პროფესიონალი, სჭირდება ზოგჯერ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხალხს რომ შეეკითხო, გეტყვის, მასე არ უნდა გააკეთოო. ხალხი ყოველთვის მართალი არ არის. ხალხმა შეიძლება გარკვეულ მომენტში პროტესტი გამოხატოს ემოციურად. 
ამტომაც საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც შეძლებს ქალაქის დალაგებას, სერიოზული გამოწვევების მიღებას და პრობლემების გადაჭრას. თბილისი ქვეყნის განვითარების მხრივაც მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქვეყნის პრობლემების გადაჭრა თბილისის მეშვეობით ხდება ხოლმე. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც რაციონალურად უდგება პრობლემებს. ელისაშვილი მგონია, რომ რაციონალური არ არის. თუმცა, ემოციურია, გულახდილია და ადამიანებს ეს მოსწონთ", - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ. 

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი