საყდრისის კომიტეტის წევრებმა "არემჯი გოლდზე" გარემოს დაცვის სამინისტროს კვლევის შედეგები გაასაჯაროვეს

13:08 09-19-2017
106

საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, კომიტეტის წევრებმა გაასაჯარვოეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ კომპანია "არემჯი გოლდის" გარემოზე ზემოქმედების ექსპერტიზის შედეგები, რომელზეც, მისი თქმით, არც კომპანია საუბრობს და არც სამინსიტრო.

როგორც ბურჭულაძემ დღეს კომპანიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, გარემოზე ზემოქმედების ოდენობა რამდენიმე ასეულ ლარს აჭარბებს.

"წერილიც გვაქვს მიწერილი და პასუხს ველოდებით, თუმცა თუ არ გაგვცემენ პასუხს, იქაც მივალთ აქციით. წარმოვადგინეთ სქემა, რომელიც გარკვეულ კითხვებს ბადებს. ვფიქრობთ, რომ რადგან სხვა კომპანიების გარემოზე ზემოქმედების ზარალი დროულად განისაზღვრა, "არემჯი გოლდთან" დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინსიტრო უკვე წელიწადნახევარია თავს იკავებს და კომპანიაც რასაკვირველია, დუმს, ეჭვი გვაქვს, რომ პროცესი შეგნებულად შეიძლება ჭიანურდებოდეს, რომ ახალი კანონმდებლობით იყოს მერე მორგებული "არემჯი გოლდზე" და შემდეგ ამხელა ზარალი კი არა, კაპიკები შეიძლება გადაიხადოს. როგორც ვიცით, შეიძლება გარემოზე ზემოქმედების ზარალის დადგენის მეთოდიკა შეიცვალოს", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

საყდრისის კომიტეტის წევრები ფიქრობენ, რომ კომპანიას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა მფარველობს. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე