(Exclusive) აღმოჩნდება თუ არა ივერიის ღვთისმშობლის მონასტერი სომხეთის საკუთრებაში - საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს

17:18 09-19-2017
332

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი, ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი და არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად სექტემბრიდან აღმოჩნდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ "პრაიმტაიმს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

"საქართველო–სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულებული არ არის. გრძელდება მუშაობა სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი ნაწილის, მათ შორის ხუჯაბის მონასტერის მიმდებარე მონაკვეთის (რომელიც ასევე მოიცავს მიმდებარე ტყე-პარკს), შეთანხმების მიზნით. პროცესის დასრულება, რომელიც დაწყებულია 1995 წელს, დამოკიდებულია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევაზე და არ არის განსაზღვრული კონკრეტული თარიღი. ამდენად, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს დელიმიტაციის პროცესი სრულდება მ.წ. სექტემბრის თვეში სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ სამინისტროში. 

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მიიღო. სომხეთ-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისია კი 1994 წლიდან მუშაობს და შეხვედრები ამ დროის მაინძილზე თბილისსა და ერევანში იმართებოდა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე