"პრემიერს ნამდვილად ვერ დავეთანხმები ..."- ნიკა ჩიტაძე

11:41 09-22-2017
378

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ პრემიერის გაერო-ში სიტყვით გამოსვლა როგორც დადებით, ისე უარყოფით ტენდენციებს შეიცავდა. ამის შესახებ ჩიტაძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა. 

"რაც შეეხება დადებით ტენდენციებს, პრემიერის გამოსვალში შეიძლება აღინიშნოს ის, რომ გაერო-ს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის ანექსირების პოლიტიკას. ახალი მავთულხლართები იქნა გავლებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე იქნა გამახვიელბული ყურადღება იმ არაკონსტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ოფიციალური კრემლი ახორციელებს. დადებითი ასევე იყო ის, რომ საერთაშორიო საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, რომ საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან, აშშ-სთან, თავის წვლილი შეაქვს გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში", - აღნიშნა ჩიტაძემ.

ექსპერტი არ ეთანხმება პრემიერის იმ განცხადებებს, რაც საერთაშროისო რეიტინგებზე იქნა ყურადღება გამახვიელბული.

"რაც შეეხება უარყოფით ტენდენციებს, პრემიერს ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. თუნდაც ის ფაქტი, რომ 8 მილიონი ლარი იქნა მირებული პოლიტიკური სუბიექტების მიერ წინასაარჩევოდ შემოწირულობებიდან, და აქედან 7 ლარზე მეტი "ქართულმა ოცნებამ" მოიგო, არ არის მაჩვენებელი ეკონომიკური თავისუფლების. ასევე "რუსთავი 2"-ის, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის იმის მაჩვენებელი, რომ კარგი სასამართლო სისტემა გვაქვს. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, და ხელისუფლება თავს არიდებს პროპორციული სიის შემოღებას, კვლავ სურს 73 მაჟორიტარი გაიყვანოს, პარლამენტში კვლავ ჰქონდეს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. შესაძლებელი იყო იმაზე საუბარი პრემიერის მხრიდან, რაც ხელისუფლებას სურდა გაეკეთებინა და ვერ გააკეთა. ამის ნაცვლად, იდეალური სურათი დახატა, რაც სამწუხაროდ, რეალობას არ შეესაბამება. საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრემიერს ვეთანხმები, თუმცა შიდა პოლიტიკას, სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ პრობლემები კიდევ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ჩიტაძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, გაეროს 72-ე გენერალურ დებატებზე სიტყვით დღეს წარსდგა, პრემიერი , თავის სიტყვაში, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ეკონომიკურ რეიტინგებზე, რუსეთის აგრესიაზე,  ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანების  უფლებების დარღვევის ფაქტებსა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა.
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე