ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისია ძალაში მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას ტოვებს

21:04 09-22-2017
102

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალაში ტოვებს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ეხება რამდენიმე არასაკვანძო საკითხს. 

”ვენეციის კომისია ძალაში ტოვებს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ეხება რამდენიმე არასაკვანძო საკითხს. პირველი ეს არის, რეგიონული პარტიების აკრძალვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დონეზე უნდა იყოს აკრძალული ტერიტორიული ნიშნით პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება. ჩვენ ვიცით როგორია ქართული კონტექსტი და ბუნებრივია, შეიძლება არ იყოს ქართული კონტექსტის სათანადოდ გააზრება იოლი ისეთი ექსპერტებისთვის, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ ქართულ რეალობასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რეგიონული პარტიების შექმნა ტერიტორიული ნიშნით უნდა იყოს აკრძალული საქართველოს კონსტიტუციით.

მეორე რეკომენდაცია ეხება იმას, რომ პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში. ჩვენთვის ეს რეკომენდაციაც იყო მიუღებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აზრით, მაღალი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამორიცხვა ამ პროცესიდან. ამის გამო არ იყო გაზიარებული ეს რეკომენდაცია.

მესამე რეკომენდაცია ეხება საზოგადოებრივი გაერთიანებების ლიკვიდაციას. აქ შესაძლოა იყოს თარგმანის პრობლემა და შესაძლოა ერთმანეთში იყოს აღრეული ლიკვიდაცია და აკრძალვა და შესაძლოა ამას ეფუძნება რეკომენდაცია. ჩვენ მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი საკითხიც სათანადოდ არის მოწესრიგებული. ვენეციის კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია შეეხება რწმენის თავისუფლებას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ უნდა იყოს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით სტანდარტებს შეესაბამება ჩვენი ახალი რეგულაციები და შესაბამისად, დარჩა ძალაში ის ნორმები, რომელიც იყო წარმოდგენილი. შემდეგი საკითხი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდული აქვს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის უფლებამოსილება. ამ კუთხით ჰქონდა ვენეციის კომისიას რეკომენდაცია. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვიცით კარგად ქართული რეალობა, ქართული პრაქტიკა და ის რისკები, რომლებიც გვახსოვს უახლოესი წარსულიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შედის ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში და აქედან გამომდინარე გადაისინჯა სწორედ შესაბამისი ნორმა.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტის ზედა პალატის შემოღებას. აქაც ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. ზედა პალატის ფუნქცია ჩვენი ტიპის ქვეყანაში შესაძლოა იყოს რეგონული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 2 რეგიონი არის ოკუპირებელი, ბუნებრივია ყოველგვარ აზრს არის მოკლებული პარლამენტის ზედა პალატის არსებობა. აქედან გამომდინარე, სრულიად რაციონალურად არ იყო გაზიარებული ეს რეკომენდაცია.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა მიწის საკითხის მოწესრიგებას. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის ისეთი სახით მოწესრიგება, როგორც ეს არის მოწესრიგებული ახალი რეგულაციებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალაში ვტოვებთ მიწასთან დაკავშირებულ ნორმებს, რომლითაც იზღუდება არამოქალაქეებზე მიწის გასხვისება. არც ერთ ამ რეკომენდაციას არ აქვს საკვანძო მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის უმნიშვნელოვანეს წინგადადგული ნაბიჯი საკონსტიტუციო სისტემის კონსოლიდაციისთვის და გაუმჯობესების თვალსაზრისით.