მეც ვუერთდები ვენეციის კომისიის წუხილს - მამუკა მდინარაძე

12:34 09-23-2017
348

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ის, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო და ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც  უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

"ოპოზიციის სრული სპექტრისთვის ყველაზე პრინციპული საკითხი და მოთხოვნა, მათი თქმით, არის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება 2020 წელს. ამას გვიყვებიან ყველა საინფორმაციო გამოშვებაშიც და აპროტესტებენ ამ სისტემის 2024 წლამდე გადატანას. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა იცოდეს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილ პროექტში 2024 წლის ხსენებაც კი არ იყო და როგორც ისინი დღეს ითხოვენ, 2020 წლიდანვე გადავდიოდით პროპორციულ სისტემაზე. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ დროს დატოვა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკონსტიტუციო კომისია.

როდესაც საზოგადოების მოტყუებაზე საუბრობენ, პირველ რიგში ეს პოლიტიკური აფიორა უნდა გაიხსენონ. რაც შეეხება ამ გადავადების მიზეზებს, პირადად მეც ვუერთდები ვენეციის კომისიის წუხილს ამის  შესახებ, თუმცა ეს იყო შიდა კონსესუსის საგანი და ამავე დროს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება და იმის გარანტია, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ეს ვერ, ან არ მოახერხა ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ვერც შიდა კონსესუსით, ვერც კომპრომისზე წასვლით და ვერც გუნდის ერთიანობით. ეს მოვახერხეთ ჩვენ და შევქმენით ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, რომელშიც სწორედ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას", - აცხადებს მდინარაძე. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე