"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამ დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიები, როდესაც ხელისუფლებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევდნენ, მართლები იყვნენ.
ამის შესახებ კუკავამ "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ სჯობს ხელისუფლებამ აღიაროს, რომ ოპოზიცია მართალი იყო.
"მგონი სჯობს ხელისუფლებამ აღიაროს, რომ ყველაფერში მართალი არ არის, რადგან საბოლოო ჯამში, მართალია არასისტემურად, გაიზიარა ოპოზიციის ყველა შენიშვნა. გადაავადა მართალია 2024 წლისათვის ზოგიერთი საკითხი, მაგრამ თურმე გაირკვა, რომ ოპოზიცია რომ ითხოვდა ბარიერის შემცირებას, სწორი ყოფილა და შეამცირეს, ოპოზიცია რომ ითხოვდა ბლოკების შენარჩუნებას, თურმე სწორი ყოფილა და შეინარჩუნეს ბლოკები, თუმცა ერთჯერადად, ოპოზიცია რომ ითხოვდა პროპორციული სისტემის ამოქმედებას, ესეც აამოქმედეს, ოღონდ 2024 წლისთვის, ოპოზიცია რომ ითხოვდა ბონუსების სისტემის გაუქმებას, სწორი ყოფილა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშიც იყო ეს და გაითვალისწინეს. აღარ გადავალ ახლა არასაარჩევნო საკითხებზე ოპოზიცია რომ ითხოვდა მიწის საკუთრების საკითხს. გაირკვა, რომ ოპოზიცია ყველაფერში მართალი ყოფილა. თავიდანვე ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, ეკითხათ, კახა როგორი კონსტიტუცია მოვამზადოთო და დაეწერათ ზუსტად ისეთი, არც ვენეციის კომისია გააკრიტიკებდა, არც ქვეყნის შიგნით მოყვებოდა ამხელა ქარიშხალი. მგონი ხელისუფლებამ ოპოზიციისკენ თითის გაშვერას სჯობს აღიაროს, რომ ოპოზიციაში უკეთესი მცოდნეები აღმოვჩნდით ამ საკითხის, ვიდრე ხელისუფლებაში", - განაცხადა კუკავამ.
პოლიტიკოსი ვენეციის კომისიის დასკვნით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ მიუხედავად მცდელობებისა, ვერ მოხერხდა ვენეციის კომისიაზე ზეწოლის მოხდენა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რამდენიმე ელჩი "უსირცხვილოდ ცდილობდა კომისიის წვრების მოქრთამვას".
"ვენეციის კომისიის ყველა დასკვნა იყო ძალიან მიუკერძოებელი და მაღალი კლასის, თანმიმდევრული რაც მთავარია", - აცხადებს კუკავა.