საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი ხატიძის განცხადებით, ვენეციის კომისია მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
"წარმოდგენილი ცვლილებებით საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის და საკონსტიტუციო რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებებიც ზუსტად შეესაბამება ამ მოდელს. ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნით დადებითად არის შეფასებული პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს გაუქმება, პარლამენტის არჩევის სისტემის ცვლილება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მმართველი პარტიის ბოლო შეთავაზება, რომლის მიხედვით, 2024 წლიდან პარლამენტი სრულად პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საარჩევნო ბლოკებს და საარჩევნო ბარიერი 3% იქნება. რაც შეეხება კონსენსუსს, ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ კონსენსუსისთვის არაფერი გააკეთეს ოპოზიციურმა პარტიებმა. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობისას ჩვენი ოპონენტი პარტიებისგან არაერთი კრიტიკა ისმის ჩვენი მისამართით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მმართველი გუნდი ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე. ჩვენ ვიღებთ სწორედ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს", - აცხადებს ხატიძე.