მექსიკაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

18:42 09-23-2017
392

მექსიკაში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა independent-ი ავრცელებს. 6,2 სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ოახასას შტატში დაფიქსირდა.

CBS-ის ინფორმაციით, განმეორებითი მიწისძვრა ქვეყნის დედაქალაქშიც მოხდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, რიხტერის შკალის მიხედვით მიწისძვრის სიმძლავრე 4.1-დან 5.8-მდე მერყეობდა.

 დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსის მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ძლიერი ნგრევა გამოიწვია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 295-ს მიაღწია. მაშველები გადარჩენილთა ძებნას ამ დრომდე აგრძელებენ.

ამ თვეში ეს უკვე მესამე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად 32 წლის წინ, 1985 წლის ამავე დღეს, 19 სექტემბერს, მეხიკოში 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას მაშინ, სულ მცირე, 5000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე