დაბა წაღვერში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს

10:29 09-24-2017
106

დღეს დილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში სამმა ვერტმფრენმა მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში განაახლა. დღეს რეგიონში თურქეთიდან კიდევ ერთ ვერტმფრენს ელოდებიან.

ამ ეტაპზე წაღვერში მცირეოდენი დაკვამლიანება შეინიშნება, ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები არ ფიქსირდება.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს ისინი დილიდანაც ინტენსიურ რეჟიმშ განაგრძობენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია მაღალი გამავლობის ოცამდე მძიმე ტექნიკა, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია “თუშეთის” ვერტმფრენები, რომლებმაც გუშინ, დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხეს. ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს.