ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
„პატრიოტთა ალიანსი“ პირველ ოქტომბერს მოსკოვში მორიგ ვიზიტს გეგმავს, პარალელურად კი თბილისში საპროტესტო აქციებს მართავს, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ რუსეთთან პირდაპირი დიალოგია.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გაიმართება“, – ასეთია „პატრიოტთა ალიანსის“ გეგმები.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, სოციალური პრობლემები და საგარეო ურთიერთობები... რამდენიმეპუნქტიან მოთხოვნებში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რუსეთთან ურთიერთობების თემატიკამ, კერძოდ: 1.პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან... 2. საქართველო-ნატო-რუსეთის სამმხრივი ფორმატის შექმნა... და 3. უცხოელებზე მიწის გასხვისების სრულად აკრძალვა...
ასე გამოიყურება „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნების დიდი ნაწილი. რატომ დაემთხვა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს? რაზე ელაპარაკებიან ქართველი დეპუტატები რუს კოლეგებს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ 2017 წლის არჩევნებზე კრემლმა ფსონი სწორედ „პატრიოტთა ალიანსზე“ დადო?
ამის გარკვევა ყოფილ ექსპერტ მამუკა გვაძაბიასთან ერთად შევეცადეთ, რომელიც 2003 წელს პუტინის ხელისუფლებამ რუსეთიდან პოლიტიკური ნიშნით გამოაძევა.
მამუკა გვაძაბია, ექსპერტი:
– რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, საქართველო მისი ინტერესების სფეროში შემავალი ქვეყანა ყოფილიყო და ამ მიზნით სხვადასხვა დროს აქტიურად ქმნიდა საკუთარ სატელიტ ორგანიზაციებს. იქნებოდა ეს „ენჯეობი“ თუ პოლიტიკური ორგანიზაციები. მე წლების განმავლობაში ვცხოვრობდი რუსეთში, ვმუშაობდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, დეპუტატის თანაშემწის თანამდებობაზე და აქედან გამომდინარე, დამიგროვდა ბევრი ისეთი კულუარული ინფორმაცია, რომელიც სწორედ ამ მიმართულებას ეხება. იქ მოვხვდი ბარავოისა და ნოვოდვორსკაიას პარტიის რეკომენდაციით. ეს პარტია გახლდათ ერთადერთი დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულების ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციაში. ეს ხდებოდა ელცინის დროს, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა პუტინის რეჟიმისგან. იმ პერიოდში ქართულ სათვისტომოს არაერთი საპროტესტო აქცია გაგვიმართავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, მათ შორის „ეფესბეს“ შენობასთან. დღეს ეს წარმოუდგენელია და უახლოეს მომავალშიც ასე იქნება.
– სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა... რას გვეტყვით საქართველოში რუსეთის ინტერესებზე? ვინ არის დღეს ქართულ პოლიტიკაში რუსული ხაზის მთავარი გამტარებელი?
– სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, აქვე გეტყვით, რომ 2003 წელს გამომაძრვეს რუსეთის ფედერაციიდან, როგორც პერსონა ნონ გრატა. იმ დროიდან მოყოლებული რუსეთის საელჩომ შემიყვანა ე.წ. შავ სიაში, ახლა საელჩო აღარ არის და სიმართლე გითხრათ, არც მიცდია, გამერკვია, რა ბედი ეწია ჩემს სტატუსს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, კარგად მოგეხსენებათ, სხვადასხვა დროს როგორ ფინანსდებოდნენ რუსეთიდან ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფები. მაგალითად, იგორ გიორგაძის პარტია, ნოღაიდელის პარტია, ბურჯანაძის პარტია და სხვ. ამ ეტაპზე მოსკოვში ყველაზე პერსპექტიულად უყურებენ სწორედ ე.წ. „პატრიოტთა ალიანსს“. ეგრეთ წოდებული იმიტომ, რომ ჩემი აღქმით, ამ პარტიას პატრიოტიზმთან საერთო არაფერი აქვს.
– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– იცით ამ პარტიის ვოიაჟები რუსეთის ფედერაციაში. როგორც ცნობილია, მორიგი ვიზიტი აქვთ დაგეგმილი რამდენიმე დღეში. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებების მთავარი საგანი გახლავთ ფინანსების მოძიება, ანუ რუსული ფულით მათი პოლიტიკური აქტივობების დაფინანსება. ცხადია, რუსეთი ისე ფულს არავის მისცემს, თუ სარგებელი არ ნახა. მათ საქმით უნდა დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ ამ დაფინანსებას.
– ანუ თქვენი ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსს“ პირდაპირ კრემლი აფინანსებს? გადაჭარბებული ხომ არ არის?
– რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან არსებობს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც პუტინის უახლოესი გარემოცვით არის დაკომპლექტებული. მათ უშუალო მოვალეობაში შედის იმ კომპანიებისა და ბიზნესმენების შესახებ ინფორმაციის შეკრება, რომელთა წლიური ბრუნვაც 100 000 დოლარს აჭარბებს. აქედან ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირი, განსაკუთრებით უცხოური წარმოშობის, კონტროლქვეშ არის აყვანილი და ცხადია, მათ შორის არიან ქართული წარმოშობის ბიზნესმენები, მილიონერები. სწორედ ამ ადამიანების „კისერზე“ გადადის პრორუსული პარტიების დაფინანსება საქართველოში. მათ ნაწილს შეიძლება ძალიანაც არ უნდა პოლიტიკაში და მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში ფულის გადაყრა, მაგრამ ფინანსური მონიტორინგის სამსახური, უშიშროებასთან შეთანხმებით, მათ სთხოვს, რომ ეს ფინანსები გაიღონ. ამ ბიზნესმენების ნაწილი საკმაოდ დაახლოებულია პირადად ვლადიმერ პუტინთან და ზოგი სიხარულითაც კი აფინანსებს ასეთ პროექტებს. სწორედ ამ სქემით ხდებოდა და ხდება საქართველოში რუსული ფულის შემოდინება და აქ, ადგილზე პრორუსული განწყობების გაღვივება.
– და უშუალოდ „პატრიოტთა ალიანსს“ რომელიმე ასეთ ბიზნესმენთან აქვს კავშირი? ოფიციალური ინფორმაციით, მათ მხოლოდ პოლიტიკურ წრეებთან გამართეს მოლაპარაკებები და იგივე დონის შეხვედრები აქვთ დაგეგმილი ოქტომბრის დასაწყისშიც...
– ჩემი ინფორმაციით, ე.წ. „პატრიოტებს“ რამდენიმე ასეთი ბიზნესმენი შეახვედრეს. მათ მიიღეს დაფინანსებაზე დაპირება და, ალბათ, საბოლოო დეტალები მომდევნო ვიზიტზე გაირკვევა, სამაგიეროდ უნდა გაააქტიურონ თავიანთი მუშაობა ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად. თქვენ ნახავთ, რომ მალე „პატრიოტთა ალიანსის“ რიტორიკა კიდევ უფრო რადიკალური გახდება დასავლეთისა და ევროსტრუქტურების მიმართ. ამ პროექტის მიზანია გადატეხონ საზოგადოებრივი აზრი პრორუსული განწყობების სასარგებლოდ. ჩემი ინფორმაციით, ამ საქმეს კურირებს პუტინის არაოფიციალური მრჩეველი, მისი კურსელი ვინმე შამათავა. ის წარმოშობით აფხაზია და როგორც ჩემი წყარო მეუბნება, პირდაპირი კონტაქტი აქვს ადა მარშანიასთან.
– გინდათ თქვათ, რომ ადა მარშანიას დონეზე წყდება ასეთი საკითხები?
– ქალბატონი ადა გახლავთ ამ პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი. ის თავის დროზე იყო აფხაზეთის დეპუტაციაში, მისთვის არც შამათავას პიროვნებაა უცხო და არც მისი ფინანსები. თუ ადა მარშანიას სურს პირდაპირი დიალოგი, შეუძლია მოსკოვშიც ჩავიდეს და სოხუმშიც, დარწმუნებული ვარ, მას იქაც სიხარულით შეხვდებიან მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები.
– ისინი ამბობენ, რომ შეხვედრების მიზანი სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც, მათი აზრით, რუსეთის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია...
– კი, ბატონო, და ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებას ტერიტორიულ მთლიანობაზე? კალაშნიკოვთან? კალაშნიკოვი არის უკიდურესად რეაქციული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი. რატომ მაინცდამაინც კალაშნიკოვი? იმიტომ რომ სწორედ ის კურირებს პოსტსაბჭოთა სივრცეში მსგავსი პროექტების განხორციელებას. პატრიოტთა ალიანსის წევრებმა განაცხადეს, რომ კალაშნიკოვი გახლდათ მოლდოვაში რეინტეგრაციის პროცესის ავტორი და შესაძლოა საქართველოს ინტეგრაციასაც შეუწყოს ხელიო. ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, კალაშნიკოვი ხელს უწყობდა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატის გამარჯვებას. საბედნიეროდ, იქ შეზღუდულია საპრეზიდენტო უფლებამოსილება და პრორუსული პრეზიდენტი პოლიტიკურ ამინდს დიდად ვერ ქმნის, თუმცა კალაშნიკოვი მოლდოვაში სწორედ მის დასახმარებლად, საგანგებოდ იყო მივლენილი. სრულიად დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების მიზნებში – ახლა მიმდინარეობს გამალებული მუშაობა რუსული ფულის შემოსატანად, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. შემთხვევითი არ არის მათ მიერ დაწყებული საპროტესტო აქციები. გადახედეთ მათ მოთხოვნებს, პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებით გამოდიან.
– კონკრეტულად?
– მაგალითად, გამოაცხადეს შიმშილობა და ერთ-ერთი მოთხოვნა არის ის, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. რაზე უნდა ველაპარაკოთ რუსეთს ოკუპაციის პირობებში? ფულზე? თუ მთელი ქვეყნის ჩაბარებაზე? ასევე, ითხოვენ საქართველო-ნატოს მოლაპარაკებებში რუსეთის შემოყვანას მაშინ, როცა თავად ნატოს წევრ ქვეყნებს არაერთხელ აქვთ გაცხადებული, რომ ორგანიზაციის შემდგომი გაფართოება ეხება მხოლოდ კანდიდატ ქვეყანას და თავად ამ ორგანიზაციას, იქ მესამე ძალას არაფერი ესაქმება. და როგორ წარმოუდგენიათ „პატრიოტებს“, რუსეთი თუ შემოვა ამ ფორმატში, ის ხელს შეუწყობს ჩვენს ევროინტეგრაციას? პირიქით, ეს ფორმატი მოფიქრებულია იმისთვის, რომ საბოლოოდ დასამარდეს ქვეყნის ევროპული არჩევანი.
– „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ თქვენი დამოკიდებულება გასაგებია... სხვა პრორუსულ ძალებს ვის ხედავთ ქართულ პოლიტიკაში?
– ნუ, ნინო ბურჯანაძეზე აღარ შევჩერდები. ამას, მგონი, თავადაც აღარ უარყოფს, თუმცა აქვე მინდა გითხრათ იმ რბილი ძალების შესახებ, რომლებიც ირიბად ფინანსდებიან რუსეთისგან. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, გაურკვეველი გერმანული ფონდებიდან ხდება ფულის შემოდინება პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს არის რუსული ფული, რომელიც აკუმულირდება გერმანულ ფონდებში. მათ შორის დაფინანსებას იღებენ „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებიც, რომელთაც აქვთ ანალოგიური დავალება, რომ გამართონ აქციები, დაიწყონ შიმშილობა სწორედ იმ მოთხოვნებით, რომელიც სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მარშების გამართვა, ზოგადად, რუსი ნაციონალისტების ხელწერაა. ფორმაც და სახელწოდებაც კი უნიჭოდ გადმოაკოპირეს ჩვენთან.
– როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვთ პრორუსულ ძალებს თუნდაც 2017 წლის არჩევნებზე?
– საბედნიეროდ, მათი შანსები არის ძალიან დაბალი და რუსული ფული კიდევ ერთხელ აღმოჩნდება წყალში გადაყრილი. ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ სწორედ რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური გაერთიანებაა, ამაზე მათი საარჩევნო სიაც მიუთითებს. როგორც ცნობილი გახდა, პარტიის თბილისის საკრებულოს არჩევნების სიის მეორე ნომერი გახდა ფრიდონ ინჯია და სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია... ვინ არის ინჯია? თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ეს ადამიანი გახლავთ რუსეთის მხარდაჭერით 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოში მომხდარი სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი. ის კურირებდა პუტჩისტების კავშირგაბმულობის საკითხებს, რაც მას შემდგომში დაუფასდა კიდეც... მე მქონდა საშუალება, მისთვის პირადად ჩამომერთმია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ის ფიქსირდებოდა, როგორც ე. წ. დროებითი მთავრობის კავშირგაბმულობის მინისტრი და რომელსაც ხელს აწერდნენ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი... ასეთი ოდიოზური ვაიბიზნესმენის მოხვედრა ე.წ. პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიაში შემთხვევითი არ არის. აქ იკრიბება ანტიდასავლურად განწყობილი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პირდაპირ და ირიბად გამოხატავენ რუსეთის იმპერიის ინტერესებს.