მას მერე, რაც შალვა ნათელაშვილმა გიორგი გუგავა მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა, სოციალური ქსელი ახალი კანდიდატის ფოტოშარჟებით, ვიდეოქოლბებითა და ფეისბუკსტატუსებით გაივსო. ლეიბორისტების მერობის კანდიდატმა ზალიკო ბერგერი და მისი სიმთვრალე უმალ დაავიწყა საზოგადოებას. „გუგავა მოვა“ – იმედისმომცემი ფრაზა გახდა ყველასთვის.
ჰოდა, მანამ სანამ გუგავა მოვა, „პრაიმტაიმი“ ესტუმრა მას და აპოლიტიკური კითხვები დაუსვა. მაშ ასე, გავიგოთ ცოტაოდენი პირადი გიორგი გუგავაზე.
– დავიბადე იქ, სადაც...
– სადაც ქარიშხალი არ იყო.
– ბავშვობიდან მიკრძალავდნენ...
– არ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომელიც აკრძალვებს საჭიროებდა... რასაც ვაშავებდი, ამას არც ვაგებინებდი მშობლებს. ვვარჯიშობდი, ფეხბურთზე დავდიოდი. არ ვსვამდი, არ ვეწეოდი. პირველად, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ დავთვერი, ბანკეტზე. რასაც ჰქვია, ოთხით მიმიტანეს სახლში. მერე რაც მოხდა, ამას ვერ მოგიყვებით (იცინის).
– ყოველთვის მეწერა თვალებში...
– როგორ გითხრათ, თვალებს მხოლოდ სარკეში ვხედავ...
– რას ხედავთ სარკეში?
– არც ისე ურიგო კაცს. არც ისეთი წამხდარი ვარ (იღიმება).
– არასდროს მიკამათია...
– თავდაჯერებულ იდიოტთან. ეს სიბრიყვეა. იდიოტი უნდა იყო თავადაც, რომ საინტერესო გამოვიდეს, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს.
– ყველაზე დიდი სიხარული...
– პირველი შვილის დაბადება. განუმეორებელი შეგრძნებაა, როცა აცნობიერებ, რომ მამა ხარ.
– როცა სადილი არ მხვდება მზად...
– მტერს და ავს. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცების გული კუჭზე გადის (იცინის).
– საოჯახო საქმეებიდან ვიცი...
– გამომიცვლია ნათურა, ელექტროჩამრთველიც.
– ქალის საქმეებიდან არაფერი გამოგდით?
– როცა მჭირდება, ვახერხებ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტუდენტობის პერიოდში თავად ვუვლიდი საკუთარ თავს, ყველაფერიც გამომდის. ჭურჭელიც გამირეცხავს, სახლიც დამილაგებია და პერანგებიც გამიუთოებია. მაგრამ დიდად შეყვარებული არ გახლავართ ქალის საქმეებზე, ვერ მოვიწონებ თავს.
– არასდროს მიჭამია...
– ლოკოკინა, მიდია, გველი, ბაყაყი... მინდია არ ვარ, გველის ხორცი ვჭამო იმისთვის, რომ გონება გამეხსნას (იცინი).
– როცა ცოლ-შვილი აგარაკზეა...
– ვაკეთებ ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე... პირველად რომ წავიდნენ, ტელეფონით ვისწავლე, როგორ ჩამერთო სარეცხი მანქანა. ერთხელ უთოც დამრჩა ჩართული. სახლში რომ მივედი, დამწვრის სუნი იდგა. საბედნიეროდ, გადავრჩით.
– ვეჭვიანობ, როცა...
– მთლად თავისუფალი არ ვარ ეჭვიანობისგან. ეს, ალბათ, სიყვარულის ნიშანია, მაგრამ არც ოტელო არ გახლავართ.
– ყველაზე დიდი რელაქსი...
– ლიტერატურა...
– ეს მერობის კანდიდატის პასუხი იყო.
– არა, ეს გულწრფელი პასუხი იყო. საოცრებაა, სხვა სამყაროში გადადიხარ, სულების გადასახლება ხდება.
– გართობის საუკეთესო საშუალება...
– გართობისთვის დრო ცოტა მაქვს. ძალიან ვიწრო წრეში, ძალიან ახლო ადამიანებთან ერთად სუფრაზე ყოფნა მიყვარს. როცა თავისუფალი ხარ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
– კარგი თამადა ხართ?
– ასე ამბობენ. ყანწიც დამილევია. სადღეგრძელოების წიგნი არ მაქვს. ვცდილობ, შემოქმედებითად მივუდგე ამ საკითხს. მძიმე ტვირთია, სიმართლე გითხრათ, სუფრის რიგითი წევრობა მირჩევნია.
– როცა სინათლე ქრება?
– პირველი, რაც აღმომხდება, ეს დასაწერად არ ღირს (იღიმება).
– არ გირეკავენ?
– კი, მოუწერიათ... ცნობილი სლოგანის შემდეგ ელექტროენერგიის ან წყლის შეწყვეტის შემთხვევაში მწერენ, ხომ არ მოხვალო. მეტსაც გეტყვით. მე საერთოდ ძილისგუდა ვარ, გვიან ვიღვიძებ. დილაადრიან დამირეკა ვიღაცამ და მეუბნება, კბილი მტკივა და მოხვალო? ძალიან გტკივა-მეთქი, ვკითხე. კიო, დამიდასტურა. მაშინ ჯობია ექიმი მოვიდეს, ჩემს მოსვლა აზი არ აქვს-მეთქი, დავარიგე.
– ამ სლოგანის მერე, ალბათ, ბევრი გამოხმაურება გქონდათ, ყველაზე უცნაურ ზარზე მიამბეთ...
– სულ უცნაური ზარებია, ჯოკერს ვთამაშობთ და მეოთხე გვაკლდება, მოდი; ლუდს ვსვამთ და მოდი; საგანი ვერ ავირჩიე და მოდი; შეყვარებულს დავშორდი და მოდი (იცინის), რომელი ერთი გითხრათ...
– ასეთი წარდგენა თავიდანვე განსაზღვრული იყო?
– არა, შალვა არასდროს წერს წინასწარ ტექსტს. ეს სპონტანურად თქვა. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გამოხმაურება იქნებოდა. როცა საზოგადო მოღვაწე ხარ, თმენის ვალდებულება გაქვს. ასე რომ, პატარა კბენაც უნდა მოითმინო. საუკეთესო მეთოდია, ცივ წყალს დალევ და გრილდები (იცინის).
– თქვენი მეუღლე არ ხუმრობს ამ თემაზე?
– კი, ბოლო დროს ამ ტექსტით მირეკავს ცოლი, – ყველგან მივიდა და სახლში როდის მოვა გუგავაო. მშვენივრად ვერთობით. რაც მთავარია, აგრესიული არაფერი წამიკითხავს ამ სლოგანთან დაკავშირებით.
– როცა ლამაზ ქალს ვხედავ...
– ესთეტიკურ სიამოვნებას ვიღებ.
– თვალს არ აყოლებთ?
– რა თქმა უნდა. მიდგას ამ ცოდვაში ფეხი.
– მეუღლის თანდასწრებითაც?
– არა, მისი თანდასწრებით ვცდილობ, თავი შევიკავო.
– ლეგალიზაცია მარიხუანის თუ ბორდელების?
– არცერთის.
– არასდროს მოვიყვანდი ცოლად...
– ავ ქალს. თავად ჯუჯღუნა ვარ და ერთად არ გამოვიდოდა ავი და ჯუჯღუნა.
– ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკოსი.
– (ფიქრობს) ხედავთ რამდენი ფიქრი დამჭირდა (იცინის)? ყველა ქალს თავისი ხიბლი აქვს. ეს უნდა დაინახო, ამის ნიჭი უნდა გქონდეს. ულამაზო ქალი არ არსებობს. არსებობენ უნიჭო მამაკაცები.
– ბოლო დროს ჩემი ფიქრები...
– სევდიანია. სენტიმენტალური გავხდი, მინორული. 5 წლის წინათ მამა გარდამეცვალა. სანამ მშობლები გყავს, ბავშვად გრძნობ თავს. ამას მოჰყვა სტრესი, სევდა და შემომეპარა სენტიმენტები. როგორც გოდერძი ჩოხელი ამბობდა, ცხოვრება სევდაა.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“