პრეზიდენტი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ სპექტრს კონსულტაციის გამართვას სთავაზობს

15:24 09-27-2017
141

საქართველოს პრეზიდენტი ,,ქართულ ოცნებასა" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში იყო ჩართული, ხვალ 16:00-ზე კონსულტაციას სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ,,,ქართული ოცნების" თხოვნის საფუძველზე მიიღო.

"საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის განმავლობაში, პრობლემებზე მუშაობდა და მიანიშნებდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ისე მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობოები, ვენეციის კომისია. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად ქართულ ოცნებასა და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, ხვალ 16:00-ზე სთავაზობს კონსულტაციების გამართვას პრეზიდენტის სასახლეში",- განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს შეთავაზებით მიმართა, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტო გამოიყენოს და მხოლოდ ის შენიშვნები ასახოს, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.