ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
საარჩევნო რინგზე „საინტერესო თამაშს“ ვერც ზაალ უდუმაშვილი აჩვენებს და ვერც ელენე ხოშტარია. ალეკო ელისაშვილი ელექტორატზე აშკარად უფრო მეტ შთაბეჭდილებას ახდენს. როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყოფასა და ერთმანეთთან კამათში დროც დაკარგა, ამომრჩეველიც და ახლა კამპანიასაც აგებს. ალბათ, არსებობს სამი მიზეზი, რატომაც ისინი მარათონზე ვერც სიჩქარეს კრეფენ და ვერც პიარსვლებით ძლიერდებიან.
პირველი: სანამ ნაციონალები ერთმანეთს ჯერ პარტიას, შემდეგ – პოლიტიკურ ლიდერებს, მოგვიანებით კი ფინანსებს ედავებოდნენ – ვინ სააკაშვილში დაინახა უცებ პრობლემა და მასში ბელადი შეიცნო, ვინ კეზერაშვილს შეხედა სულ სხვა თვალით და მიხვდა, რომ ის ყაჩაღი და კორუმპირებულია, სანამ ქონება გაიყვეს და სანამ გადათვალეს, ვინ ვის მხარეზე იყო, მანამ ალეკო ელისაშვილი აქტიურად ჩნდებოდა სხვადასხვა აქციებზე. ისე ჩანდა, რომ ებრძოდა კორუფციას, უსამართლობას, გამოდიოდა ხეების მოჭრის წინააღმდეგ, აპროტესტებდა უსისტემო მშენებლობებს – ერთი სიტყვით, საქმით იყო დაკავებული და როგორც ჩანს, თბილისელებმაც ის სწორედ ასეთად აღიქვეს.
მეორე: საარჩევნო რინგი ალეკო ელისაშვილისთვის უცხო სულაც არ არის. თბილისის ყველა ქუჩა მისთვის ცნობილია, ისევე როგორც პრობლემა, საკრებულო, მისი კულუარები და ლაბირინთებიც კი.
მაშინ როცა ზაალ უდუმაშვილსა და ელენე ხოშტარიას ბევრწილად გარკვევა და დაკვალიანება დასჭირდათ. ელენე მაინც საპარლამენტო თემებზე იყო ფოკუსირებული, ზალიკო კი ამ თამაშებისგან საერთოდაც შორს იდგა.
მესამე: ალეკო ელისაშვილს მათთან კონკურენცია სულაც არ გასჭირვებია. ის ბუნებრივი ჩანს და ექსპერტების შეფასებით, გულწრფელადაც გამოიყურება – ცხარობს თუ ჩხუბობს, ის საკუთარ შინაგან განწყობებს აჩვენებს.
ელენე უდავოდ ძლიერი ქალია, თუმცა აგრესია მას უხეშსა და გაუგებარს ხდის. უდუმაშვილი კი, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ სიმშვიდესა და აკადემიურობას ასხივებდა, ახლა ცდილობს, არა უბრალოდ მებრძოლი გახდეს, არამედ გმირის როლიც მოირგოს, თუმცა, „პოლიტიკური მაჩოს“ ტიტული მასზე საერთოდ არ მიდის.
და კიდევ ერთი, ძირითადმა პარტიებმა კონსტიტუციაზე უფრო მეტი ფოკუსირება მოახდინეს. შემთხვევითი არ იყო, რომ საგანგებო სხდომაზე, სადაც პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით უყრიდა კენჭს, სწორედ ელენე ხოშტარიამ თქვა პირველმა: ჩვენ პროტესტის ნიშნად დარბაზს ვტოვებთო. „ევროპულმა საქართველომ“ ამით მერობის საკუთარი კანდიდატი კიდევ ერთხელ გააპიარა.
ნაციონალების მერობის კანდიდატი სხდომათა დარბაზში ვერ იქნებოდა – უდუმაშვილი დეპუტატი არ არის – თორემ შესაძლოა, ნაცებსა და ევროპულ საქართველოს შორის პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება დასწრებაზეც ყოფილიყო. და რადგან უდუმაშვილი დარბაზში არ იყო, ნაციონალები კონსტიტუციაზე დებატებს ევროპელებზე გვიან გამოეთიშნენ.
აღმოჩნდა, რომ თბილისელებს კონსტიტუციაზე მეტად მოჭრილი ხეები, საცობები, უჰაერობა და სხვა თბილისური პრობლემები აწუხებთ. ამიტომაც ის, რომ უდუმაშვილი და ხოშტარია საკრებულოში შევარდნენ, ჩემთვის მხოლოდ მათი სისუსტის ნიშანი იყო.
უდუმაშვილის მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობა ნაციონალებისთვის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნებაა, ამიტომაც მისთვის ღირსების საკითხი გამარჯვება კი არ არის, არამედ მეორე ადგილზე გასვლაა. ელენე ხოშტარიას უკან კი იმდენად ამბიციური ფიგურები დგანან, რომლებსაც ჰაერივით სჭირდებათ, ნაცებს დაუმტკიცონ, რომ მათ მიშას გარეშეც „დიდი ფასი აქვთ“.
ასე რომ, ოპოზიციას შორის კონკურენცია მძაფრდება. უდუმაშვილი და ხოშტარია გრძნობენ, რომ აგებენ. ისინი ტაქტიკას ცვლიან და ალეკო ელისაშვილის „მოედანზე“ შედიან. შესაძლოა, სწორედ ასე აღიქვა თავად ელისაშვილმა საკრებულოს დარბაზში შეჭრილი ელენე ხოშტარია და მყვირალა უდუმაშვილი. საინტერესოა, რას ფიქრობენ ექსპერტები. „პრაიმტაიმი“ არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა:
– კლასიკური წინასაარჩევნო კამპანია და პოლიტიკური მარკეტინგი უნდა იყოს აგებული კონკურენტების სისუსტეებზე და შენი საკუთარი უპირატესობების ჩვენებაზე. ეს არის ძირითადი ფორმულა კლასიკური წინასაარჩევნო კამპანიისა. მაგრამ ჩვენ ბევრი ტიპის კრიზისი გვაქვს, ამიტომაც უპირატესობების შეთავაზება ძალიან ჭირს, ყველაზე მეტად ადვილდება ოპონენტის სისუსტის ჩვენება.
წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით, გასაგებია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება არიან ოპონენტები და კონკურენტი მხარეები, მაგრამ შიდასაკონკურენციო სივრცე თავად ოპოზიციის შიგნითაც არსებობს. ამას უფრო ნაკლებად გრძნობენ და შეცდომასაც უშვებენ – ხშირ შემთხვევაში კონკურენტად მმართველ ძალას განიხილავენ ხოლმე და არა ერთმანეთს. მეორე შეცდომა არის ის, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის წინააღმდეგ მართული კამპანია არც ისე ეფექტურია.
როდესაც ოპოზიცია აქცენტს აკეთებს უფრო ამორფულ გარე შრეებზე, ჩემი აზრით, სინამდვილეში უფრო მეტ შეცდომას უშვებს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ყოფილი პრემიერის შემთხვევაში არ არის ისეთი დიდი ნეგატივი, როგორიც იყო შევარდნაძის ან სააკაშვილის შემთხვევაში, ამიტომ ეს ფაქტორი ნაკლებად მოქმედებს. მეორე მხრივ, თუ კარგად გაზომავენ ამომრჩევლის მაჯისცემას, ნახავენ, რომ ელექტორატის დიდი ნაწილი მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკის რეჟიმშია, მაგრამ ის უფრო აპათიურია.
რატომღაც ოპოზიცია ფიქრობს, რომ ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთონ ამორფულად, დაემუქრონ ივანიშვილს, როგორც ყოფილ პრემიერს. როგორც ჩანს, მაინც მას აღიარებენ კონკურენტად.
გასაგებია, რომ რადიკალური ოპოზიციის ელექტორატი არის, ასევე, რადიკალური ნეგატივით განწყობილი, მაგრამ მუდამ ამ განწყობებზე თამაშით ისინი სულ ერთსა და იმავე გზას ტკეპნიან და ერთსა და იმავე ამომრჩეველს იღებენ.
ოპოზიციას ახალი ბაზარი სჭირდება, ახალი ამომრჩეველი და არა იმ ძველზე „თამაში“, რომელიც მათ ისედაც ხმას აძლევს. ახალ მომხმარებელს რადიკალური ნეგატივით ვერ იღებენ – საზოგადოებაში რადიკალური მუხტი არ არსებობს. პირიქით, როდესაც ოპოზიცია რადიკალური ღონისძიებებით გამოდის იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის საზოგადოების პოზიციას ეთანხმება – მაგალითად, ლარი დავარდა და აქ საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ მტკიცედ უარყოფითი და კრიტიკულია – ვერ ახერხებს პოზიციურ თანხმობაში მყოფი მოქალაქეები ელექტორატად აქციოს.
და კიდევ უფრო შორს არიან ამ მიზნისგან, როცა რაღაც ბუნდოვნად მოჩანს ან საერთოდ საკამათოა. საკამათოა ის, რომ ერთ ლარად შეძენილი ქონება ივანიშვილის პირადი საკუთრება ხდება, თუ საერთო საზოგადოებრივ სივრცეში რჩება... ისევე როგორც საკონცერტო დარბაზზე ატყდა ხმაური და საბოლოოდ ეს დარბაზი მისი პირადი საკუთრება კი არ არის, არამედ საერთო საზოგადოებრივი მოხმარების საგანია. ასეთ სადავო საკითხებზე ასეთი აგრესიის გამოვლენით, საერთო ჯამში, ვერ შეძლებენ ელექტორატის მოზიდვას...
ყურადღება მივაქციე, რომ ალეკო ელისაშვილი საკრებულოში მშვიდად იჯდა. ოპოზიციის ლიდერებს არ შეუერთდა ქმედებებში. ალტერნატიული გზა იპოვა, სრული სიმშვიდით იჯდა და მერე გააკეთა სრულიად მტკიცე განცხადებები. ამიტომაც, ის უფრო დაუახლოვდა ამომრჩევლების პათოსს.
მთავარი პათოსი კი რა არის? იყოს ცვლილება, მაგრამ არ იყოს რევოლუცია. არ მოსწონს ხელისუფლება, სხვა უნდა, მაგრამ არა აჯანყებით ან ომით.
– საკრებულოში შევარდნა მაინც რამდენად უკავშირდება შიდაკონკურენციულ პროცესს? მგონი, უდუმაშვილმა და ხოშტარიამ იციან, რომ ისინი ელისაშვილს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან...
– მათი ძირითადი კონკურენტი ნამდვილად არის ელისაშვილი და არა კალაძე. ბრძოლა მიდის მეორე ტურისთვის და მეორე ტურში გასვლისთვის. საერთო ჯამში, ელისაშვილს მზარდი რეიტინგი აქვს. იყო მცდელობა, რომ ელისაშვილის მომხმარებელი გადმოექაჩათ თავისკენ. მაგრამ პირიქით უფრო მოხდა. ელისაშვილმა უფრო ისარგებლა ამ ვითარებაში. მან აჩვენა, რომ ის არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომ ის არ არის დესტრუქციული, არ აპირებს არსად შევარდნას.
– ზოროს სახე ვნახოთ... ყოველთვის მაღალრეიტინგული წამყვანი იყო და ბევრწილად მაყურებელს სწორედ მისი სიმშვიდე და აკადემიურობა მოსწონდა. პოლიტიკაში ის აგრესიული ხდება... აქ ცოტა აცდენა ხომ არ არის?
– ...ზოროს გმირი არის აბსოლუტურად პოზიტიური. ნაკლებს ლაპარაკობს, მეტს აკეთებს. ჩნდება საჭირო ადგილას საჭირო შედეგის მიღწევით. ასეთია მისი გმირი. რაც შეეხება უდუმაშვილს, მას ძალიან ბევრი რესურსი აქვს: დახვეწილი მანერები, დახვეწილი ვიზუალი, მაღალი ცნობადობა, აკადემიურობა, ინტელექტუალური ბეგრაუნდი. მისი სიტყვაძუნწობა მას უფრო ეფექტურს გახდიდა – იტყოდა რაღაცას კონცეპტუალურს მხოლოდ და ამით უფრო შემდგარად ჩათვლიდნენ. თუმცა, მის გარშემო არსებული პიარსპეციალისტები უშვებენ შეცდომას – უდუმაშვილისგან ცდილობენ შექმნან ხელოვნური და სხვა ტიპის პერსონაჟი, რომელიც უდუმაშვილის რეალურ უპირატესობებზე კი არ არის აგებული, არამედ აგებულია მის სისუსტეებზე, რაც მას არ აქვს, იმ უნარების გამოხატვას თხოვენ.
ელენე ხოშტარიასაც დიდი შესაძლებლობები აქვს. თუმცა, როგორც კი ცდილობენ, საკუთარი უპირატესობების გამოვლენის ზონას გასცდნენ, მაშინვე ხდებიან ხელოვნურები. იმიტომ რომ ახსოვთ, რაღაც ჩოჩქოლით თავის დროზე იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლის წიაღშიც ისინი იშვნენ, რაღაც წარმატებას მიაღწიეს.
ელისაშვილს უფრო ნაკლები უპირატესობები გააჩნია. მას არ აქვს არც კალაძისთვის დამახასიათებელი წარმატებები, არც უდუმაშვილისთვის დამახასიათებელი აკადემიურობა და არც ელენესავით კვალიფიციურია. არცერთი უპირატესობა ელისაშვილს არ გააჩნია. მაგრამ ელისაშვილის ფსიქოტიპი და პერსონაჟი – რასაც ის დღეს ქმნის – ერთმანეთთან დაახლოებულია.
სხვები ხელოვნური პროდუქტები არიან, როდესაც უყურებ და, მაგალითად, ფიქრობ, ეს თვალი მთის ბროლია თუ ჩვეულებრივი შუშა. როცა არ იცი და ვერ ამჩნევ, რას ყიდულობ, მაშინ წახვალ და სხვაგან იყიდი, რომ უფრო დარწმუნებული იყო.