ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა - ,,მე არ დამიგეგმავს, მე არ განმიხორციელებია"...

13:29 10-02-2017
183

,,ეს არის ჩემი ამ შენობაში ბოლო პრესკონფერენცია. მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს", - ეს განცხადება თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ესმის რომ სამი კვირით ადრე საკრებულოს დატოვება არასერიოზულად აღიქმება, თუმცა ეს გადაწყვეტილება იმ დაუგეგმავმა მოვლენებმა გამოიწვია, რომელიც თბილისის საკრებულოში 29 სექტემბერს განვითარდა. 

,, აქ ამ შენობაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, შეუძლებელია აქ სამსახურში სიარული, სხდომებსა და კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის შეურაცხმყოფელი. 29 სექტემბერს საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო. დაჩქარებულად, ფაცი-ფუცით, ყოველგვარი განხილვის გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს ყველაფერზე ბეჭედი დაურტყა. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამას დაერთო საკრებულოს თავმჯდომარის საქციელი, როდესაც მან პოლიციური რაზმები გამოიძახა, ნაცვლად იმისა, რომ მოსაზრების მქონე ოპონენტებისთვის დაეთმო ტრიბუნა.  მესმის, რომ ამ საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე სამი კვირით ადრე ჩემ მიერ საკრებულოს დატოვება, შეიძლება არასერიოზულად ჩანდეს, მაგრამ მე არ დამიგეგმავს, მე არ განმიხორციელებია, ეს საკრებულოსთვის შეთავაზებული ჩემი კალენდარი არ იყო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მერობის კანდიდატის თქმით, ეს არის მისი რეაქცია მომხდარ მოვლენაზე, რომელიც მისივე თქმით, მას არ დაუგეგმავს.